გულშემატკივართა კლუბი "ჯვაროსანი" ოფიციალურად დაფუძნდა

AutoSharing Option
სულ ახლახანს, ოფიციალურად დაფუძნდა ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა კლუბი - "ჯვაროსანი", რომელიც აქტიურად ითანამშრომლებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან.

თანამშრომლობა მრავალმხრივი იქნება. რაც შეეხება გულშემატკივართა კლუბის მიზნებს, ესეც საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა.

"ჯვაროსანი" აქტიურად იმუშავებს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პოპულარიზაციაზე და სხვადასხვა სახის ღონისძიებებით შეეცდება გულშემატკივარი სტადიონზე სიარულს ისევ შეაჩვიოს. კლუბი ასევე იზრუნებს საგულშემატკივრო კულტურის ჩამოყალიბებასა და მის ფართო მასებში დანერგვაზე; განახორციელებს სოციალურ პროექტებს. მათი მიზანი იქნება ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე გუნდების ფანკლუბების მხარდაჭერა და დახმარება.

ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კლუბის საქმიანობაში კი, ეროვნული და სხვადასხვა
ასაკობრივი ნაკრებების აქტიური მხარდაჭერა იქნება, არამხოლოდ საშინაო მატჩებზე, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც.

ახლადჩამოყალიბებული გულშემატკივართა კლუბი აქტიურ მოქმედებაზე უახლოეს მომავალში გადავა, როცა პირველ აქციას "მიხეილ მესხის" სტადიონზე ჩაატარებს და სარემონტო სამუშაოებში მიიღებს მონაწილეობას და ამ აქციით, საკუთარ წვლილს შეიტანს სტადიონის განახლებაში.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის განახლებისთანავე, "ჯვაროსანი" გაცილებით აქტიურ მოქმედებებზე გადავა და ჩემპიონატის პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა სახის გასართობ ღონისძიებებს პერმანენტულად გამართავს. მაგალითად, პირველი ასეთი შოუ-აქცია 7 აგვისტოს, ქუთაისში გაიმართება, სადაც ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება "ტორპედოსა" და ქვეყნის ჩემპიონ "ზესტაფონს" შორის. მატჩის დაწყებამდე, გაიმართება ქუთაისის "ტორპედოს" ფანკლუბისა და ცნობილი სახეებისგან (პოლიტიკოსები, მომღერლები, მსახიობები)დაკომპლექტებული გუნდის მატჩი. მსგავსი სახალისო მატჩები მუდმივად მოეწყობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქების სტადიონებზე.

აგვისტოს თვეშივე განხორციელდება ერთი მეტად სერიოზული პროექტი - "საზაფხულო ბანაკების აქცია". "ჯვაროსანის" ორგანიზებით, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების ფანკლუბებიდან, 15-15 ადამიანი წავა საზაფხულო ბანაკში, სადაც აქტიურ დასვენებასთან ერთად, მოხდება მათი, ასე ვთქვათ, "გადამზადება" (საგულშემატკივრო სიმღერების, შეძახილების და ა.შ შესწავლა და დახვეწა). ამასთან, ბანაკში მოეწყობა მრავალი გასართობი ღონისძიება, თამაში, კონკურსი და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ფანკლუბების დაახლოებას და დამეგობრებას.

სამომავლოდ, გულშემატკივართა კლუბის წევრებისთვის გაკეთდება სერიოზული ფასდაკლებები საგულშემატკივრო ატრიბუტიკაზე (მაისურები, შარფები და ა.შ.). სტადიონებზე მოწყობილ საგანგებო მაღაზიებში კი, მუდმივად გაიყიდება ფანებისთვის საჭირო აქსესუარები.

რაც შეეხება კლუბში გაწევრიანებას, "ჯვაროსანის" კარი ყველასათვის ღია იქნება. კლუბის ოფისი განთავსდება "მიხეილ მესხის" სტადიონზე, მას შემდეგ, რაც სტადიონის რეკონსტრუქცია დასრულდება და სწორედ, ამ დროიდან დაიწყება მსურველების გაწევრიანება.

კლუბში გაწევრიანებისა და მათი სიახლეების შესახებ, პერიოდულად გაცნობებთ სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით.

"იქ, სადაც ჩემი გუნდია" - "ჯვაროსანის" სლოგანია. მისი დამფუძნებლები იმედოვნებენ, რომ ამ სლოგანის ქვეშ, მალე უამრავი ქართველი გულშემატკივარი გაერთიანდება.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული