საქართველოს ნაკრებმა სპლიტიდან ვერაფერი წამოიღო და ჩვენთვის სასიკეთო შედეგები ვერც შაბათის მატჩებში დაფიქსირდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლატვია და მალტა არწაგებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ, საბოლოოდ, წყვილების ფავორიტებმა იმარჯვეს და
საუკეთესო ფეხბურთელის გამოჯანმრთელება ისრაელს აშკარად შეეტყო. იოსი ბენაიუნს "ჩელსის" შემადგენლობაში მიღებულმა მძიმე ტრავმამ თითქმის მთელი სეზონი დააკარგვინა, მაგრამ ჩვეულ ფორმას მოედანზე დაბრუნებიდან სულ ცოტა ხანში მიუახლოვდა. რიგული მატჩის შედეგიც, უპირველესად, მისმა შთამბეჭდავმა თამაშმა განაპირობა.
მე-19 წუთზე ბენაიუნმა ანგარიში ძლიერი შორეული დარტყმით გახსნა. ებრაელები გოლთან მანამდეც ახლოს იყვნენ - მაორ ბუზაგლომ ბურთი ძელს გაარტყა.
შესვენებამდე ორიოდე წუთით ადრე კი ბალტიისპირელებმა კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მიიღეს. იუვალ შპუნგინის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ტალ ბენ ჰაიმმა გამოიყენა.
ისრაელი ლატვიას მეორე ტაიმშიც სჯობდა. ლუის ფერნანდესის გუნდი ყრუ დაცვაში არ ჩამჯდარა და ხშირად მწვავედაც უტევდა, მაგრამ ბოლოს საქმე მაინც სანერვიულოდ გაუხდა. 62-ე წუთზე ლატვიელთა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავმა ალექსანდრს ცაუნიამ მეტოქის მცველის ხელით თამაშისთვის დანიშნული პენალტი გაიტანა. ვერ ვიტყვით, რომ დარჩენილ დროში მასპინძლებმა სტუმრები ძალიან შეაწუხეს, მაგრამ ანგარიშის გათანაბრების ერთი რეალური შანსი მაინც გაუშვეს ხელიდან - კრიაუკლისის დარტყმისას ისრაელის ნაკრების კარი გერშონმა იხსნა.
ისრაელმა ამ გამარჯვებით ევროპის ჩემპიონატზე გასვლის განაცხადი გააკეთა. ბევრ შეკითხვას გასცემს პასუხს 2 სექტემბერს გასამართი მატჩი. თუ შინ ტრადიციულად ძლიერად მოთამაშე ებრაელებმა საბერძნეთს სძლიეს, მიზნისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამენ.
"ჯგუფიდან გასვლაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევად მიმაჩნია, მაგრამ ფაქტია, გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება და იმ ხარისხის ფეხბურთს თამაშობს, როგორსაც მისგან გულშემატკივრები ითხოვენ. ისრაელის ნაკრებს უფრო დიდი პოტენციალი აქვს, რომელსაც უახლოეს პერიოდში სრულად გამოავლენს", - განაცხადა ნამატჩევს ლუის ფერნანდესმა, რომელსაც საქართველოს ნაკრების დამარცხებამდე დათხოვნამდე ბევრი არაფერი უკლდა, ჩვენი და ლატვიის ძლევის შემდეგ კი ისრაელის ნაკრების მესაჭის პოზიციები საგრძნობლად გაიმყარა.
მარტში მალტას სულ ცოტა დააკლდა და საბერძნეთს ქულას აართმევდა. ალბათ, გახსოვთ, ფერნანდუ სანტუშის გუნდმა კუნძულზე ბოლო წამებზე გატანილი გოლის წყალობით იმარჯვა. ბერძნებს ახლა ასე ძალიან არ გასჭირვებიათ, მაგრამ ჯგუფის უიმედო აუტსაიდერის გასატეხად მაინც დიდი ოფლისღვრა დასჭირდათ.
პირეოსის "გეორგიოს კარაისკაკისზე" მასპინძლებმა უპირატესობა თავიდანვე იგდეს ხელთ და სწრაფი გოლიც გაიტანეს - იოანის ფეტფაციდისი ბერძენთა შორის უდავოდ გამორჩეული იყო, დუბლიც შეასრულა და მალტელთა დაცვა მთელი მატჩის განმავლობაში არ მოასვენა. "შალკეს" 19 წლის მცველმა კირიაკოს პაპადოპულოსმა კი სადებიუტო სანაკრებო შეხვედრა გოლით აღნიშნა. მალტელთა საუკეთესო ფორვარდმა მიხაელ მიფსუდმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ სტუმრებს მეტის მისაღწევად კლასი არ ეყოთ და 63-ე წუთზე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.
"ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. გოლის მიღება ძალიან არ მესიამოვნა, მაგრამ მთლიანობაში საბერძნეთის ნაკრების უპირატესობა წამითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ. ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ გასვლაა და სულაც არ არის შემთხვევითი, ჯგუფის სათავეში რომ ვართ", - თქვა ბერძენთა პორტუგალიელმა თავკაცმა ფერნანდუ სანტუშმა, რომელმაც გუნდს სათამაშო სტილი კარდინალურად შეუცვალა და რეჰაგელისეული საბერძნეთისგან განსხვავებით, ამჟამინდელი გუნდი შემტევ ფეხბურთს მისდევს.
ჩვენი ჯგუფის საშემოდგომო მატჩები რომ გავაანალიზოთ, ზესამეულის გუნდებიდან საუკეთესო კალენდარი ხორვატიას აქვს და ჯგუფში გამარჯვების მთავარ კანდიდატად სწორედ სლავენ ბილიჩის გუნდი უნდა დავასახელოთ.
ლატვია-ისრაელი 1:2 [იხილეთ ვიდეო]
ლატვია: ვანინსი, კლიავა, კრიაუკლისი, გორკსი, ივანოვსი, ლაზდინში, რაფალსკი (28. ჟიგაევსი), ვიშნიაკოვსი (71. რუბინსი), ცაუნია, პერეპლიოტკინსი (60. გაურაჩსი), რუდნევსი.
ისრაელი: ავათი, შპუნგინი, ბენ ჰაიმი I, გერშონი, ალმოგ კოენი, რაფაელოვი (80. ბენ ჰაიმი II), ბუზაგლო (69. ნათჰო), ჰემადი, ქეინანი, ბენაიუნი, ზაჰავი (89. გოლასა).
გოლები: 0:1 ბენაიუნი (19), 0:2 ბენ ჰაიმი I (43 პენ), 1:2 ცაუნია (62 პენ).
საბერძნეთი-მალტა 3:1 [იხილეთ ვიდეო]
საბერძნეთი: კონსტანტოპულოსი, სპიროპულოსი, მორასი, ციოლისი, კარაგუნისი (70. კაფესი), ტოროსიდისი, კაცურანისი, პაპადოპულოსი, ნინისი (78. ხრისტოდოლოპულოსი), სალპინგიდისი (89. მიტროღლუ), ფეტფაციდისი.
მალტა: ჰოგო, კარუანა, შიბერასი, აგიუსი, რ. ფენეკი, ბოგდანოვიჩი (59. კოენი), ბრიფა, ჰატჩისონი (87. პ. ფენეკი), შკემბრი, ბაიადა (81. ფაილა), მიფსუდი.
გოლები: 1:0 ფეტფაციდისი (8), 2:0 პაპადოპულოსი (26), 2:1 მიფსუდი (54), 3:1 ფეტფაციდისი (63).
სატურნირო მდგომარეობა
1. საბერძნეთი 6 4 2 0 8-3 14
2. ხორვატია 6 4 1 1 10-3 13
3. ისრაელი 7 4 1 2 10-7 13
4. საქართველო 7 2 3 2 5-5 9
5. ლატვია 6 1 1 4 5-9 4
6. მალტა 6 0 0 6 2-13 0
2 სექტემბერი
ისრაელი-საბერძნეთი
მალტა-ხორვატია
საქართველო-ლატვია
6 სექტემბერი
მალტა-საქართველო
ლატვია-საბერძნეთი
ხორვატია-ისრაელი
7 ოქტომბერი
საბერძნეთი-ხორვატია
ლატვია-მალტა
11 ოქტომბერი
საქართველო-საბერძნეთი
მალტა-ისრაელი
ხორვატია-ლატვია