Brazil 2014 - დღეს საქართველო მუნდიალზე იღელვებს

AutoSharing Option
დღეს, 30 ივლისს საღამოს რიო დე ჟანეიროში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა გაიმართება და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეთა ვინაობასაც გავიგებთ.

უკვე გაუწყეთ რომ, ნაკრებები კალათებში ფიფას რეიტინგში დაკავებული ადგილების მიხედვით ნაწილდებიან. რაკი ივლისში ევროპულ გუნდებს არ უთამაშიათ, რეიტინგში მათი თანმიმდევრობა არ შეცვლილა და კალათების შემადგენლობაც, ფაქტობრივად, ერთი თვის წინ განისაზღვრა.

პირველი კალათი: ესპანეთი, ჰოლანდია, გერმანია, ინგლისი, იტალია, პორტუგალია, ხორვატია, ნორვეგია, საბერძნეთი.
მეორე კალათი: საფრანგეთი, ჩერნოგორია, რუსეთი, შვედეთი, დანია, სლოვენია, თურქეთი, სერბეთი, სლოვაკეთი.
მესამე კალათი: შვეიცარია, ისრაელი, ირლანდია, ბელგია,
ჩეხეთი, ბოსნია, ბელარუსი, უკრაინა, უნგრეთი.
მეოთხე კალათი: ბულგარეთი, რუმინეთი, საქართველო, ლიტვა, ალბანეთი, შოტლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია, ავსტრია, პოლონეთი.
მეხუთე კალათი: სომხეთი, ფინეთი, ესტონეთი, კვიპროსი, ლატვია, მოლდოვა, მაკედონია, აზერბაიჯანი, ფარერები.
მეექვსე კალათი: უელსი, ლიხტენშტაინი, ისლანდია, ყაზახეთი, ლუქსემურგი, მალტა, ანდორა, სან მარინო.

53 ევროპული ნაკრებიდან ბრაზილიაში მხოლოდ 13 გაემგზავრება. შეიქმნება 9 ჯგუფი, საიდანაც 8-ში 6-6 გუნდი იქნება, ერთში კი - 5. ჯგუფების გამარჯვებულები მუნდიალის საგზურს ავტომატურად მიიღებენ, ყველაზე უარესი შედეგის მქონე მეორეადგილოსანი თამაშგარეში დარჩება, დანარჩენი რვა კი ოთხ წყვილს შეადგენს და ბოლო ოთხ საგზურსაც ისინი გაითამაშებენ.

შეგახსენებთ, ჩვენს ეროვნულ გუნდს თემურ ქეცბაიას დანიშვნამდე გაცილებით უარესი რეიტინგი ჰქონდა. ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრისას საქართველოს ნაკრები მეხუთე კალათის ბინადარი იყო, ახლა კი ერთი კალათით ზემოთაა.

კალათების შემადგენლობას დაკვირვებით თუ გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ უმძიმეს, ხელსაყრელ თუ საშუალო სიძლიერის ჯგუფში მოხვედრის დაახლოებით ერთნაირი შანსი გვაქვს და ვნახოთ, იქნება თუ არა იღბალი ჩვენს მხარეს.

ჩვენი ორი ამჟამინდელი მეტოქე, ხორვატია და საბერძნეთი, პირველკალათელია და იქ მოხვედრილ სხვა გუნდებს თუ გადავხედავთ, ზემოთ ნახსენები ორიდან რომელიმესთან კვლავ შეხვედრა ურიგო პერსპექტივა არ უნდა იყოს. ნორვეგიაც უთუოდ კარგი ვარიანტია, დანარჩენებზე კი რა გითხრათ...

ჩერნოგორიამ ბოლო დროს სერიოზული პროგრესი კი განიცადა, მაგრამ მეორე კალათიდან მაინც მათი შეხვედრა უნდა ვისურვოთ. ხელწამოსაკრავი გუნდები არც მესამე კალათში არიან და უკრაინა და შვეიცარია უხერხულ მეტოქეებად უნდა მივიჩნიოთ, უნგრეთი, ბელარუსი, ბოსნია და თუნდაც ბელგია კი, ნორმალური ვარიანტი უნდა იყოს.

მეოთხეკალათელებიდან, ბუნებრივია, საქართველოს ნაკრებთან ვერავინ მოხვდება, მეხუთე და მეექვსე კალათებში სასურველი მეტოქე ბევრია, მაგრამ უსიამოვნო ვარიანტებიც არსებობს კვიპროსისა და უელსის სახით.

გავიხსენოთ: ახლახან ფიფამ გამოაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები ერთ ჯგუფში არ მოხვდებიან, ისევე, როგორც აზერბაიჯანი და სომხეთი (თუმცა ეს ორი ისედაც ერთ კალათში აღმოჩნდა). ასე რომ, მეორე კალათიდან ჩვენი პოტენციური მეტოქე მხოლოდ რვა გუნდია.

ბოლოს კი "ლელოს" სუბიექტურ აზრს შემოგთავაზებთ და თითოეული კალათიდან ჩვენი აზრით ყველაზე სასურველ და არასასურველ მეტოქეებს დავასახელებთ.

საუკეთესო ვარიანტი: ნორვეგია, ჩერნოგორია, უნგრეთი, ფარერები, სან მარინო.

ყველაზე ცუდი ვარიანტი: ესპანეთი, საფრანგეთი, უკრაინა, კვიპროსი, უელსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
შემოგევლეთ ბიჭებოო !!! არავისი არ გვეშინია! შიშის დედაც მ...! ბიჭებო,მთელი ქართველი ერი თქვენს მხარეს დავდგებით და დავანახოთ ევროპა-მსოფლიო ჩემპიონებს ვინ არიან ქართველები ! და ბაყაყიჭამია ფრანგებს ვაჩამოთ გომბეშოები ! მიყვარხართ!!!!
Qartveli!
16:11 01-08-2011
0
თავს იმით ვიმშვიდებ რომ ჩავი ინიესტას მაინც ვნახავ დინამოზე:D
levani
11:09 01-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული