მეგობრული რჩევები თემურ ქეცბაიას

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, თუ როგორ გაგრძელდება თემურ ქეცბაიას სამწვრთნელო კარიერა, მისი სახელი როგორც ფეხბურთელისა და მწვრთნელის საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში და გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას ასევე ევროპული ფეხბურთის ისტორიაშიც უკვე შევიდა.

ის იყო არა მარტო მაღალი კლასის ფეხბურთელი, არამედ ყოველთვის გამოირჩეოდა მებრძოლი სულით, მტკიცე ხასიათით, გამაოგნებელი შრომისუნარიანობით და მიზანდასახულობით - როგორც ფეხბურთელის, ისე მწვრთნელის რანგში. ეს მახასიათებლები, სამწუხაროდ, აკლდა ზოგიერთ სხვა ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს და მწვრთნელს, რომლებიც თავისი ოსტატობით და კლასით არ ჩამოუვარდებოდნენ თემურს, და ზოგჯერ მას აღემატებოდნენ კიდეც, მაგრამ სწორედ აღნიშნული
თვისებების არქონის გამო ვერ მიაღწიეს იმ მწვერვალებს, რომლის დაპყრობაც შეძლო 43 წლის თემურ ქეცბაიამ.

ფეხბურთის სპეციალისტებს და გულშემატკივრებს ახსოვთ როგორ იწყებდა თემური თავის გზას დიდ ფეხბურთში მშობლიურ გალში. წარმატებით გამოდიოდა სოხუმის "დინამოს" შემადგენლობაში სსრკ-ს მეორე ლიგის ჩემპიონატში, სადაც სწრაფად მიაქციეს ყურადღება მას ქართული ფეხბურთის გრანდის თბილისის "დინამოს" წარმომადგენლებმა. თემური წარმატებით გამოდიოდა სსრკ-ის ახალგაზრდული ნაკრების რიგებში, ის იყო ამ ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, რომლის შემადგენლობაში საქართველოდან კიდევ სამი ფეხბურთელი - მამუკა ფანცულაია, ვასილ მიქაშავიძე და ალან ყულუმბეგოვი - თამაშობდნენ.

თემურის ბრწყინვალე დებიუტი 1987 წელს თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში სსრკ-ის ჩემპიონატის თამაშებსა და უეფა-ს თასის შეხვედრებში- "ლოკომოტივი" სოფია, "ვიქტორია" ბუჰარესტისა და "ვერდერიI ბრემენის - იმდროინდელი გფრ-სა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის - წინააღმდეგ შედგა. იმ წელს ქეცბაია ძირითადად შეცვლაზე შემოყავდათ, მაგრამ ის ნახევარი საათის ან ერთი ტაიმის მანძილზე ახერხებდა შთამბეჭდავ და შედეგიან თამაშს. . .

ამ დღეებში კიდევ ერთხელ ვუყურე უეფა-ს თასის მერვედფინალური თამაშის "ვერდერი"–"დინამოს" შეხვედრის ვიდეოჩანაწერს. ეს მატჩი 1987 წლის 25 ნოემბერს ბრემანში ჩატარდა. ფეხბურთის ახალგაზრდა გულშემატკივარს ვეტყვი, ხოლო სტაჟიან გულშემატკივარს კი მხოლოდ შევახსენებ, რომ ამ თამაშამდე "ვერდერმა" გაანადგურა მოსკოვის "სპარტაკი" 6:2, რომლის კარს იმ დროისათვის ევროპის ერთერთი საუკეთესო მეკარე რინატ დასაევი იცავდა. მაშ ასე, 1987 წლის ნოემბრის იმ დღეს "ვერდერმა" მინიმალური ანგარიშით მოუგო თბილისის "დინამოს" 2:1, ხოლო საპასუხო მატჩში თბილისში ქართველი ფეხბურთელები გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ ეს ვერ შეძლეს - თამაში ფრედ 1:1 დასრულდა.

და მაინც, - რატომ გავიხსენე ეს შეხვედრები ახლა? გფრ-დან პირველი შეხვედრის რეპორტაჟი მიყავდა ლეგენდარულ კომენტატორს კოტე მახარაძეს. ნიკოლაი ოზეროვთან ერთად იგი ითვლებოდა სსრკ-ს საუკეთესო კომენტატორად და მას ჰქონდა უმაღლესი რეპუტაცია მთელ საფეხბურთო სამყაროში. ბრემენიდან რეპორტაჟის მიმდინარეობისას კოტე მახარაძემ - თამაშის რეპორტაჟი გადაიცემოდა მთელი სსრკ-ს მასშტაბით და ზოგიერთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში - ტელემაყურებელს ძალიან თბილად წარუდგინა ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელი ქეცბაია და დასძინა, რომ თამაშის წინა დღეს თემურმა გამოთქვა უკმაყოფილება "დინამოს" მთავარი მწვრთნელის გერმან ზონინის მიმართ - რომ მას (თემურს) არ ათამაშებენ მთელ თამაშს და მხოლოდ 25-30 წუთით შეყავდათ მოედანზე.

თემური მწვრთნელებს უმტკიცებდა, რომ მას გუნდისთვის უფრო მეტი შედეგის მოტანა შეეძლო, თუ თუნდაც მეორე ტაიმს სრულად ათამაშებდნენ. "ვერდერთან" იმ დღეს თემურმა დიდად გამოცდილ რამაზ შენგელიასთან (სსრკ-ს საუკეთესო ფახბურთელი 1978 და 1981 წწ), ალექსანდრე ჩივაძესთან (სსრკ-ს საუკეთესო ფახბურთელი 1980 წ.), თენგიზ სულაქველიძესთან (ევროპის ვიცე-ჩემპიონი 1988 წ.), ახალგაზრდა გია გურულთან, სოსო ჭედიასთან, ახრიკ ცვეიბასთან და გელა კეტაშვილთან ერთად '"ვერდერის" ფეხბურთელებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია. ოთარ გაბელიამ კი, რომელიც "დინამოს" კარს იცავდა, მოწინააღმდეგის მძლავრი დარტყმებისაგან რამდენჯერმე პირდაპირ სასწაულით გადაარჩინა გუნდი.

მაშ ასე, კოტე მახარაძის სიტყვების თანახმად, თემურ ქეცბაიამ აღნიშნული შეხვედრის წინ გამოთქვა თავისი უკმაყოფილება. თემურ, ახლა ამის შესახებ მე შეგახსენებთ იმიტომ, რომ თუ კი 2011 წლის საქართველოს ნაკრების შემადგენლობის რომელიმე ფეხბურთელმა შენსავით გამოთქვა ან მომავალში გამოთქვამს უკმაყოფილებას, რომ არ გაგყავს მოედანზე, ან მხოლოდ ბოლო 20-30 წუთით ათამაშებ, ნუ გაგიკვირდება და ძალიან ნუ განაწყენდები მასზე, ნუ მიიღებ რადიკალურ ზომებს, რაც უკვე მოხდა ერთერთ ფეხბურთელთან მიმართებაში.

რა თქმა უნდა, მწვრთნელმა უკეთ იცის, მაგრამ ესა თუ ის მოთამაშე დასაჯოს საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გარიცხვით მოთამაშის ფიცხი ან უხეში ხასიათის გამო - ეს არ არის სიტუაციიდან გამოსავალი. არავინ აპირებს გაამართლოს მოთამაშე მწვრთნელებისა ან თანაგუნდელების მიმართ უხეშობისათვის, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ნაკრებს ჰაერივით სჭირდება ესა თუ ის მებრძოლი ხასიათის, გამოცდილებისა და ოსტატობის მქონე ფეხბურთელი, მაშინ მწვრთნელი უბრალოდ ვალდებულია დაძლიოს პირადი წყენა.

ვიმედოვნებ, რომ თემური უწყენრად მიიღებს ჩემს სიტყვებს. მეტსაც დავძენ, თემურს კარგად ახსოვს ალბათ, 1998 წლის სექტემბერში თბილისში საქართველო-ალბანეთის შეხვედრის მიმდინარეობისას თავად როგორ ენერგიულად და მკვეთრად გამოთქვა უკმაყოფილება, რომ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ გუცაევმა იგი 55-ე წუთზე გამოცვალა. მაშინ- 90-იან წლებში თემური საქართველოს ნაკრების ყველაზე სტაბილური ფეხბურთელი იყო. ნაკრების ყველა შეხვედრაში ის იდგა მოწოდების სიმაღლეზე და თავისი შემართებით ფრთებს ასხამდა სხვა ფეხბურთელებსაც. თუკი თემური გამოთქვამდა უკმაყოფილებას მწვრთნელის ამ თუ იმ გადაწვეტილების გამო, მის გამოსვლებს გაგებით ეკიდებოდნენ.

მე შეგნებულად არ ვასახელებ თანამედროვე ფეხბურთელებს, რომლებიც თავისი ფიცხი ხასიათისა და შეკამათების ან უხეშობის გამო გაუშვეს საქართველოს ნაკრებიდან. ვფიქრობ, მათ შესახებ ყველამ იცის. მე არ მსურს რომელიმე მოთამაშის ადვოკატი ვიყო, მაგრამ ჩემგან გულწრფელად პატივცემულ თემურს მსურს ვთხოვო, გამოაცხადოს მწვრთნელის ამნისტია იმ ფეხბურთელების მიმართ, რომლებიც ასე მოიქცნენ ან ასე მოიქცევიან მომავალში.

ეს არ ნიშნავს, რომ მწვრთნელმა უნდა აპატიოს სპორტსმენს ყველაფერი ან შეასუსტოს დისციპლინა და კონტროლი გუნდზე., მაგრამ დასჯა უნდა იყოს შესატყვისი და არც თუ ხანგრძლივი.

ეს პირველი თხოვნაა თემურისა და საქართველოს ნაკრების მთელი სამწვრთნელო შტაბისადმი.

მეორე თხოვნა - უფრო სწორედ რჩევა თემურსა და მის გუნდს. მგონი ღირს, სცადოთ ნაკრების კაპიტანი და ვეტერანი ფეხბურთელი კახა კალაძე დააყენოთ არა დაცვის ხაზზე, არამედ ნახევარდაცვაში. კახამ თავისი ყველაზე დიდი წარმატებები სწორედ ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშით მოიპოვა. ეს ადგილი თავის დროზე მას ვალერი ლობანოვსკიმ კიევის "დინამოში" მიუჩინა. ბოლო თვეებში კალაძემ აღიგინა თავისი ფორმა, მაგრამ, ვფიქრობ, ბევრად უფრო შედეგიანი იქნება იგი ნახერარდაცვაში. ეს საჭიროა კიდევ იმიტომ, რომ ხშირად მისი შეცდომები დაცვის ხაზში გოლს ან საგოლე სიტუაციას უქმნის მოწინააღმდეგეს, ხოლო ნახევარდაცვაში მას ბევრად უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია - აქვს კარგი დარტყმა, ფიზიკურად ძლიერია და აქტიურად ერთვება შეტევაში, სასარგებლოა სტანდარტულ სიტუაციებში.

ზოგი იტყვის, რომ კალაძის დრო წავიდაო, მაგრამ რაკი ის კვლავ თამაშობს ნაკრებში ე.ი. უმჯობესია იგი გამოვიყენოთ ნახევარდაცვაში.

დაბოლოს, გერმანიაში წარმატებით თამაშობს საქართველოში დაბადებული და ალემანიის მოქალაქე აკაკი გოგია. უწინ ქართულ პრესაში იყო ინფორმაცია, რომ ცდილობდნენ მის მიწვევას საქართველოს ჭაბუკ და ახალგაზრდულ ნაკრებში, მაგრამ აკაკი არ დათანხმდაო. თემურ, იქნებ თქვენ და თქვენი თანაშემწეები შეძლებთ მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვას, დაითანხმებთ აკაკი გოგიას და მოიწვევთ საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ. აკაკი გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებშია მიწვეული. ამბობენ, რომ ის დიდი ტალანტია. მით უფრო გვჭირდება...

დიდი პატივისცემით, თენგიზ პაჭკორია (ჟურნალისტი)
მკითხველის კომენტარები / 15 /
koqsi, აბსოლიტური ჭეშმარიტება არ არსებობს (ღმერთის გარდა)! არ შეიძლება წარმატებული მწვრთნელი ცუდი დიპლომატი და ფსიქოლოგი იყოს. ქეცბაია კი, ჩამი აზრით, წარმატებული მწვრთნელია.
Giorgipirweli
09:32 26-08-2011
0
ბატონო თენგიზ!

აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ბრძანებ - თქვენი თხოვნის ანალოგიური თხოვნა რამდენიმეგზის დავაფიქსირე "მსოფლიო სპორტის" ფორუმში.
მაგრამ, სამწუხაროდ ხმა ჩვენი დარჩება "ხმად მღაღადებლისად უდაბნოსა შინა", რადგან ქეცბაია, რამდენადაც კარგი სტრატეგოსია, იმდენად ცუდი დიპლომატი და ფსოქოლოგია. მე ის ერეკლე მეორეს შევადარე - დიდი მხედართმთავარი იყო და უვარგისი პოლიტიკოსი!
koqsi
15:31 25-08-2011
0

სიახლეები პოპულარული