ევრო 2012 და საქართველო - ოცნებების სასაფლაო

AutoSharing Option
2. 09. თბილისი. მიხეილ მესხი. 17000 მაყურებელი
საქართველო-ლატვია 0:1
0:1 ცაუნია (64)

საქართველო (4-2-3-1) ლატვია (4-2-3-1)
ლორია ვანინსი
კაშია კლავა
ამისულაშვილი ივანოვსი
ხიზანიშვილი გორკსი
კალაძე კრიაუკლისი
კანკავა ფერტოვსი
კობიაშვილი ლაჟდინსი
თარგამაძე ვიშნიაკოვსკი
ანანიძე ცაუნია
მარცვალაძე ლუკიანოვსი
იაშვილი ვერპაკოვსკისი
მწვრთნელი: თ. ქეცბაია მწვრთნელი: ა. სტარკოვსი

საქართველო
54. ანანიძე-გრიგალაშვილი
54. იაშვილი-სირაძე
72. ამისულაშვილი-დვალიშვილი
სათადარიგოები: რევიშვილი, გრიგალავა, კობახიძე, კვირკველია

ლატვია
77. ვერპაკოვსკისი-კოზლოვსი
88. ლაჟდინსი-ო. ლაიზანსი
სათადარიგოები: დოროშევსი, გაურაკსი, პერეპლიოტკინსი, სმირნოვსი, რუგინსი
გაფრთხილება: კანკავა (11), ფერტოვსი (20), ვერპაკოვსკისი (42), გორკსი (49), კრიაუკლისი (86)
არბიტრი: ლ. ტრატუ (კვიპროსი)

გლობალური პრობლემა: ვინ გაიტანს გოლს?
გუშინწინ ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების სასტიკი მარცხი,
გუშინ, 2 სექტემბერს ჩვენი ეროვნული ნაკრების არანაკლებ მტკივნეული წაგება, - ქართული ფეხბურთისათვის შემოდგომა ისე დაიწყო, ამაზე ცუდი რა უნდა მომხდარიყო;

ნებისმიერი წაგება არასასიამოვნოა, მაგრამ ბევრად უფრო მტკივნეულია, როცა ერთი, მართლაც კურიოზული გოლის გამო მთელი შესარჩევი ციკლის განმავლობაში გაწეული შრომა უფასურდება: საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის ყველანაირი შანსი დაკარგა! გასაგებია, რომ გუშინდლამდე ეს შანსი თეორიული უფრო იყო, ვიდრე - პრაქტიკული; თანაც, იმისათვის, რომ პლეი ოფის საგზური მოგვეპოვებინა, სამივე დარჩენილი მატჩიც უნდა მოგვეგო და ამას გარდა, ჯგუფის სხვა შეხვედრებიც ჩვენთვის სასურველი ანგარიშით უნდა დამთავრებულიყო. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ საქართველო-ლატვიის ნაკრების მატჩამდე ცნობილი იყო, რომ საბერძნეთის ნაკრებმა სტუმრად ისრაელს მოუგო. ანუ, ჩვენთვის ყველაზე მისაღები (გნებავთ, აუცილებელი), საყაიმო შედეგი არ დაფიქსირდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, განახლებულ "მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე" მოსული 17 000 გულშემატკივარი ჩვენი უპირველესი გუნდისაგან მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებას მოელოდა.

ბოლოს და ბოლოს, ნავსიც ხომ უნდა გატეხილიყო: ჯერ ერთი, ლატვიელები თბილისში არასდროს გვყავდა დამარცხებული, და, რაც მთავარია, თბილისში ხორვატებთან მართლაც დასამახსოვრებელი გამარჯვების მერე ჩვენ უპირველეს გუნდს... ზედიზედ სამი წაგება ჰქონდა.

მოკლედ, განწყობა ყველას ოპტიმისტური ჰქონდა და, ცოტა არ იყოს, წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა მოვლენების ისეთი განვითარება, რომლის მიხედვითაც არაფრით გამორჩეულ ლატვიის ნაკრებთან წარმატების მიღწევა გაგვიჭირდებოდა. არადა, ფაქტი ჯიუტია: წავაგეთ ისეთი თამაში, 90 წუთი რომ ვუტევდით, მეტოქე თავს (ოღონდ, ორგანიზებულად და სათამაშო დისციპლინის მკაცრი დაცვით) რომ იცავდა და ჩვენ კარში ერთადერთი (!) დარტყმა საბედისწერო რომ აღმოჩნდა!

გუშინდელი მარცხის მიზეზი არ შეიძლება იყოს კონკრეტული ფეხბურთელის (ამ შემთხვევაში, ჩვენი მეკარის) ერთი შეცდომა; ზედმეტია ლაპარაკი, როცა მერამდენედ ვზარალდებით უამრავი მომენტის გამოუყენებლობით; აღარაფერს ვამბობთ, ლამის არის გლობალურად ქცეულ პრობლემაზეც: უკვე მერამდენე წელიწადია, გოლის გამტანი ცენტრფორვარდი არა გვყავს; უკვე მერამდენე წელიწადია, მოედნის ცენტრში "ბურთის დამჭერი" და "ბოლო პასის" მქონე ფეხბურთელი არა გვყავს; ჰოდა, ხანდახან მართლაც "ზედმეტად წავიოცნებებთ" ხოლმე და გუშინ, მიწაზე დავეშვით!

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს თემურ ქეცბაიას ჰკითხეს: როგორ ფიქრობთ, ჩვენს ნაკრებს ფსიქოლოგი არ სჭირდებაო? პასუხმა არ დააყოვნა: ფსიქოლოგი კი არა, ფეხბურთელები სჭირდებაო! ჩვენი ნაკრების თავკაცი ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, მაღალი დონის ფეხბურთელებს გულისხმობდა და საერთოდაც, ქეცბაიას არც უცდია წაგება მხოლოდ ფეხბურთელებისათვის დაებრალებინა. "ეს მარცხი ჩემი ბრალიც არის, ალბათ, რაღაც დავაკელი", - ამ შემთხვევაში აშკარად გულახდილი გახლდათ ჩვენი ნაკრების თავკაცი...

კიდევ ვიმეორებთ: გუშინდელი მარცხი მხოლოდ კონკრეტულ ფეხბურთელ(ებ)ს ან მწვრთნელს არ უნდა დაბრალდეს; აბა, გავიხსენოთ, თუ რამდენ ჩვენს ფეხბურთელს აქვს თავის კლუბში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა? თუმცა, გაზეთის ფორმატისა და, რაც მთავარია, აშკარად "ცაიტნოტური" სიტუაციის გამო, ამ მართლაც გლობალურ პრობლემას დღეს "გვერდს ავუვლით"; უბრალოდ, კიდევ ერთხელ გვინდა გულისტკივილი გამოვთქვათ გუშინდელი მარცხის გამო - ჩვენი ყველა ოცნება რომ დაასამარა! არადა, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: ჩვენ ნაკრებს სათამაშო სტილს ვუწუნებდით და მთელი წლის განმავლობაში წაუგებლად ვასპარეზობდით; ბოლო ორი მატჩი (პოლონეთთან ამხანაგური და გუშინდელი) კი აშკარად შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთი დავინახეთ და... ორივე წავაგეთ!..

არანაირი სიურპრიზი
ჩვენი ნაკრების შემადგენლობა, კონკრეტული მომენტისათვის, ალბათ, ოპტიმალური იყო, თუმცა რამდენიმე სიახლე მაინც ვიხილეთ; ოღონდ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქეცბაიას, ერთი შეხედვით, მოულოდნელი საკადრო გადაწყვეტილებები არ მიუღია: კარში ადგილი 25 წლის გიორგი ლორიას ანდო (ვინც ბოლო დროს მართლაც შთამბეჭდავად თამაშობდა), დაცვის ცენტრში "დაბრუნდა" 29 წლის ზურაბ ხიზანიშვილი, ხოლო მეორე ვეტერანი, 33 წლის ალექსანდრე იაშვილი კარგა ხნის პაუზის მერე კვლავაც ცენტრფორვარდად მოგვევლინა.

აშკარად შეტევაზე ორიენტირებული იყო იაშვილის უკან მოქმედი ფეხბურთელთა "ტრიოც": 22 წლის დავით თარგამაძესა და 27 წლის ოთარ მარცვალაძეს (ფლანგებიდან) და 18 წლის ჯანო ანანიძეს (ცენტრიდან) თავიანთი სისწრაფით მეტოქისათვის პრობლემები უნდა შეექმნათ, საყრდენებად რომ 34 წლის ლევან კობიაშვილსა და 25 წლის ჯაბა კანკავას ვიხილავდით, ამაში ყველა დარწმუნებული ვიყავით; ისე როგორც დაცვის მარცხენა ფლანგზე 33 წლის კახი კალაძესა და დაცვის ცენტრში 29 წლის ალექსანდრე ამისულაშვილის გამოჩენა იყო ლოგიკური;

სამაგიეროდ, დაცვის მარჯვენა ფლანგზე 24 წლის გურამ კაშიას გამწესება შესაძლოა ვინმესთვის ყოფილიყო სიურპრიზი, მაგრამ ჰოლანდიური "ვიტესის" კაპიტანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი ნაკრების ძირითადში თამაშს, უდავოდ, იმსახურებს.

რაც შეეხება სტუმრებს, გამოცდილმა მწვრთნელმა ალექსანდრ სტარკოვსმა, ერთი შეხედვით, პრიმიტიული, მაგრამ სასურველ შედეგზე ორიენტირებული სქემა აირჩია; ეს "სასურველი შედეგი" კი, რაღა თქმა უნდა, არწაგება იყო და აკი თქვა კიდეც მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ლატვიელთა თავკაცმა: "ვიცოდით, მეტოქე სწრაფ და აგრესიულ თამაშს რომ შემოგვთავაზებდა; ამიტომაც მაქსიმალურად ვცდილობდით დაცვაში შეცდომები ნაკლებად დაგვეშვა და ამასთან, ჩვენს შანსს დავლოდებოდითო; ამასობაში, იღბალიც ხომ შეიძლება ჩვენს მხარეს ყოფილიყოო". ასეც მოხდა...

ზღაპრული დასაწყისი და გვიანი მინიშნება
პირველი ტაიმის 30 წუთი ჩვენმა ნაკრებმა მართლაც შთამბეჭდავად ჩაატარა და, ალბათ, მთელი შესარჩევი ციკლის დროს არ შეგვიქმნია იმდენი მომენტი, რამდენიც გუშინდელი შეხვედრის ამ მონაკვეთში. გავიხსენოთ: ჯერ კიდევ პირველსავე წუთზე ჯანო ანანიძეს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ეფექტური რეიდი დარტყმით ვერ დაამთავრა; მერე იყო ფლანგების "აწიოკება": მარჯვნიდან თარგამაძემ "გაინავარდა", მაგრამ მარცვალაძემ ზუსტად ვერ დაარტყა; შემდეგ საპირისპირო ფლანგზე მარცვალაძემ გაილაღა, მეტოქის საჯარიმოშიც შეიჭრა, მაგრამ ბურთი სტუმართა კარის ძელს გაარტყა!

ამას მოჰყვა კაშიას სახიფათო თავური დარტყმა, თარგამაძის მშვენიერ მომენტი (ბურთი კვლავაც ძელს რომ მოხვდა) და ასე შემდეგ; აი, ასეთი სცენარით მიმდინარეობდა პირველი ტაიმის საწყისი წუთები და არც მაშინ ავღელვებულვართ, როცა სტუმრები, ფაქტობრივად, პირველად გადმოვიდნენ ჩვენს ნახევარზე; ეგ კი არა, სტუმართა შორის, უდავოდ, გამორჩეულმა, მოსკოვის ცსკა-ს 23 წლის შეტევმა ნახევარმცველმა ალექსანდრ ცაუნიამ საჯარიმოდან ბურთი ჩვენი კარის ძელს რომ გაარტყა, ეგაც "კონტექსტიდან ამოვარდნილივით" მივიჩნიეთ.

მაგრამ, აი, ტაიმის ბოლოსკენ ჩვენ რომ "რატომღაც" დავმშვიდდით და მეტოქე კი, პირიქით (ზედიზედ ორი კუთხური ჩამოაწოდა) რომ გააქტიურდა, ცოტა არ იყოს, ცუდად გვენიშნა. თანაც, ერთ ეპიზოდში ლატვიელები "თვალის დახამხამებაში" გადმოვიდნენ ჩვენს ნახევარზე და 27 წლის ალექსანდრ ვიშნიაკოვსმა მახვილი კუთხიდან ბურთი ჩვენი კარის ბადეს გარედან გაარტყა. თუმცა, ჩვენებსაც ჰქონდათ ტაიმის მიწურულს გოლის გატანის შანსი, მაგრამ კაშიასა და მარცვალაძის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.

მეორე ტაიმის დასაწყისი ცუდს არაფერს გვიქადდა: კობიაშვილი-იაშვილის კომბინაციას მარცვალაძე აგვირგვინებდა, მაგრამ სტუმართა გამოცდილ მეკარეს, 31 წლის ანდრის ვანინსს ბურთის აღება არ გასჭირვებია.

აი, ამის მერე რა მოხდა, მართლაც რთული ასახსნელია: ჩვენები ხეირიან შეტევას ვერ იწყებდნენ, თანაც, ბურთი, რატომღაც მხოლოდ მარცხენა ფლანგზე "გადაჰქონდათ", მაშინ როცა საპირისპირო ფლანგზე მყოფი თარგამაძე "ყველას დაავიწყდა". მოედანზე არსებული სიტუაციის შეცვლა ქეცბაიამ ადრეული, თანაც ორმაგი ცვლილებით სცადა: 29 წლის დავით სირაძემ ცენტრფორვარდის პოზიცია დაიკავა, 22 წლის შოთა გრიგალაშვილს კი შეტევების წარმართვა დაევალა. ამ შეცვლების თავდაპირველად სასურველი ეფექტი მოჰყვა: ჯერ თარგამაძემ წამოიწყო კარგი შეტევა, მაგრამ ბურთი სტუმართა კარს ზემოდან აცდა; მერე კი გრიგალაშვილმა შორიდან, "მოჭრილი" დარტყმით სცადა გოლის გატანა, მაგრამ ვანინსი კვლავაც უშეცდომოდ თამაშობდა.

და აი, 64-ე წუთიც დადგა: ვერავინ იფიქრებდა, ცაუნია იმ პოზიციიდან ბურთს პირდაპირ კარისკენ თუ გაგზავნიდა (ყველა ჩვენ საჯარიმოში ჩაწოდებას ელოდა), მაგრამ ამ ვერცხლისწყალივით მოძრავმა ფეხბურთელმა, ისე როგორც 2010 წლის 12 ოქტომბერს (რიგაში, ლატვია-საქართველოს მატჩის ბოლო წუთზე), ახლაც მწარე ალიყური გვაჭამა! ჰო, მართლაც კურიოზული გოლი გამოდგა - ლამის აუტის ხაზის სიახლოვიდან, თანაც შორი მანძილიდან დარტყმული ბურთი გიორგი ლორიამ ვერ მოიგერია და... თამაშიც მორჩა! (იხილეთ ვიდეო)

ამის მერე, სულ მცირე, 15 წუთი ჩვენი ნაკრები "მოყვარულთა გუნდს" უფრო ჰგავდა - რგოლებს შორის კავშირს ვინ ჩივის, ერთი-ორი "გადაბმული" პასის გაკეთებაც ჭირდა და საქმეს არც "ვა ბანკზე" წასვლამ უშველა: ქეცბაიამ მცველის (ამისულაშვილი) ნაცვლად მოედანზე კიდევ ერთი ფორვარდი შემოიყვანა და სწორედ ლადო დვალიშვილს მართებდა კიდეც გოლის გატანა; სამწუხაროდ, 25 წლის თავდამსხმელმა უაღრესად ხელსაყრელი სიტუაციიდან ბურთი სტუმართა კარის ბადეს გარედან გაარტყა.

მერე იყო ქაოტური შტურმი და ერთადერთი რეალური მომენტი, როცა კანკავა ძლიერი დარტყმით ბურთს შორეულ კუთხეში გზავნიდა, მაგრამ ვანინსმა ჩინებული რეაქციით საკუთარი გუნდი გადაარჩინა. ჰოდა, მატჩიც დასრულდა და ჩვენი ოცნებებიც...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 25 /
რატომ არ მოვიდა ხალხი- მე დიდი ხნის გულშემატკივარი ვარ და არ მახსოვს ასეტ საპასუხისმგებლო ტამაშში ასე ცოტა მაკურებელი--ამან ხომ არ იკონია გავლენა ისეც დაბეცავებულ ფეხბურტელებზე?!! მერე კლასი? არ გვაკვს ისეტი ლიდერი ფეხბურტელი რომ აიგებს ტამასშს ტავზე!! როგორიც იკვნენ კიპიანი- ცივაძე- მაცაიძე-- დარასელია0--- სხვა და სხვა!!
tuto
11:04 03-09-2011
0
არ მინდა დავიჯერო მარა საეჭვო კითხვები ჩდება მაინც... არა არა მგონია მარა ... არ ვიცი არა. პროფესიონალი მიხვდება და ანალიზსაც გააკეთებს
gigi
11:27 03-09-2011
0

სიახლეები პოპულარული