ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგი - ევროპელთა რეგრესი და ლათინთა პროგრესი

AutoSharing Option
ფიფასა და "კოკა კოლას" ერთობლივ რეიტინგში, რომლის განახლებული ვარიანტიც გუშინ, 27 ივლისს გამოქვეყნდა, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთი საფეხურითაა დაქვეითებული და 57-ე ადგილზეა.

რაკი ივლისში ევროპულ ნაკრებებს არ უთამაშიათ, მათი თანმიმდევრობა არ დარღვეულა და უცვლელი დარჩა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის საწილისყრო კალათების შემადგენლობა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები, რომლის ბრაზილიური მუნდიალის საკვალიფიკაციო ციკლის მეტოქეები ზეგ გაირკვევა, მეოთხე კალათაშია.

მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრის თემას უფრო ვრცლად ზეგინდელ ნომერში შევეხებით და კალათების შემადგენლობასაც შეგახსენებთ, ახლა კი რეიტინგს მივუბრუნდეთ.

ზაფხულის ყველაზე საინტერესო სანაკრებო მოვლენა კოპა
ამერიკა იყო და ფიფას რეიტინგში ყველაზე მეტი ცვლილება სწორედ ამ ტურნირმა შეიტანა. კოპას ტრიუმფატორ ურუგვაის გამარჯვება დაუფასდა, ერთბაშად 13 ადგილით დაწინაურდა და დღეს მსოფლიოში მე-5 ნაკრებია. სოლიდურ პროგრესს მიაღწია კოპა ამერიკას კიდევ რამდენიმე მონაწილემ - ჩილე 27-დან მე-11 საფეხურამდე აღზევდა, პერუ - 49-დან 25-ემდე, კოლუმბია - 54-დან 35-ეზე, ხოლო ვენესუელამ 29-ადგილიანი ნახტომი გააკეთა და მე-40 პოზიციაზეა. კოპაზე განცდილი კრახი ძვირად დაუჯდა მექსიკას, რომელიც მე-9-დან მე-20 ადგილამდე დაეშვა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მეტოქეებს ევრო 2010-ის შესარჩევ ტურნირში, ხორვატია მე-8-დან მე-9 პოზიციამდე ჩამოქვეითდა, საბერძნეთი მე-12-დან მე-13-ეზე დაეშვა, ისრაელი 30-დან 32-ეზე ჩავიდა, ლატვიამ ერთი საფეხურითუკან დაიხია და 83-ეა, მალტის მდგომარეობა კი 12 პოზიციით გაუარესდა და კუნძულელები დღეს 173-ეები არიან.

რეიტინგის საუკეთესო სამეული უცვლელი დარჩა, ბრაზილიამ კი კოპა ამერიკაზე განცდილი ფიასკოს მიუხედავად, მდგომარეობა ერთი პუნქტით გაიუმჯობესა.
საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება: 1. ესპანეთი, 2. ჰოლანდია, 3. გერმანია, 4. ბრაზილია, 5. ურუგვაი, 6. ინგლისი, 7. პორტუგალია, 8. იტალია, 9. ხორვატია, 10. არგენტინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული