ნაკრებმა დიდებულად დაიწყო, მაგრამ ხუთი წაუგებელი შეხვედრის შემდეგ ზედიზედ ორჯერ დამარცხდა. რამდენადაც კარგი და საამაყოა 7 შეხვედრაში სულ რაღაც 5 მიღებული გოლი, ასევე დიდ უკმარისობის გრძნობას გვიტოვებს მეტოქეთა კარში ამდენივე გატანილი. მოდი, კიდევ უფრო ღრმად ჩავხედოთ ციფრებს...
თემურ ქეცბაიამ ამ შვიდ შეხვედრაში სულ 25 ფეხბურთელი ათამაშა.
ჩვენს ნაკრებს თამაშში საშუალოდ 0,71 გოლი გაჰქონდა, ამ მაჩვენებლით კი მხოლოდ 13 ნაკრებს ვჯობთ, რომელთაგან მხოლოდ ბელარუსს, ლიტვას, ბულგარეთსა და უელსს გამოვყოფთ, დანარჩენები კი ევროპის ჯუჯა სახელმწიფოების წარმომადგენლები ან უიმედო აუტსაიდერები (მაგალითად, ყაზახეთი) არიან. ყველაზე შედეგიანი ნაკრები ჰოლანდიელებს ჰყავთ - 3,5 გოლი საშუალოდ მატჩში.
მიღებულ ბურთებშიც იგივე მაჩვენებელი გვაქვს - 0,71. ახლა როლები შეიცვალა და მხოლოდ 13 ნაკრები გვჯობნის დაცვის სიმტკიცით. ვჯობნით ისეთ გუნდებს, როგორიც მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთი და ვიცე-ჩემპიონი ჰოლანდიაა. ერთ-ერთი ყველაზე კარგი დაცვის ხაზი კი ჩერნოგორიელებს ჰყავთ - 0,2 გოლი მატჩში.
პირველად მათ ამ შაბათს გაუშვეს ბულგარელებთან შეხვედრაში, თუმცა საუკეთესო ამ კომპონენტში "სკუადრა აძურაა" - 0,17. მოკლედ, ცოტა გაგვაქვს და ცოტას ვუშვებთ, რაც ქეცბაიას მიერ არჩეული ერთობ დაცვითი სათამაშო სტილითაა განპირობებული.
ბუნებრივია, გოლს ვერ გაიტან, თუ კარში არ დაარტყამ. როგორია ამ მხრივ ქეცბაიას გუნდში საქმე? საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში კარისკენ 55-ჯერ დაარტყა, ეს კი საშუალოდ 7,8 დარტყმაა თამაშში. აქედან ზუსტი (კარის ჩარჩოში) 18 იყო (2,57), 37 (5,29) კი არაზუსტი. ნათელია, რომ სიზუსტეში მოვიკოჭლებთ - ძნელია მიზანს მიაღწიო, როცა მეტოქის მეკარეს მატჩში სულ 2-3-ჯერ აწუხებ. ეს მაჩვენებელი იმდენად მცირეა, რომ 50-ზე მეტ ქვეყანას შორის მხოლოდ 8 ჩამოგვრჩება (ყაზახეთი, მალტა, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი, ლიხტენშტაინი, ჩერნოგორია, უელსი და სან მარინო). აცილებაში კი "მოწინავეთა" შორის ვართ, გუნდების უმეტესობას "ვჯობნით".
საქართველოს ნაკრებმა ჩააწოდა 24 კუთხური (საშ. 3,43 მატჩში). ესეც ძალიან ცოტაა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ იშვითად ვუტევთ (სპლიტში, მაგალითად, ერთი კუთხურიც არ ჩაგვიწოდებია). შედარებისთვის, ჩეხები საშუალოდ 9,6 კუთხურს აწვდიან თამაშში. ამ მაჩვენებლით 13 ქვეყანას ვჯობნით, ისევ და ისევ აუტსაიდერებს (გამონაკლისი შვეიცარია, ირლანდია და შოტლანდიაა).
შეამჩნევდით, რომ ზლატკო კრანჩარის ჩერნოგორიისა და ჩვენი ნაკრების სტატისტიკური მაჩვენებლები საკმაოდ ახლოსაა. თუმცა, ბალკანელებს ჩვენზე გაცილებით უკეთესი სატურნირო მდგომარეობა აქვთ. და რითი აღწევს კრანჩარის გუნდი ამ წარმატებას - ხისტი თამაშით დაცვაში. ამას კი ფეხბურთის ესთეტიკური მხარე ეწირება - ჩერნოგორია თამაშში საშუალოდ 22,2-ჯერ ჯარიმდება, ეს კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია შესარჩევ ციკლში. თემურ ქეცბაიას გუნდი კი ამ მხრივ მეტი სიფრთხილით გამოირჩევა, ქართველები სულ 90-ჯერ დაჯარიმდნენ ეს კი საშუალოდ 12,86-ია მატჩში.
საქართველოს ნაკრებს 95-ჯერ ეუხეშნენ. გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, ეს მაჩვენებელი მეორეა მთელ ევროპაში - ერთით მეტჯერ დაჯარიმდნენ ბერძნების წინააღმდეგ. მართალია, საშუალო მაჩვენებლით ლიდერებში არ ვართ (13,57), მაგრამ არც ძალიან ჩამოვრჩებით მათ. ქართველებს რომ ტექნიკა არ დაგვეწუნება, ცხადია, მაგრამ ამ შემთხვევაში ცოტა სხვანაირადაა საქმე - ძირითად მეტოქეები ჩვენი მცველების წინააღმდეგ ჯარიმდებიან - კალაძე, ამისულაშვილი, ხუბუტია, სხვებიც ფიზიკურად ძლიერები არიან და მათთან უჯარიმოდ გამკლავება ხშირად უჭირთ მეტოქეთა შემტევებს - ამიტომ ჯარიმების დიდი ნაწილი სწორედ ჩვენი მცველების წინააღმდეგ მოდის. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა 14 ყვითელი ბარათი მიიღეს (საშუალოდ 2 თამაშში) - ეს ევრო 2012-ის შესარჩევში საშუალო მაჩვენებელია. წითელი ბარათი კი ჯერჯერობით არ დაგვიმსახურებია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მხოლოდ კახა კალაძემ და ალექსანდრე იაშვილმა ითამაშეს შვიდივე შეხვედრაში. ყველაზე მეტი დრო (630 წუთი) კაპიტანმა ითამაშა, ყველაზე ცოტა - ალექსანდრე კოშკაძემ (2 წუთი). მეტოქეთა კარისკენ ყველაზე მეტჯერ ზურაბ ხიზანიშვილმა დაარტყა (7), შემდეგ მოდიან გოგიტა გოგუა (6) და სირაძე (5). ყველაზე მეტჯერაც ხიზანიშვილი დაჯარიმდა - 11, მეტოქეთა უხეშობამ კი ყველაზე მეტჯერ კობიაშვილი და გოგუა (13-13) დააზარალა. 4-მა ფეხბურთელმა მიიღო 2-2 ყვითელი ბარათი, ოთარ მარცვალაძემ ეს 2 თამაშში "მოახერხა".
თამაშგარე მდგომარეობაში ყველაზე მეტჯერ, 11-ჯერ, ბერძენი დიმიტრის სალპინგიდისი და ფრანგი ქარიმ ბენზემა მოხვდნენ, ჩვენი ნაკრებიდან კი დვალიშვილი - 5-ჯერ. ოფსაიდში 3-ჯერ აღმოჩნდა კობიაშვილი, 2-ჯერ გოგუა, თითოჯერ კი - მარცვალაძე, კვირკველია, სირაძე და ასათიანი.
ყველაზე მეტჯერ, 4-4-ჯერ უნგრელი ზოლტან ლიპტაკი, ლუქსემბურგელი მარიო მუჩი და ბელგიელი ვინსენტ კომპანი გააფრთხილეს, საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან 2-2 ყვითელი ბარათი მიიღეს მარცვალაძემ, ლობჟანიძემ, ხიზანიშვილმა და კობიაშვილმა, თითო - გოგუამ, სირაძემ, იაშვილმა, ამისულაშვილმა, ნუკრი რევიშვილმა და აკაკი ხუბუტიამ.
ყველაზე მეტი, 21 ჯარიმა ჰოლანდიელმა მარკ ვან ბომელმა ”გამოიმუშავა”, ქართველთაგან კი 13 ჯარიმით გოგუა ლიდერობს. 12-12-ჯერ დაჯარიმდნენ კობიაშვილსა და კალაძესთან ორთაბრძოლაში.
ფეხბურთელი თამაში გოლი პასი წუთი დარტყმა ჯარიმა მასზე გაფრთხილება
მეკარეები
ნუკრი რევიშვილი 6 -3 - 540 - 0 0 1
გიორგი ლორია 1 -2 - 90 - 0 0 0
მცველები
კახა კალაძე 7 0 0 630 4 8 12 0
ალეკო ამისულაშვილი 6 0 0 540 2 10 6 1
ლაშა სალუქვაძე 5 0 0 371 1 3 2 0
მალხაზ ასათიანი 4 0 0 360 1 1 1 0
დავით კვირკველია 4 0 0 293 4 4 4 0
აკაკი ხუბუტია 3 0 0 270 0 6 3 1
უჩა ლობჟანიძე 3 0 1 270 2 3 2 2
გურამ კაშია 1 0 0 80 0 1 0 0
გია გრიგალავა 1 0 0 90 0 2 0 0
ნახევარმცველები
ლევან კობიაშვილი 6 1 0 540 4 5 13 2
ზურაბ ხიზანიშვილი 6 0 0 540 7 11 8 2
გოგიტა გოგუა 5 0 0 290 6 7 13 1
ჯანო ანანიძე 5 0 0 288 4 2 6 0
მურთაზ დაუშვილი 5 0 0 254 2 1 3 0
ჯაბა კანკავა 3 1 0 270 4 3 6 0
გიორგი მერებაშვილი 3 0 0 76 1 1 0 0
თორნიკე აფციაური 1 0 0 15 0 0 1 0
ალექსანდრე კოშკაძე 1 0 0 2 0 0 0 0
თავდამსხმელები
ალექსანდრე იაშვილი 7 1 0 419 3 4 7 1
დავით სირაძე 6 2 1 295 5 6 2 1
ლადო დვალიშვილი 6 0 0 276 4 8 4 0
ოთარ მარცვალაძე 2 0 1 101 1 2 2 2
ნიკოლოზ გელაშვილი 1 0 0 30 0 2 1 0