თემურ ქეცბაია:
- როგორც იცით, შეკრება 23 მაისს დავიწყეთ, მაგრამ სრული შემადგენლობით ჯერ ვერ ვვარჯიშობთ. გუნდს დღეს, 25 მაისს შეუერთდნენ კახა კალაძე და აკაკი ხუბუტია, დანარჩენები კი მოგვიანებით შემოგვემატებიან.
უკვე შევუთანხმდი ოთარ გაბელიას და 27 მაისს საკონტროლო მატჩში ერთმანეთს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები შეხვდებიან. ვფიქრობ, საინტერესო და სასარგებლო თამაში იქნება ორივე გუნდისთვის.
მომავალ ორშაბათს რუსეთის ჩემპიონატში "ვოლგა" კალენდარულ
- ხოჯავას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რა იცით?
- ვიცი, რომ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ჩამოვა და ადგილზე ვნახავთ, როგორ გრძნობს თავს.
- ამისულაშვილის თამაში უკვე გადაწყვეტილია?
- დიახ, მან რუსეთის ჩემპიონატში უკვე ითამაშა და ნაკრებსაც დაეხმარება. მოხარული ვარ, რომ ამისულაშვილი მოსალოდნელზე უფრო მალე გამოჯანმრთელდა.
- ანანიძე როგორ გრძნობს თავს?
- "სპარტაკის" განაცხადში უკვე ხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ აწუხებს.
- დებიუტანტები როგორ შთაბეჭდილებას ტოვებენ?
- ყველა მონდომებულია. კარგად ესმით, რომ ამ შანსის გამოსაყენებლად ბევრი უნდა იშრომონ და ვინც დაიმსახურებს, შანსს აუცილებლად მივცემ.
- როგორ ტაქტიკას დაუპირისპირებთ ხორვატიას?
- ყველამ კარგად ნახეთ, თუ როგორი მძიმე მატჩი მოვიგეთ თბილისში ხორვატიასთან. დარწმუნებული ვარ, სპლიტში ამაზე გაცილებით რთული ბრძოლა გველის, თუნდაც იმიტომ, რომ ხორვატები ჩვენს ძალებს ახლა უფრო სათანადოდ აფასებენ და თან რევანშისთვის საგანგებოდ ემზადებიან. უდავოა, რომ თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტევენ, რასაც გუნდური თამაშითა და ბრძოლით უნდა დავუპირისპირდეთ. კარგად იცით, რა ძალის გუნდია ხორვატია, მაგრამ უშანსოდ ნამდვილად არ ვართ.
- სეზონის ბოლოა და ფეხბურთელები გადაღლილები ხომ არ არიან?
- ასეთ დროს იდეალურ კონდიციებში არავინაა, მაგრამ საქართველოს ნაკრებში პროფესიონალები თამაშობენ და საკუთარ თავში აუცილებლად იპოვიან იმ ძალას, რომ ასეთ მნიშვნელოვან მატჩში საუკეთესო თვისებები გამოავლინონ.
გურამ კაშია:
- ხორვატიასთან სტუმრად თამაში ნებისმიერი გუნდისთვის რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრები თავის სიტყვას ამჯერადაც იტყვის. ფსიქოლოგიურად კარგად ვართ მომზადებულები და გვჯერა, რომ ხორვატიასთან წარმატების მიღწევა მეორედაც შეგვიძლია.
- საკუთარ ფორმას როგორ შეაფასებ?
- მთელი სეზონის განმავლობაში სათამაშო პრაქტიკა არ მომკლებია და ვგრძნობ, რომ ნაკრებისთვის სარგებლობის მოტანა შემიძლია.
- კლუბში მარჯვენა მცველად თამაშობ. ეს დისკომფორტს ხომ არ გიქმნის?
- "ვიტესში" მარჯვენა მცველის პოზიციაზე მხოლოდ რამდენიმე საწყისი მატჩი ჩავატარე, უკვე ექვსი თვეა, დაცვის ცენტრში ვთამაშობ და არ ვიცი, რატომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ფლანგის მცველად მაყენებენ.
პრესკონფერენციის შემდეგ ნაკრების კიდევ რამდენიმე წევრს გავესაუბრეთ.
კახა კალაძე:
- ამ მატჩის მნიშვნელობას თითოეული ჩვენგანი კარგად აცნობიერებს. ვალდებულნი ვართ, მოედანზე თავი დავდოთ და ხორვატიის ძლიერ ნაკრებს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ. ხორვატიის ნაკრებს ჩვენთან შეხვედრაში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თბილისური მატჩის მსგავსად ბევრ პრობლემას შეგვიქმნის. ჩვენ კი ამ დაპირისპირებისთვის სათანადოდ მოვემზადებით და ისრაელში ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით მოედანზე გადაღლილები არ გავალთ.
ალექსანდრე იაშვილი:
- მიმდინარე შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების წარმატებულმა ასპარეზობამ საკუთარი თავისა და უკეთესი მომავლის რწმენა ფეხბურთელებსაც შეჰმატა და გულშემატკივრებსაც. ხორვატიის ნაკრების სიძლიერე ყველასთვის თვალსაჩინოა, მაგრამ გუნდური სულისკვეთებით ჩვენც ბევრის მიღწევა შეგვიძლია. საქართველო-ხორვატიის თბილისური მატჩის შემდეგ გერმანიაში მოთამაშე ხორვატ ფეხბურთელებს ვესაუბრე და საქართველოს ნაკრების წინსვლით ყველა განცვიფრებულია.
უჩა ლობჟანიძე:
- ტრავმის შემდეგ ძველ ფორმას ვიბრუნებ და მზად ვარ, საქართველოს ნაკრებს ძველებურად გამოვადგე. უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის და მჯერა, გუნდი თავს არც ამჯერად შეირცხვენს.