ალექსანდრე იაშვილი: "რასაკვირველია, ძალიან მძიმე მატჩი გველის, მაგრამ ბრძოლისთვის მზად ვართ. დარწმუნებული ვარ, მოედანზე მყოფი თითოეული ფეხბურთელი მაქსიმუმს გაიღებს იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრებმა წარმატებას მიაღწიოს."
დავით კვირკველია: "ამ თორმეტი დღის განმავლობაში ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ ხორვატიის ნაკრებს ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ. ვიმედოვნებთ, ჩვენი მონდომება უშედეგოდ არ ჩაივლის და ძლიერ მეტოქესთან ამჯერადაც ღირსეულ შედეგს მივაღწევთ."
საბედნიეროდ, გუშინ საღამოს ეროვნულ ნაკრებს აღარავინ გამოჰკლებია - გუნდს ზურაბ ხიზანიშვილიც შეუერთდა და 21-ივე ფეხბურთელმა სრული დატვირთვით ივარჯიშა.
ვარჯიშამდე კი თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გაიმართა, რომელმაც ხორვატიული მედიის დიდი ინტერესი გამოიწვია.
ქეცბაიას ჰკითხეს, რა არის თქვენი გუნდის წარმატების საიდუმლოო, რაზეც მან მიუგო, განსაკუთრებული საიდუმლო არ გვაქვს, თითოეულ მატჩს მაქსიმალური პასუხისმგებლობით ვუდგებით და წარმატებისთვის ბევრს ვშრომობთო.
ხორვატმა ჟურნალისტებმა ქეცბაიას 1997 წელი გაახსენეს, როცა მან "ნიუკასლის" შემადგენლობაში თამაშისას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების "დინამოს" გადამწყვეტი გოლი გაუტანა. ქეცბაიამ უპასუხა, იმ თამაშის გმირი მართლაც მე ვიყავი და დიდი სურვილი მაქვს, ხვალინდელი მატჩის გმირებიც ქართველები იყვნენო.
თემურ ქეცბაია: "წინ ურთულესი მატჩი გველის, გაცილებით მძიმე, ვიდრე თბილისში, მაგრამ ამ გამოცდისთვის ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც მზად ვართ. რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გვაკლია, მაგრამ საკადრო პრობლემები ხორვატიის ნაკრებსაც აქვს და ამიტომ ამ თემაზე აღარ შევჩერდები. ვიცი, რომ თამაშის პირობებს ხორვატია გვიკარნახებს, მაგრამ ჩვენთვის კარგია ის, რომ წინასწარ ვიცით, რა იქნება ჩვენი მთავარი საქმე - დაცვა და დაცვა. ჩვენი მიზანი მკაფიოა - გოლი არ უნდა გავუშვათ. მართალია, ხორვატია ჯგუფის საუკეთესო გუნდია, მაგრამ ამას დამტკიცება სჭირდება", - განაცხადა ქეცბაიამ.
ხორვატიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება დღეს,3 ივნისს თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება და გულშემატკივრებს მისი პირდაპირი ტელერეპორტაჟის ხილვა პირველი არხის ეთერით შეეძლებათ.