29 აგვისტოს იქვე გაიმართა პრესკონფერენცია, მედიას გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია და ნაკრების ახალწვეული, უკრაინული "ოლექსანდრიას" შემტევი ნახევარმცველი დავით თარგამაძე წარუდგნენ.
თემურ ქეცბაია:
- ყველა თამაში მნიშვნელოვანია. არ აქვს მნიშვნელობა, ამხანაგურია თუ ოფიციალური. შესარჩევ ციკლში სამი მატჩი დაგვრჩა ჩასატარებელი, პლეი ოფში მოხვედრის თეორიული შანსი ჯერ კიდევ
ხორვატიას კი ოთხი მატჩი აქვს სათამაშო და ტურნირის დაწყებამდეც ვთქვი, ეს გუნდი პირველ ადგილზე გასასვლელად საჭირო ქულებს აუცილებლად დააგროვებს-მეთქი.
მეორე ადგილის შანსი კი ამჟამად სამ გუნდს აქვს. სხვებზე ვერ ვილაპარაკებ, ერთმანეთში როგორ ითამაშებენ, ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ჩვენი შანსი კი ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ. ლატვიასთან მძიმე მატჩი გველის. იმედია, შეკრებაზე გამოძახებული ფეხბურთელები მომზადებულები ჩამოვლენ და თამაში ისე ჩაივლის, როგორც ჩვენ გვინდა.
- ლატვიელებზე რისი თქმა შეგიძლიათ?
- ბოლო თამაშები სუსტად ჩაატარეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თბილისშიც ასე ითამაშებენ. კარგი გუნდია, გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავთ. თუ გვინდა, რომ ჩვენი იმედი რეალობად იქცეს, ეს საშინაო შეხვედრა უნდა მოვიგოთ.
- შეკრება ოპტიმალური შემადგენლობით დაიწყეთ?
- ვინც საჭიროდ ჩავთვალეთ, ისინი გამოვიძახეთ, მხოლოდ ლობჟანიძის თამაში გამოირიცხა, იგი ტრავმირებული ჩამოვიდა. სხვები ჯანმრთელად არიან და ივარჯიშებენ.
- სრული შემადგენლობით როდიდან ივარჯიშებთ?
- ხვალიდან, რადგან ყველა ლეგიონერს 30 აგვისტომდე ველით.
- ნაკრების ნახევარმცველ ბუბა დაუშვილის "ზესტაფონის" დუბლშემადგენლობაში გადაყვანაზე რა კომენტარს გააკეთებდით?
- რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია. როგორც თქვეს, თამაშს უკლო, მაგრამ თუ უარესად ათამაშდა, მწვრთნელი და გუნდი იმისთვის არიან, რომ ასეთ დროს ფეხბურთელს უნდა დაეხმარონ. ლაპარაკია იმ მოთამაშეზე, რომელიც ჟურნალისტებმა გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეთ. დაუშვილი არა მხოლოდ "ზესტაფონში", საქართველოს ნაკრებშიც თამაშობს. მე საკლუბო საქმეებში არ და ვერ ჩავერევი, უჩემოდ გაერკვევიან, მაგრამ ეროვნული გუნდის ინტერესებიც გასათვალისწინებელია. თუმცა, ეტყობა, განსხვავებული ხედვა გვაქვს.
- პოლონეთთან დებიუტანტმა თარგამაძემ დიდი მოწონება დაიმსახურა. გვაინტერესებს მისი აზრი ლატვიელებთან მატჩზე?
დავით თარგამაძე: ძალიან მძიმე მატჩი გველის და ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ შევასრულებთ მწვრთნელის დავალებებს.
- შანსებზე რას იტყოდი?
- ლატვია კარგი გუნდია და იოლ მატჩს არ ველით, მაგრამ ვფიქრობ, მოგების საკმაოდ დიდი შანსი გვაქვს, რადგან შინ ვთამაშობთ და ყველამ მოგებაზე უნდა ვიფიქროთ.
- თქვენი აზრით, ლატვია ისეთივე შემართული იქნება, როგორიც რიგის მატჩში იყო?
თემურ ქეცბაია: არ აქვს მნიშვნელობა, ჯგუფიდან გასვლის შანსი აქვთ თუ არა - ისინი ყველა მატჩში მონდომებით თამაშობენ. თუ პლეი ოფში მოხვედრაზე ვოცნებობთ, ფეხბურთელები ვალდებულნი არიან, ბოლომდე დაიხარჯონ და მოსაგებად ყველაფერი გაიღონ.
შვიდი ტურის შემდეგ ჯგუფიდან გასვლის შანსი რომ გვაქვს, ეს ბიჭების დამსახურებაა. თუმცა იყო უსიამოვნო მომენტებიც, თუნდაც იმავე ლატვიაში, სადაც ბოლო წუთზე დასანანი გოლი გავუშვით და მოგება ვერ შევინარჩუნეთ. ფეხბურთში კი ბოლო წუთამდე უნდა იბრძოლო.
- ეროვნული ნაკრებს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც თამაშს გაამწვავებს და თავდამსხმელებს პასებით მოამარაგებს. ამ თვალსაზრისით რაიმე რეზერვს თუ ხედავთ?
- პასის მიმცემიც არის და გამტანიც. ასე რომ არ იყოს, მაშინ საერთოდ რა გვინდა? რა თქმა უნდა, პრობლემები არის, მაგრამ მომავალს მაინც იმედის თვალით ვუყურებ. ახალგაზრდულ ნაკრებში არიან საინტერესო ბიჭები, რომელთაც დრო და თამაშები სჭირდებათ. ერთ-ორ წელიწადში ფეხბურთელს ვერ შევქმნით.
მთავარია, ჩამოვაყალიბოთ გუნდი, რომელიც იომებს. ნაკრებს სჭირდება ინდივიდუალისტები, მაგრამ მე მინდა არა ათი ინდივიდუალისტი, არამედ გუნდი, რომელიც შედეგის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს. თუმცა, ვიმეორებ, არიან ბიჭები, რომლებიც მოუმატებენ და მალე ეროვნულ ნაკრებსაც დაეხმარებიან.
- რამდენად აკმაყოფილებს ნაკრების მოთხოვნებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, რომელიც ეროვნულ სტადიონზე გაცილებით ნაკლებ მაყურებელს იტევს?
- ყველამ იცით, რა მდგომარეობაშია ეროვნული სტადიონის მოედანი - გვეყო ასეთ ცუდ საფარზე თამაში. სამწუხაროა, რომ პატარა სტადიონზე ვითამაშებთ, მაგრამ "მიხეილ მესხზე" ფანტასტიკური მინდორია, ისეთივე, როგორიც ნაკრების ბაზაზე. ზაფხულში დაწყებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ "მიხეილ მესხზე" ბევრი რამ შეიცვალა - გასახდელები, ვიპლოჟები, გაირეცხა სკამები, რომელთაც ფერი დაუბრუნდა; რაც მთავარია, დააგეს მშვენიერი საფარი. იქ ყველა პირობაა, კარგი ფეხბურთი რომ ვითამაშოთ და გულშემატკივარი გავახაროთ.
- ევროტურნირებზე "ზესტაფონისა" და "დინამოს" გამოსვლიდან გამომდინარე, გულშემატკივარი ამ გუნდებიდან ნაკრებში მეტი მოთამაშის მიწვევას ელოდა. კიდევ ვინმეს დამატებას ხომ არ აპირებთ?
- ვინც საჭიროდ ჩავთვალეთ, უკვე მოვიწვიეთ, "დინამოდანაც" და "ზესტაფონიდანაც", ჯერჯერობით სხვების დამატებას არ ვაპირებთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"