"ტრანსფერმარკტმა" საქართველოს ნაკრებები შეგვიფასა

AutoSharing Option
ქართველ გულშემატკივარს ყოველთვის აინტერესებს ჩვენი ფეხბურთის და მოთამაშეების რეიტინგი და ევროპელთა შეფასებები. ეს წერილი ცნობილი გერმანული ინტერნეტ-პორტალ "ტრანსფერმარკტის" ბოლო ინფორმაციას ეყრდნობა.

"ტრანსფერმარკტი" ლამის ყოველთვიურად ასახავს სატრანსფერო ბაზარზე მომხდარ ცვლილებებს. გამონაკლისი არც დასრულებული სეზონია. ლამის ყველა მოთამაშის ფასი შეიცვალა, ზოგი უფრო დაფასდა, ზოგი - გაუფასურდა, ციფრები კი სიტყვებზე მეტყველია.

წინასწარ გეტყვით, რომ თანხები მოცემულია ევროში. "ტრანსფერმარკტმა" საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებიც შეაფასა.

ეროვნული ნაკრები 20.950.000 €
U21 3.625.000€
U19 325.000€
U17 50.000€

ეროვნული ნაკრები ხორვატიასთან გამოძახებული ფეხბურთელების მიხედვით შეფასდა, მაგრამ ამ
მატჩში წამყვანი ქართველი ფეხბურთელების ნაწილი არ მონაწილეობდა. ასაკობრივი ნაკრებებიც ბოლო ტურნირების შემადგენლობით შეფასდა, მაგრამ მხოლოდ ორიოდე მოთამაშის ფასია აღნიშნული.

ცნობებში ბევრ უცნაურ ფაქტს წავაწყდით: მიუხედავად იმისა, რომ დავით სირაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი სანაკრებო და საკლუბო გოლი გაიტანა და მთლიანობაში 2010 წელი კარგად ჩაატარა, მისი ფასი არ გაზრდილა და კვლავ 400 ათას ევროდ აფასებენ. უცნაური კია - რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებს ფასი აქვთ, მით უფრო, ეროვნული ნაკრების წევრებს.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი დემეტრაძე დაკავებულია, მისი სატრანსფერო ფასი დიდხანს აღემატებოდა ეროვნული ნაკრების ზოგიერთი წევრისა და საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ყველა ფეხბურთელისას და 600.000 ევროს შეადგენდა. "ტრანსფერმარკტმა" მხოლოდ ახლა გააუქმა მისი შეფასება.

უნგრეთის "დიორი ეტოს" თავდამსხმელ რატი ალექსიძეს ნაკრებში ორი წელია აღარ იწვევენ. თუმცა ამას 32 წლის გამოცდილი ფორვარდის ფასზე უარყოფითად არ უმოქმედია, პირიქით, 50 ათასი ევროთი გაიზარდა - 400.000.

ასევე უცნაურია სანდრო იაშვილის ამბავი. 25 წლის თავდამსხმელი დიდხანს იყო უგუნდოდ, მაგრამ 325 ათას ევროდ შეაფასეს, რაც საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ბევრი ფეხბურთელისთვის მიუღწეველი ზღვარია.

მოსკოვის "ლოკომოტივიდან" დეკემბერში წასული და დღემდე უგუნდო მალხაზ ასათიანი კვლავაც ინარჩუნებს ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელის პოზიციას - 3,8 მილიონი ევრო. ეროვნული ნაკრების მიღმა დარჩენილთა შორის ყველაზე ძვირადღირებულები არიან გოგიტა გოგუა (2.000.000), საბერძნეთის "ერგოტელისის" მცველი გიორგი შაშიაშვილის (800.000), ლევან მჭედლიძე (650.000) და ლევან გვაზავა (500.000).

500.000-ად შეფასდა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მცველ გია გრიგალავას ტრანსფერი, რომელმაც 3 ივნისს სპლიტში პირველად მოირგო საქართველოს ნაკრების ფორმა.

"ტრანსფერმარკტის" ინფორმაცია რეალობას ყოველთვის ვერ ასახავს. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ვებგვერდის ადმინისტრაცია პოსტსაბჭოური სივრცის ფასებში ისე ვერ ერკვევა, როგორც დასავლეთის ბაზრის შემთხვევაში. ამის მაგალითად გამოდგება თუნდაც უჩა ლობჟანიძის ამბავი: ქართველი მცველი "დნიპრომ" 2010 წელს 2 მილიონ ევროდ იყიდა, გერმანულმა ინტერნეტპორტალმა კი შარშან მხოლოდ 750 ათასად შეაფასა და მხოლოდ ახლა გაუზარდა ფასი - 1.200.000.

"ვოლგა" გოჩა ხოჯავას 2-2,5 მილიონ ევროდ აფასებს, მას კი მხოლოდ 700 ათასი ევრო უწერია, არნემის "ვიტესის" გიორგი ჭანტურიას - 500.000, თუმცა ამ ფასში ჰოლანდიური კლუბი 19 წლის ქართველს ნამდვილად ვერ შეელევა.

ეროვნული ნაკრების იმ წევრების ფასი გაიზარდა, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში თამაშობენ. თბილისის "დინამოს" მეკარე გიორგი ლორიასა (450.000) და "ზესტაფონის" ნახევარმცველ მურთაზ დაუშვილის (550.000) ამბავი ცნობილია - ეს უკანასკნელი ეროვნულ ჩემპიონატში ყველაზე ძვირადღირებულია. "ზესტაფონის" ფორვარდ ნიკა გელაშვილს ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირობა დაუფასდა და მისი ტრანსფერი 400 ათასი ევროდ შეფასდა, შარშან ამ დროს კი 300 ათასი ღირდა. უფრო დაფასდნენ "ზესტაფონის" მცველი გიორგი ხიდეშელი (450.000), თავდამსხმელი რატი წინამძღვრიშვილი (350) და რუსთავის "ოლიმპის" ფორვარდი ირაკლი მოდებაძე (300 ათასი).

თუმცა თვალშისაცემია კურიოზული ფაქტი: 2009 წელს, როდესაც ეროვნულმა გუნდმა არსებობის ისტორიაში ყველაზე კატასტროფული სეზონი ჩაატარა, ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ნაკრების წევრთა ტრანსფერები უფრო ძვირად ფასობდა.

საწყენია, რომ საქართველოს ჩემპიონატის არც ერთ ფეხბურთელს არ აფასებენ მილიონ ევროდ. თუმცა ასე იყო უჩა ლობჟანიძეც, მაგრამ 2010 წლის დასაწყისში "ზესტაფონმა" დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" 2 მილიონ ევროდ გაყიდა. ბუნებრივია, ქართველებს ამაზე საკუთარი შეხედულება გვაქვს, "დინამოს" ყოფილი მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე ამბობდა, რომ საქართველოში კიდევ არიან ფეხბურთელები, რომლებიც ლობჟანიძეზე ნაკლებ ფასში არ უნდა იყიდებოდნენ, მაგრამ ევროპულ ბაზარს თავისი კრიტერიუმები გააჩნია, ფასებს თავად არეგულირებს და ჩვენ რას შეგვეკითხებიან...

ევროპაში მილიონ ევროზე მეტად სულ ჩვენი თორმეტი ფეხბურთელი ფასობს. არ არის დიდი რიცხვი, ჩვენ მეტს ველით 2011-12 წლების სეზონისგან. იმედია, ის ქართული ფეხბურთისთვის ბევრად წარმატებული და იღბლიანი იქნება, ვიდრე გასული, 2010-11 წლების სეზონი ჩვენს ფეხბურთს, ნაკრებებსა და მოთამაშეებს უფრო დააფასებენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი კომპეტენტური აზრით გიორგი ლორია ღირს 1,5 მლ ევრო
tedo
12:02 18-06-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული