თამაშის დასრულების შემდეგ ლაპარაკის ხასიათზე არავინ იყო და ვიფიქრეთ, მეორე დღეს, ცივ გონებაზე მაინც შეძლებდა ვინმე მომხდარის შეფასებას. ალეკომ მარცხის მიზეზის პოვნაც სცადა, სანაკრებო პერსპექტივებზეც ილაპარაკა და გვერდი არც მისი საკლუბო კარიერისთვის აგვივლია.
- ემოციები უკვე დაგიცხრა თუ გონებით კვლავ მოედანზე ხარ?
- ასეთი მტკივნეული მარცხის დავიწყება ყოველთვის ძნელია. ვფიქრობ, ვიხსენებ და კიდევ ერთხელ მწყდება გული
- პირველ ტაიმში მასპინძელთა უპირატესობა მაინც აშკარა იყო.
- ასეა, მაგრამ ამას ველოდით კიდეც. საქართველოს ნაკრების მთავარი ამოცანა ამჯერადაც ის იყო, რომ დაცვაში მაქსიმალური სიზუსტით გვეთამაშა და სწრაფი გოლი არ მიგვეღო. მეტოქის უპირატესობის მიუხედავად, ეს შევძელით. ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ ისრაელმა სწორედ მაშინ გაგვიტანა, როცა უფრო ხარისხიანად ავთამაშდით და თამამად შევუტიეთ.
- მეტოქის უკეთესი ფიზიკური მომზადება თვალშისაცემი იყო...
- ესეც ლოგიკური იყო და თავისი მიზეზიც ჰქონდა - ბუნებრივია, კალენდარს ვგულისხმობ. ჯერ ერთი, მატჩებს შორის ორდღიანი ინტერვალი ძალიან მცირეა. მართალია, ისრაელმაც ამ მონაკვეთში ჩაატარა თავისი შეხვედრები, მაგრამ ორივეჯერ სახლში ითამაშა, თანაც ჩვენ ხორვატიასთან გამარჯვებამ, მგზავრობამ და აკლიმატიზაციამ წაგვართვა უდიდესი ენერგია, ისრაელმა კი ლატვიასთან შედარებით იოლი მატჩი ჩაატარა და მომდევნო შეხვედრაც შინ გამართა.
თავს ნამდვილად არ ვიმართლებთ, მაგრამ სწორედ ეს იყო ობიექტური მიზეზები იმისა, ებრაელები ჩვენზე დასვენებულად რომ გამოიყურებოდნენ. სამწუხაროდ, მათ სწორედ ამ კომპონენტით მიაღწიეს გადამწყვეტ უპირატესობას.
- სატურნირო თვალსაზრისით რამდენად წარმატებულ შედეგად მიგაჩნია ამ ორ მატჩში მოპოვებული სამი ქულა?
- ბრწყინვალე შედეგი არ არის, მაგრამ ნორმალურია. ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, ეს სამი ქულა ისრაელთან აგვეღო და არა ხორვატიასთან, რადგან ჯობს, უფრო რეალური მიზანი, ანუ ჯგუფში მეორე ადგილი დავისახოთ. თუმცა ემოციური თვალსაზრისით ხორვატიასთან გამარჯვება დაუვიწყარი იყო. შეიძლება, ასეთ სიხარულს ზოგი ფეხბურთელი კარიერის განმავლობაში ვერ ეღირსოს და უბედნიერესი ადამიანი ვარ, ამ დღეს რომ მოვესწარი.
მთელ საქართველოს უდიდესი სიხარული მივანიჭეთ და ყველას დავუმტკიცეთ, რომ ფეხბურთის თამაში ქართველებსაც შეგვიძლია. ფეხბურთელებზე მეტად არავის გვინდოდა, დაუმარცხებელი სერია გაგრძელებულიყო, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და, სამწუხაროდ, ჩვენი სერიაც შეწყდა. სამაგიეროდ, არ შემწყდარა საქართველოს ნაკრების წინსვლა.
იმედი მაქვს, ახლა მაინც არ უფიქრია ვინმეს, რომ ნაკრების წევრებმა წარმატებისთვის რამე დავიშურეთ. გავიმეორებ, მარცხმა გული მეც და ბიჭებსაც ძალიან გვატკინა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და გრძელდება ეს შესარჩევი ციკლიც, სადაც ყველაზე საინტერესო ამბები ჯერ წინაა.
- რა დავალებები მისცა გუნდს შესვენებაზე თემურ ქეცბაიამ?
- თემურმა დაუშვილი კვირკველიათი შეცვალა და შეტევაში უფრო აქტიური თამაში დაგვავალა, მაგრამ მთავარ ამოცანად მაინც საკუთარი კარის უსაფრთხოება დარჩა. ახლაც იმ აზრისა ვარ, რომ გოლი კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო, მეორე ტაიმში თამაში გავათანაბრეთ და სადავეები ნელ-ნელა ჩვენს ხელში გადმოდიოდა. მოკლედ, არ იყო ჩვენი დღე, ყველაფერთან ერთად, წარმატებისთვის იღბალიცაა საჭირო, რომელმაც თელ-ავივში აშკარად ზურგი გვაქცია.
- ისრაელის ნაკრების თამაშში რაიმე მოულოდნელი ხომ არ შეგინიშნავს?
- კარგად ვიცოდით, რომ ეს გუნდი შინ განსაკუთრებით ძლიერია და ველოდით, რომ თავიდანვე აქტიურად შემოგვიტევდა. ვერაფერს ვიტყვი, ისრაელმა მშვენივრად ითამაშა, მაგრამ რომ არა ჩვენი შეცდომა, გოლს ვერ გაიტანდა. ჩვენ კი საკუთარი შანსი ვერ გამოვიყენეთ. ლადო დვალიშვილის დონის თავდამსხმელი ასეთ მომენტს ასიდან ოთხმოცდაცხრამეტს გამოიყენებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთ მნიშვნელოვან მომენტში არ გაუმართლა. მარცხი განსაკუთრებით მძიმედ მან განიცადა და მინდა ვთხოვო, თავს მოერიოს და მომავალ სანაკრებო მატჩებზე იფიქროს.
- საქართველოს ნაკრებში დებიუტი დიდი ხნის წინ გქონდა, მაგრამ არცთუ ხშირად გიძახებდნენ და სტაბილურად დიდი ხანი არაა, რაც თამაშობ.
- ძველი დროის გახსენება აღარც მინდა, რაც იყო, იყო... ყოველთვის ვოცნებობდი, ნაკრებისთვის სასარგებლო ფეხბურთელი ვყოფილიყავი და ეს ოცნება სულ ახლახან ამიხდა. უმჯობესია, ჩემი თამაში გულშემატკივრებმა შეაფასონ, თუმცა ვფიქრობ, რომ დაკისრებულ ფუნქციებს თავს ნორმალურად ვართმევ.
- ეთანხმები იმ აზრს, რომ კარიერაში საუკეთესო პერიოდი გიდგას?
- ვეთანხმები, რადგან ნაკრებშიც და კლუბშიც კარგად მიმდის საქმეები და ძველი უსიამოვნო დრო წარსულს ჩაბარდა. ასაკიც მცველისთვის იდეალური მაქვს და თუ ტრავმებმა ხელი არ შემიშალა, მაღალ დონეზე თამაშს კიდევ რამდენიმე წელს შევძლებ.
- მიმდინარე შესარჩევი ციკლის სტარტზე დაცვის ცენტრში შენი მეწყვილე მალხაზ ასათიანი იყო, რომელიც ბოლო დროს აკაკი ხუბუტიამ შეცვალა.
- ორივე მშვენიერი პარტნიორია. ასათიანს წლებია, ვიცნობ და მასთან ერთად თამაშის პრობლემა არასდროს მქონია, ხუბუტიასთან ერთად თამაში კი სულ ცოტა ხნის წინ დავიწყე და მასთანაც ყველაფერი რიგზე მაქვს. მაღალი დონის მცველია და საერთო ენაც იოლად გამოვნახეთ.
- ერთი შეხედვით, სანაკრებო ატმოსფერო უწინდელზე გაცილებით ჯანსაღია.
- ნამდვილად ასეა. გუნდი ერთ მუშტადაა შეკრული, ფეხბურთელებს ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და ერთმანეთის სიხარულსა და სატკივარს მთელი გულით ვიზიარებთ.
- “ქაისერიდან” “კრასნოდარში” შენი გადასვლა ქართული ფეხბურთის ბოლო დროის ერთ-ერთი საინტერესო მოვლენა იყო. ალბათ, ახლაც ფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე.
- რა თქმა უნდა. “კრასნოდარში” თამაში უკეთესია როგორც ფინანსური, ასევე სპორტული თვალსაზრისით. ამას განსაკუთრებით ვუსვამ ხაზს. სეზონის მსვლელობისას ყველა დარწმუნდება, რომ ბრძოლისუნარიან და ამბიციურ გუნდში გადავედი. კაპიტნადაც ამირჩიეს, რამაც პასუხისმგებლობა და მოტივაცია ამიმაღლა. მოკლედ, მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებ როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო ასპარეზზე.
.