დანა პირს არ უხსნიდა ზვიად სიჭინავას. ენაწყლიანობით გამორჩეულ სფფ-ის პრეზიდენტს მატჩის შესახებ კომენტარი რომ ვთხოვეთ, გვიპასუხა, სათქმელი არაფერი მაქვსო და გასაუბრებას მეორე დღისთვის შეგვპირდა. მის ხასიათზე
მარცხის მიუხედავად, “ბლუმფილდზე” შეკრებილმა რამდენიმე ასეულმა ქართველმა ქომაგმა ბიჭები ტაშით გააცილა. თავის მხრივ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა მათ ერთგული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და არც ფოტოების გადაღებას და ავტოგრაფებს დაზარდნენ. რამდენიმე გულშემატკივარს სხვებზე მეტად გაუმართლა და ნაკრების მაისურა შეხვდა.
ქართველები წმინდა მიწაზე
გუშინწინდელი ღამე მთელმა ნაკრებმა სასტუმროში გაათენა, დილიდან კი ლეგიონერები აეროპორტისკენ გაეშურნენ და საკუთარი კლუბებისკენ აიღეს გეზი. ხოლო თელ-ავივი-თბილისის საღამოს რეისის მგზავრებმა, ანუ ფედერაციის თანამშრომლებმა, ნაკრების პერსონალმა და ქართულ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებმა იერუსალიმს მიაშურეს. წმინდა ადგილები ქართველმა ჟურნალისტებმა გიორგი დარასელიას დახმარებით მანამდე მოვინახულეთ.
მან და მისმა ვაჟმა, უმცროსმა გიორგიმ მხოლოდ იერუსალიმი კი არა, ლამის მთელი ისრაელი მოგვატარეს, გვაჩვენეს ქვეყნის ისტორიული და თანამედროვე ღირსშესანიშნაობები. დიდი დრო დავყავით ჰაიფაში, სადაც “მაქაბის” ინფრასტრუქტურამ აღგვაფრთოვანა. თუმცა ამაზე მოგვიანებით გიამბობთ...
მზვერავობა დარასელიამ ითავა
ხმამაღლა ამის შესახებ არაფერი უთქვამთ, მაგრამ თურმე ებრაელი ჟურნალისტები თემურ ქეცბაიაზე განაწყენებულები ყოფილან. მიზეზი ისაა, რომ მატჩის წინა დღეს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციის ჩატარებაზე უარი თქვა. თამაშამდე ეს ამბავი ადგილობრივი სპორტული მედიის მთავარი თემა ყოფილა.
თავის მხრივ, მიზეზი ქეცბაიას უარსაც ჰქონდა - თურმე ებრაელებს ჩვენი სამწვრთნელო შტაბისთვის 26 მარტს გამართული ისრაელი-ლატვიის მატჩის ვიდეოჩანაწერი არ მიუწოდებიათ. სხვა საქმეა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ შეხვედრაზე საკუთარ წარმომადგენელს მიავლენდა.
მოკლედ, ასე დარჩნენ ჩვენი ებრაელი კოლეგები მატჩამდელიპრესკონფერენციის გარეშე, ხოლო ქეცბაია ზემოთ ხსენებული მატჩის ჩანაწერის გარეშე მაინც არ დარჩა - ალბათ უკვე მიხვდით, რომ დისკი მას დარასელიამ მიაწოდა.
როცა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ქეცბაიას უარის მიზეზი ჰკითხეს, მან უპასუხა, პრესკონფერენციის ჩატარებაზე ვალდებული მხოლოდ თამაშის შემდეგ ვარ და მკითხეთ, რაც გნებავთო.
ლევიმ ზუსტად გამოიცნო
ჰაიფას “მაქაბის” მთავარ მწვრთნელ ელიშა ლევისთან რამდენიმე წუთით გასაუბრება მატჩამდეც შევძელით და მის შემდეგაც. თამაშამდე იგი არ იზიარებდა ებრაელი ჟურნალისტების პესიმიზმს და ანგარიშიც ზუსტად იწინასწარმეტყველა, ნამატჩევს კი გვითხრა, ისრაელმა ზუსტად იმის წყალობით გაიმარჯვა, რასაც ვვარაუდობდი - სწორად შერჩეული შემადგენლობითა და ტაქტიკით, უკეთესი ფიზიკური კონდიციებით და ტექნიკური ფეხბურთელებითო.
ძალიან გულდაწყვეტილი იყო მისი მარჯვენა ხელი გიორგი დარასელია. ახლა გამარჯვება ისე მინდოდა, როგორც არასდროს, “მაქაბის” ვარჯიშზე მისვლა არ მეხალისება, რა გაუძლებს ახლა ამათ ბაქიბუქსო, გვითხრა ნახევრად ხუმრობით.
ბუნებრივია, საქართველოს ნაკრების წევრები ლაპარაკის ხასიათზე არ იყვნენ, თითქმის ყველა მათგანმა დანანებით აღნიშნა, გოლი ზუსტად მაშინ გავუშვით, როცა უკეთ ავთამაშდითო.
ალექსანდრე ამისულაშვილს გოლის ეპიზოდის გახსენება ვთხოვეთ. “ზუსტ სურათს მაშინ აღვიდგენ, როცა მომენტის გამეორებას ვნახავ, ისე კი, გოლი მხოლოდ ერთი ფეხბურთელის ბრალი არ ყოფილა, შეცდომა კომპლექსური იყო.”
ალეკოს ისიც ვკითხეთ, როგორი განწყობით მიემგზავრებოდა კრასნოდარში.
"ორ მატჩში სამი ქულა მოვიპოვეთ, რაც მეტოქეების სიძლიერიდან გამომდინარე, არ უნდა იყოს ურიგო შედეგი. გულსატკენი ის არის, რომ ხორვატიასთან გამარჯვებით მოგვრილი დადებითი ემოციები ამ მარცხმა გააუფერულა. ქართველი გულშემატკივარი ამჯერად ვეღარ გავახარეთ, მაგრამ ვფიქრობ, ხალხი ამ მარცხს გვაპატიებს, მთავარია, რომ მთელმა ქვეყანამ ირწმუნა - ქართველი ფეხბურთელები მოედანზე თავს არ ზოგავენ და რაც შეუძლიათ, ყველაფერს აკეთებენ მათგასახარებლად“, - გვითხრა ჩვენი ნაკრების ცენტრალურმა მცველმა.
ამისულაშვილთან ვრცელ ინტერვიუს “ლელოს” ხვალინდელ ნომერში შემოგთავაზებთ და სხვა ებრაულ შთაბეჭდილებებზეც გიამბობთ.
ლევან ჯანეზაშვილი ისრაელიდან
.