კიევის "დინამოსა" და ბელარუსის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, "ვიტებსკის" მთავარმა მწვრთნელმა ვალენტინ ხაცკევიჩმა 2009 წელს მაისურაძეზე თქვა: "ის ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია. ჩემი აზრით, მსგავსი სათამაშო ინტელექტი და ტექნიკა ბელარუსში ბევრ ახალგაზრდას არ აქვს."
რუსთავის "ოლიმპმა" თურქულ შეკრებაზე ჩვენთვის უცნობი ფეხბურთელი
მერე გავიგეთ, რომ 2010 წლის თებერვალში გაკოტრების პირას მისული "ვიტებსკი" ნალჩიკის "სპარტაკში" ან "კრილია სოვეტოვში" გადასვლის იმედად დატოვა. ეს ვარიანტები ჩაეშალა და ერთი წელი უგუნდოდ დარჩა, ფეხბურთის სიყვარულს კი მოსკოვის მოყვარულთა გუნდში თამაშით იკლავდა.
- დარწმუნებული ვარ, ქეცბაიას მიწვევა მოულოდნელი იქნებოდა.
- ჩემი მიზანი ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაა, ტყუილად ხომ არ ვთამაშობ. მაგრამ გამოძახება მართლა მოულოდნელი იყო, ამის გამო კი - უფრო სასიამოვნოც. ქეცბაიამ მომცა შანსი, საქართველო და საკუთარი თავი ვასახელო. მადლობა ბატონ თემურს ნდობისთვის, ისევე, როგორც თორნიკე მაისურაძეს, რომელმაც "ოლიმპში" მიწვევით თავის წარმოჩენის და ნაკრებში მოხვედრის შანსი მომცა. შევეცდები, სამომავლოდ "ოლიმპს" უფრო წავადგე და ნდობა გავამართლო.
ვერ ვიტყვი, რომ "ოლიმპში" შესაძლებლობები სრულად წარმოვაჩინე, მეტიც შემეძლო, მაგრამ ცუდადაც არ მითამაშია. ეროვნულ ნაკრებში ჰაერიდან არ ამიყვანდნენ.
- შენი აზრით, 18 კაცში მოხვედრის შანსი გაქვს?
- თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ შარშან საქართველოში არავინ მიცნობდა, წლეულს კი ნაკრების კანდიდატი გავხდი, გამოდის, ყველაფერია შესაძლებელი. 12-დღიანი შეკრება იმიტომაც ეწყობა, ახალმა ფეხბურთელებმა თავი გამოვიჩინოთ.
- თუ არ მეშლება, აქამდე არც ერთ ნაკრებში არ გითამაშია.
- არც ერთში, პირდაპირ ეროვნულში მოხვედრა დიდი ბედნიერებაა.