გია გრიგალავა: ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში გამომიძახეს!

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ რუსეთის მოქალაქეობამიღებულ და ამ ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებშიც ნათამაშებ გია გრიგალავას, რომელმაც სამშობლოს სახელით თამაშის სურვილი კარგა ხანია გამოთქვა, სახორვატიოდ შეკრებაზე უხმო.

ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ქართველი მცველი კიდევ სამ თანამემამულე თანაგუნდელთან: ლაშა სალუქვაძესთან, გოჩა ხოჯავასა და მათე ვაწაძესთან ერთად ქეცბაიას გუნდს მალე შეუერთდება. მანამდე კი ნიჟნინოგვოროდული კლუბის საიტზე გიასთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის საქართველოს ნაკრებში გამოძახებაზე საუბრობს.

- გია, საქართველოს ეროვნულ გუნდში პირველად გამოგიძახეს, რასაც გულწრფელად მოგილოცავთ. როგორია პირველი შთაბეჭდილება?
- ემოციებით მდიდარი
ვარ - უბრალოდ, ბედნიერი ვარ! სიმართლე თუ გინდათ, ამ დღეს დიდხანს ველოდი.

- ახლა საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ მიემგზავრები, მანამდე კი რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშე. ამას საკუთარ საფეხბურთო კარიერაში გარდამტეხ მოვლენად განიხილავ?
- თავდაპირველად რუსეთის ჭაბუკთა ნაკრებში გამოვდიოდი, შემდეგ კი ახალგაზრდულშიც მიხმეს. ამან დიდი გამოცდილება შემძინა იმის მიუხედავად, რომ ძირითადად ამხანაგურ მატჩებში ვმონაწილეობდი და ოფიციალურ შეჯიბრში მხოლოდ ერთხელ ვითამაშე. სხვათა შორის, მაშინ მიწვევა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიდანაც მივიღე, თუმცა პირველი რუსეთის ნაკრები იყო და ამან განაპირობა ჩემი არჩევანი.

საქართველოს ეროვნულ გუნდში გამოძახებას ჩემ კარიერაში გარდამტეხ მომენტად არ მივიჩნევ. უბრალოდ, ეს ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ნებისმიერი ფეხბურთელი ელოდება იმ დღეს, როდესაც ეროვნულ ნაკრებში გამოიძახებენ და ამიტომ, ძალიან მახარებს საქართველოს სახელით თამაში.

- როგორ ფიქრობ, რუსეთის ნაკრებში თამაშის შანსი გქონდა?
- შანსი ყოველთვის არსებობს. ვინ იცის, დროთა განმავლობაში იქნებ მიმეღო კიდეც ასეთი შემოთავაზება. ყველაფერი ჩემსა და ჩემ თამაშზე იქნებოდა დამოკიდებული...

- საქართველოს ნაკრების პირველსავე მატჩში მოედანზე შეცვლაზე შესვლითაც კმაყოფილი დარჩები, თუ პირველივე წუთებიდან თამაშს პრინციპულად მოითხოვ?
- საქართველოს ნაკრების შეკრებაზე პირველად მივდივარ და ფეხბურთელებს ჯერ კიდევ არ ვიცნობ. ყველაფერი ისე იქნება, როგორც ამას მწვრთნელი გადაწყვეტს. მთავარია, გუნდმა გაიმარჯვოს.

- თუ მიადევნე თვალი ნაკრების წინა თამაშებს და რას იტყვი ხორვატებთან მომავალ მატჩზე?
- რა თქმა უნდა, ყოველთვის ყურადღებით ვუყურებდი. რაც შეეხება მეტოქეს, ხორვატია უაღრესად შეკრული გუნდია და ვფიქრობ, ჩვენ ჯგუფში უძლიერესია.

იოლი თამაში, რა თქმა უნდა, არ იქნება, მით უმეტეს, რომ ხორვატები შინ თამაშობენ და თან საქართველოში დამარცხდნენ. მათთვის ხომ ეს სრულებით მოულოდნელი მარცხი იყო. მიუხედავად ამისა, ძალაინ ვეცდებით, რათა კვლავ ჩვენ ვიმარჯვოთ.

- საქართველოს ნაკრებში "ვოლგას" ერთბაშად ოთხი მოთამაშე გამოიძახეს. ნიჟნინოვგოროდული კლუბისთვის ეს პლუსია თუ მინუსი?
- რა თქმა უნდა, პლუსია. როდესაც ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებებში თამაშობენ, ცნობილი ხდება მათი გუნდების შესახებაც. ამრიგად, "ვოლგაზე" არამხოლოდ რუსეთსა და საქართველოში ეცოდინებათ, არამედ ევროპაშიც. ვფიქრობ, რაც მეტი ფეხბურთელი გამოვა თავისი ქვეყნის ნაკრებში, გუნდისთვის მით უკეთესია. თანაც, ნაკრებების დონეზე მიღებული სათამაშო პრაქტიკა ფეხბურთელისთვის არასდროს იქნება ზედმეტი.

- მაინც რას მოელი ეროვნულ ნაკრებში პირველი მატჩისგან?
- მოდით, ჯერ წავიდე და შემდეგ, როდესაც ნიჟნი ნოვგოროდში დავბრუნდები, საკუთარ დებიუტზე დაწვრილებით გიამბობთ. ახლა ყველა ჩემი ფიქრი პერმში "ვოლგას" მატჩს უკავშირდება, რომელშიც მოგება გვჭირდება, რათა ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს.

მომზადებულია fcvolgann.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
შენს დაბრუნებას ერის სამსახურში გაუმარჯოს!!! ფეხბედნიერი ყოფილიყოს შენი ჩამოსვლა საქართველოს ნაკრებში!!!
თემური
14:50 26-05-2011
0

სიახლეები პოპულარული