ალექსანდრ სტარკოვსი: ლატვიის ფეხბურთის პროგრესი ქართველების დამსახურებაცაა

AutoSharing Option
ლატვიის ნაკრებმა გუშინ, 1 სექტემბერს წესისამებრ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა. მართალია, პრესკონფერენცია არ გამართულა, მაგრამ ბალტიელთა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ სტარკოვსმა ინტერვიუსთვის დრო დაგვითმო.

- რა მდგომარეობაა მატჩამდე ლატვიის ნაკრებში?
- იმედია, ხვალ საინტერესო შეხვედრა იქნება. ჩვენ სატურნირო მიზნები აღარ გაგვაჩნია, მაგრამ ის კი გვსურს, რომ კარგად და შედეგიანად ვითამაშოთ. თქვენები კი, ცხადია, მდგომარეობის გაუმჯობესებას შეეცდებიან.

- თქვენი ხელმძღვანელობით ლატვიის ნაკრები ყოველთვის პრაგმატულ და გამართულ ფეხბურთს აჩვენებდა. თუმცა ბოლო დროს გუნდის თამაში გაუფერულდა.
- საქმე ისაა, რომ ლატვიის
ნაკრებში გადახალისების პროცესი მიმდინარეობს და ბევრი ახალგაზრდა მოვიწვიეთ, თაობათა ცვლა კი ყოველთვის რთული პროცესია. ამ დროს წაგებაც ხშირია, მაგრამ ეს ნაბიჯი შეგნებულად გადავდგით. ძველი მოთამაშეებიდან მხოლოდ მარის ვერპაკოვსკისი დარჩა, ყველა დანარჩენი კი ახალი თაობის წარმომადგენელია. მათ ნაკრებში ჯერ ბევრი არაფრისთვის მიუღწევიათ, მაგრამ გავა დრო და მჯერა, წინა თაობაზე ნაკლებად არ ითამაშებენ. ოსტატობას კი სწორედ ისეთი თამაშებით დახვეწენ, თბილისში რომ გველის.

- ამ თაობაში ვის გამოარჩევდით?
- რამდენიმე საინტერესო მოთამაშეა, მაგალითად, ცაუნია, რომელიც ცსკა-მ აიყვანა.

- პოლონეთის ჩემპიონატის ბომბარდირ არტიომ რუდნევსის თამაში საბოლოოდ გამოირიცხა?
- სამწუხაროდ, ასეა, რუდნევსი ვერ ითამაშებს, დანარჩენები კი ჯანმრთელად არიან.

- ლატვიას თბილისში აქამდე არ წაუგია.
- ეს ფაქტი მოთამაშეებს თავდაჯერებას შემატებს. ქართველებს კი ძლიერი ინდივიდუალისტები გყავთ და ჩვენი მიზანია, მასპინძლებს ეს კოზირი ავართვათ.

- ნაკრების პარალელურად "ბაქისაც" ავარჯიშებთ. "ინტერთან" სკანდალური თამაშის ემოციები დღემდე გამოგყვათ?
- ფეხბურთი უემოციოდ წარმოუდგენელია, "ინტერმა" მოედანი დატოვა, მაგრამ აბსოლუტური ტყუილია, თითქოს კახა ცხადაძემ მე და ჩემს ასისტენტებს შეურაცხყოფა მოგვაყენა. არანაირი კონფლიქტი არ მოგვსვლია, კახა მსაჯებით იყო გამწარებული, ეს იყო და ეს. ჩვენ კი ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

- დღევანდელი საქართველოს ნაკრები ბევრით განსხვავდება იმ ძველისგან, რომელთანაც თბილისში არ აგებდით. ამ გუნდს როგორ დაახასიათებდით?
- ცხადია, ტექნიკური მოთამაშეები ისევ გყავთ, ამას კი თამაშის კარგი ორგანიზაცია და დისციპლინა დაემატა. ამ ორი კომპონენტის სინთეზი ძალიან ბევრს ნიშნავს. არადა, ადრე სათამაშო დისციპლინით არ გამოირჩეოდით.

- ქართველებიდან ვის გამოარჩევდით?
- დვალიშვილს, კობიაშვილს, კალაძეს. ჩვენს ბიჭებს მათზე დაკვირვება არ აწყენდათ. სხვათა შორის, ლატვიის ფეხბურთის პროგრესი იმ ქართველი ბიჭების დამსახურებაც არის, ბოლო 15 წელი ჩვენი ჩემპიონატის წამყვან კლუბებში რომ თამაშობდნენ. მათ ძალიან ბევრი შეგვძინეს მწვრთნელებსაც და მოთამაშეებსაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Александрик дай нам этот матч в легкую, чтоб мы силенок на Мальту оставили! )))
geosochi
11:08 02-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული