გიორგი ადამია: ნაკრებში მიწვევა მოულოდნელი იყო

AutoSharing Option
"ყარაბახის" შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ადამიამ თავისი აზერბაიჯანული კოლექცია - 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი - მეოთხე ბრინჯაოთი შეავსო. ამას გარდა, 30 წლის თავდამსხმელი 18 გოლით აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.

ჩვენი მეზობლები ფეხბურთში პრეტენზიულები გახდნენ და ამადაც სასიამოვნო ამბავია - მათ ლეგიონერები კლასის მიხედვით დაყვეს და გიორგი ხარისხიან ლეგიონერთა კატეგორიას მიაკუთვნეს.

ამას ხორვატიასთან მატჩამდელ შეკრებაზე ეროვნულ ნაკრებში თემურ ქეცბაიას მიწვევა დაემატა.

- ნაკრებში იმ დროს გამოგიძახეს, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელოდი. აზერბაიჯანიდან ჩვენს ეროვნულში ფეხბურთელებს თითქმის არ იწვევდნენ, მით
უფრო, 30 წლის მოთამაშეს.

- სიმართლე გითხრათ, მართლაც მოულოდნელი და სასიამოვნო მიწვევა იყო.

- ამის იმედი გქონდა, როდესაც აზერბაიჯანის ნაკრებში თამაშზე უარს ამბობდი?
- რა დასამალია და, გამოძახების იმედი ყოველთვის მქონდა.

- საქართველოს ნაკრების თამაშებს თუ უყურებდი?
- რა თქმა უნდა. საკმაოდ ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. მიხარია, გუნდი ასე რადიკალურად რომ შეიცვალა და გაძლიერდა.

- აზერბაიჯანში ნახევარდაცვაში თამაშობ, მაგრამ მაინც ბომბარდირი გახდი. რომელ პოზიციაზე გაყენებენ?
- 4-3-3 განლაგებისას მარცხენა ან ცენტრალურ შემტევ ნახევარმცველად მათამაშებენ.

- აზერბაიჯანის ჩემპიონატი საკმაოდ მოფერიანდა და მისი ბომბარდირობა პატარა საქმე არ არის.
- ბომბარდირობა ყველა ქვეყანაში სასიამოვნო და პრესტიჟულია, მით უფრო, საკმაოდ მოღონიერებულ აზერბაიჯანის ჩემპიონატში. წლებია, აქ ვთამაშობ და ყოველ სეზონში ჩემპიონატი უკეთესი ხდება. ჩვენი მეზობლები ფეხბურთში იმხელა ფულს აბანდებენ, ეს ლოგიკურიც არის.

- მანდ ბოლო ხანს ბევრ ცნობილ ფეხბურთელს იწვევენ, მაგრამ ქართველები კვლავ მოწინავე პოზიციებზე ხართ - ადრე კვარაცხელია, მერე მუჯირი, "სიმურგისა" და "ინტერის" ქართველები, ახლა ისევ შენ.
- მაინც თავისებური ჩემპიონატია და, ცხადია, შეგუება სჭირდება. ზოგი ჩასული ამას ახერხებს, ზოგიც - ვერა. ქართველებისთვის კი დამკვიდრება უფრო ადვილია, რადგან ხალხი ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილია. იმიტომ, რომ ბევრი ჩვენიანი თამაშობს და უმთავრესად, გუნდების ლიდერები არიან.

- მესამე ადგილით კმაყოფილი ხარ თუ მეტი შეგეძლოთ?
- ჩემპიონობის შანსიც გვქონდა, მაგრამ ერთ-ერთი ლიდერი დაგვიშავდა, მეორემ თურქეთში გააგრძელა კარიერა და დავსუსტდით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული