ჯაბა ლიპარტია: ბედნიერი ვარ, ქეცბაია რომ მენდო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები გუშინ, 2 ივნისს ხორვატიაში გაემგზავრა, სადაც "ევრო 2012"-ის შესარჩევი ციკლის შეხვედრას გამართავს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ შეკრებაზე გამოძახებულები რომ გადაახარისხა, გასამგზავრებელთა შორის ლუგანსკის "ზარიას" ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტიაც დაასახელა.

ვინც ნაკრების ბაზაზე 27 მაისს გამართული ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების ტესტმატჩი ნახა, დამეთანხმება, რომ ქეცბაიას არჩევანი გასაკვირი არ იყო. ის ეროვნულში ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო იყო, გამოირჩეოდა აქტიური და აზრიანი თამაშით. რაც მთავარია, 23 წლის ნახევარმცველს აშკარად მოუმატებია უკრაინაში წასვლის შემდეგ, მეტს მოძრაობდა, ფეხზე უფრო მყარად იდგა და კარგი გადაცემებით
თამაშს ამწვავებდა.

"ვიტ ჯორჯიას" ყოფილი ლიდერი "ლელოს" თავის შთაბეჭდილებებს უზიარებს ახალ კლუბზე, უკრაინის ჩემპიონატსა და მის დონეზე.

- სიმართლე გითხრა, თავიდანვე გამიკვირდა, შენნაირი ტექნიკური ფეხბურთელი უკრაინაში რომ მიიწვიეს. ისინი ხომ ათლეტებს უფრო ენდობიან.
- უკრაინაში ტექნიკური ფეხბურთი ჩვენზე არანაკლებად უყვართ. მიმაჩნია, რომ ქართველ ფეხბურთელს უკრაინაში არ უნდა გაუჭირდეს, თუ ფიზიკურად კარგად მოემზადება.

- არადა, ფიზიკური მომზადება ჩვენი მოთამაშეების აქილევსის ქუსლია.
- მომზადება არ არის შეუძლებელი, შეუძლებელი უნიჭოსგან ხეირის ნახვაა. მთავარია, რომ ქართველები ბურთთან კარგად ვართ. ჩვენი მოთამაშეების ტექნიკურობა ის ფაქტორია, რის გამოც უკრაინელები ქართველებით ინტერესდებიან.

- თავიდან არ გაგიჭირდა სხვა სტილთან შეგუება და ბევრად მეტი დატვირთვის ატანა?
- ნაღდად არ გამჭირვებია, რადგან "ზარიაში" ისე კარგად მომამზადეს, ჩემპიონატი რომ დაიწყო, იქაურ ფეხბურთს სწრაფად ავუღე ალღო. თანაც "ვიტ ჯორჯია" საქართველოში ფიზიკურად ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოდ მომზადებული გუნდია და ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის დიდი დატვირთვები მოულოდნელი იყო, თამაში ამანაც გამიადვილა. თუმცა მთავარი მაინც თავად ფეხბურთელის მიდგომაა, როგორ მოემზადები, როგორ მოინდომებ. თუ თვითონ არ გინდა, სხვა ვერაფერს გიშველის.

სხვათა შორის, უკრაინელების ზებუნებრივ მოთხოვნებზე ლაპარაკი ჩვენებური ლეგენდებია და მეტი არაფერი, არავინ ქანცის გაცლამდე არ გვარბენინებს, ეს მაგარი სისულელეა. ისეთი დატვირთვები ნამდვილად არ არის, კაცმა რომ ვერ გაუძლოს. უბრალოდ, კარგად იციან, როგორ მოგამზადონ. კარგ პირობებში ვემზადებით ვარჯიშის ნაცადი და გამართლებული მეთოდებით. რაც მთავარია, უკრაინელებს მშვენიერი აღდგენებიც აქვთ. ისე, საქართველოში უფრო მეტს დავრბოდი, ვიდრე უკრაინაში.

- შენ, ეტყობა, ძალიან არაუკრაინულ კლუბში თამაშობ.
- ხუმრობა იქით იყოს და, მთავარი დატვირთვების ხარისხია და არა რაოდენობა. აქ ბევრად მეტ კროსს დავრბოდი, "ზარიაში" ასე არ არის. ყველა ლობანოვსკის მეთოდს კი არ იყენებს.

- რა პოზიციაზე გათამაშებენ?
- საყრდენად და მიკვირს, აქ რატომ წერენ, თავადმსხმელიაო.

- უკრაინაში შენი თამაში არ გვინახავს და, ცხადია, იქაურ კოლეგებს უნდა ვენდოთ.
- მაშინ არასწორად წერენ.

- საკმაოდ უცნაურია - ლიპარტია და საყრდენი ნახევარმცველი?!
- არ არის საყრდენობა ჩემი საქმე, ბურთის წართმევა დამაწყებინეს, ჩემს ამპლუაში არ ვარ, მაგრამ მწვრთნელს ხომ არ ვეტყვი, ჩემს ადგილას მათამაშეო?!

- როგორც ჩანს, უკრაინაში საყრდენადაც არ გამოიყურები ცუდად, რადგან ქეცბაიამ ნაკრებში მიგიწვია.
- კარგია უკეთეს ლიგაში მოხვედრა და ძირითადში დამკვიდრება, მაგრამ ჩემი უმთავრესი მიზანი ჩვენი ქვეყნისთვის თამაშია. ბედნიერი კაცი ვარ, ბატონი თემური რომ მენდო.

- ნაკრების ვარჯიშზე რომ დაგაკვირდი, საკმაოდ მოგიმატებია, საყრდენობაც წაგადგა, დაცვაში ბევრს მუშაობ.
- სხვათა შორის, მითხრეს, გახდიო, მაგრამ წონა იგივე მაქვს, ეტყობა, წონა კუნთებში წავიდა და ასე ამიტომ გამოვჩნდი. რაც შეეხება კითხვას, ცხადია, უკრაინაში დაცვაში მეტ მუშაობას მაიძულებენ და ეს საქმე კარგადაც ავითვისე.

- ასეა თუ ისე, შეიძლება ითქვას, რომ კლუბს მოერგე?
- ალბათ, ასეა. უკრაინის ჩემპიონატში ყველა თამაში ძირითადში ჩავატარე, მხოლოდ რამდენჯერმე შემცვალეს და ისიც ჩემი თხოვნით, რადგან ფეხი მეტკინა. მოკლედ, მენდობიან და სჯერათ, რომ რაღაც შემიძლია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი კაცია ჯაბა :) ისე ამ რუსეთ-უკრაინამ გააწყალეს გული. ასათიანი ხომ მცველად გვიქციეს. ახლა კი ოქრიაშვილი და ლიპარტია უნდათ აქციონ საყრდენებად. არადა ორივე მაგარი ტექნიკური და შემქმნელი გამთამაშებელია.
Burton
14:53 03-06-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული