ბილიჩს თავსატეხი არ ელევა

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრებს საქართველოსთან მოახლოებული დაპირისპირების წინ ბედმა აშკარად ზურგი აქცია. სლავენ ბილიჩის გუნდის ბანაკიდან ლამის ყოველდღიურად გამოდის ხორვატთათვის უსიამოვნო და ჩვენთვის სასიამოვნო ამბები.

ბოლო ინფორმაციით, 3 ივნისს სპლიტში თამაშის უმცირესი შანსი აქვს მლადენ პეტრიჩს. "ჰამბურგის" ფლანგელი იმედს არ კარგავდა, რომ მატჩამდე სრულად გამოჯანმრთელებას მოასწრებდა, მაგრამ ბოლო სამედიცინო გამოკვლევამ საპირისპირო სურათი აჩვენა.

ბილიჩმა ნაკრებში ივან კლასნიჩი გამოიძახა. ალბათ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ იგი ხორვატიის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფორვარდი იყო, მაგრამ მძიმე ავადმყოფობის გამო გვარიანი დრო გაუცდა და დიდი ხანია, ეროვნულ გუნდში
აღარ გამოჩენილა. 31 წლის კლასნიჩი, რომელმაც სახელი ბრემენის "ვერდერში" თამაშით გაითქვა, დღეს ინგლისური "ბოლტონის" ღირსებას იცავს. ხორვატიის ნაკრებში მან 39 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. კლასნიჩმა ნაკრებში ბოლოს 2009 წლის მიწურულს ითამაშა.

"უნდა ვაღიაროთ, რომ მლადენის საქართველოსთან თამაშის შანსი ძალიან მცირეა. იგი ბევრს ეცადა, მაგრამ სანაკრებო მატჩამდე დარჩენილ მოკლე დღეში ფორმის აღდგენას, ალბათ, ვერ მოასწრებს", - ნათქვამია ხორვატიის ნაკრების სამედიცინო შტაბის განცხადებაში.

ბილიჩი მოხარულია, რომ გუნდს დაუბრუნდა დონეცკის "შახტარის" თავდამსხმელი ედუარდო, რომელმაც თბილისური მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა.

ხორვატთა კიდევ ერთი დანაკლისი, რომლის შესახებაც წინა დღეებში გახდა ცნობილი, "ლიონის" ცენტრალური მცველი დეიან ლოვრენია. 21 წლის უკანახაზელმა უმოკლეს დროში შეძლო ფრანგული კლუბისა და ნაკრების ძირითადში დამკვიდრება და მისი არყოფნა ხორვატიულ დაცვას უთუოდ შეასუსტებს.

ხორვატებს კიდევ ერთი ძირითადი მცველი, დნიპროელი ივან სტრინიჩიც დააკლდებათ, განსაკუთრებული პრობლემები ბილიჩს მაინც წინა ხაზში აქვს. როგორც იცით, მიმდინარე შესარჩევ ციკლში ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი ნიკო კრანჩარი დისკვალიფიცირებულია, ხოლო შემტევი ნახევარმცველები, ივან რაკიტიჩი და ივო ილიჩევიჩი საქართველოს ნაკრებს ტრავმების გამო ვერ დაუპირისპირდებიან.

რამდენიმე დღის წინ ხორვატიის ნაკრებს უბედური შემთხვევის გამო კიდევ ერთი წევრი გამოაკლდა. თურქული "ანკარაგიუჯუს" 24 წლის ნახევარმცველი დრაგო გაბრიჩი, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრაზე პრეტენზიას არ აცხადებდა, ავტოავარიაში მოჰყვა და სიკვდილს ებრძვის.

ბილიჩმა სარეზერვო სიას გადახედა და ნაკრებს შესაბამისად, ლევერკუზენის "ბაიერისა" და პრაღის "სპარტას" მცველები, დომაგოი ვიდა და მანუელ პამიჩი დაამატა.
ალბათ ხორვატთა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის, ლუკა მოდრიჩის კომენტარიც დაგაინტერესებთ. "საქართველოსთან შეხვედრა ჩვენთვის, შესაძლოა, უმნიშვნელოვანესიც კი იყოს მიმდინარე შესარჩევ ტურნირში. ასე რომ, საკადრო პრობლემების მიუხედავად, ვალდებულნი ვართ, სპლიტში ჩვენი საუკეთესო თვისებები გამოვავლინოთ და სამი ქულა ყოველ მიზეზგარეშე მოვიპოვოთ", - აცხადებს ხორვატიის ნაკრებისა და ლონდონის "ტოტენჰემის" ლიდერი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არც ბაიერის და სპარტას მცველები იქნებიან სუსტები.... არ უნდა მოვდუნდეთ!
bb king
15:19 27-05-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული