ოთხეული, რომლის დაბრუნებასაც ველით

AutoSharing Option
საფეხბურთო სამყაროს ხშირად ის ემართება, რაზეც მოხევეები ამბობენ, თვალშორა, გულშორაო. როდესაც ფეხბურთელი მძიმედ დაშავდება და მკურნალობს, ბევრს ავიწყდება, რომ მას არც ისე დიდი ხნის წინათ სარგებლობა მოჰქონდა - ასეთ მდგომარეობაში არიან ოდესღაც ყურადღებით განებივრებული ეროვნული ნაკრების მოთამაშეებიც და დღევანდელ მდგომარეობას ძალიან განიცდიან.

დღეს ოთხი მათგანის ამბავს მოგიყვებით, რომლებიც, ვფიქრობთ, გამოჯანმრთელების შემთხვევაში, ალბათ, ეროვნულ ნაკრებსაც გამოადგებიან.

იმედაშვილის იმედი - ვარჯიში დავიწყე!
საქართველოს ნაკრებისა და კიევის "დინამოს" ყოფილი მოთამაშე დავით იმედაშვილი "ლელოს" ვერსიით 2009/10 წლების სეზონში საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში მოხვდა, საუკეთესო
ნახევარმცველის ტიტული დაიმსახურა და თემურ ქეცბაიამ ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამოიძახა.

26 წლის ფეხბურთელი 2010 წლის ზაფხულში ლენქორანის "ხაზარში" ჩაირიცხა, მაგრამ იქ მხოლოდ ოთხი შეხვედრა ჩაატარა - ევროპის ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ აზერბაიჯანის ჩემპიონატში პირველივე საშინაო შეხვედრაში უმძიმესი ტრავმა მიიღო და ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა.

იმედაშვილმა მენისკის ოპერაცია სტამბოლში გაიკეთა და ოქტომბერში რეაბილიტაცია გაიარა. ნოემბრის დასაწყისში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მირჩა რედნიკმა აზერბაიჯანულ გამოცემა "ექსტრა-ტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საკადრო პრობლემები ნაწილობრივ მოგვარდება, რადგან იმედაშვილი მოედანს უბრუნდებაო.

დათოც იგივეს იმედოვნებდა, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა.

"პირველი ოპერაცია სტამბოლში შარშან 15 სექტემბერს გამიკეთეს, მაგრამ ვარჯიში განვაახლე თუ არა, მუხლი გამისივდა - აღმოჩნდა, რომ ვარჯიში ნაადრევად დამაწყებინეს და 25 დეკემბერს მეორე, უფრო რთული ოპერაცია გამიკეთეს. რეაბილიტაციას ძალიან დიდი დრო დასჭირდა, დღემდე ნორმალურად ვერ ვვარჯიშობ, მაგრამ მკურნალობის პერიოდი დასრულდა, ახლახან სირბილი დავიწყე და მალე ჩვეული დატვირთვებითაც ვივარჯიშებ.

იმდენი ხანია არ მითამაშია, რომ ფეხბურთი ძალიან მომენატრა. ცხადია, კარგად ჯერ ვერ ვიქნები, მაგრამ მალე მეტ დატვირთვაზე გადასვლა ჩემთვის ბევრს ნიშნავს", - ამბობს იმედაშვილი.

ტრავმირებულ იმედაშვილს "ხაზარის" ხელმძღვანელობა კეთილშობილურად არ მოექცა, ნაოპერაციები მოთამაშე ტრანსფერზე დააყენა, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში მარადონასაც არავინ აიყვანდა და ფიზიკურ ტრავმას ეს დარტყმაც დაემატა. ამიტომ, აზერბაიჯანულ კლუბს კონტრაქტის გაწყვეტაზე დაელაპარაკა:

"საბოლოოდ კლუბი მაინც დავითანხე, კონტრაქტი გაწყვიტეს და თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოვედი. ძნელია ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, ბევრმა დამივიწყა, მაგრამ არაფერია, მოვმჯობინდები და ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ დიდ ფეხბურთს ვითამაშებ. ტრავმა ვის არ მოსვლია, მთავარია, საკუთარი თავის მჯერა".

რევაზ ბარაბაძე - ბუცების მორგებაც გამიხარდა
თბილისის "დინამო-3", "თბილისი", დნეპროპეტროვსკის "დნიპრო", იენის "კარლ ცეისი", მახაჩყალის "ანჟი", რუსთავის "ოლიმპი" - ეს ის გუნდებია, სადაც სხვადასხვა პერიოდში 22 წლის თავდამსხმელ რევაზ ბარაბაძეს უთამაშია. საქართველოს ნაკრებში ორი მატჩიც ჩაატარა და პორტუგალიისა და ბრაზილიის ნაკრებების ყოფილი თავკაცის, ბრაზილიელი ლუის ფილიპე სკოლარის მოწონებაც დაიმსახურა.

თუმცა ნიჭიერ თავდამსხმელს პრობლემები სწორედ ამ პერიოდში დაეწყო: 2008 წელს მახაჩყალის "ანჟიში" დაშავდა, რამდენჯერმე გაიკეთა მუხლზე ოპერაცია, ორჯერ ვარჯიში რუსთავის "ოლიმპში" განაახლა, მაგრამ ორივეჯერ დაშავდა - ეს ბოლოს 2010 წლის დეკემბერში მოხდა.

ამჟამად თავდამსხმელი იმედიანად არის და ამბობს, რომ მოედანს მალე დაუბრუნდება.

"მგონი, მეშველა - სამთვიანი რეაბილიტაციის შემდეგ ინდივიდუალური ვარჯიში დავიწყე. ჩვენი ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი თენგიზ სულაქველიძე ძალიან დამეხმარა, რომელმაც საკუთარ აკადემიაში ვარჯიშის საშუალება მომცა.

მოედანს ახლახან დავუბრუნდი. ვერ წარმოიდგენთ, ბუცი რომ ჩავიცვი, როგორ გამიხარდა. მეცხრე თვე მთავრდება, რაც არ მითამაშია. მძიმე ტრავმის გამო უფრო მეტი დრო გამიცდა, ვიდრე ჯვარედინი იოგების დაზიანებისას. ბოლოს 2010 წლის დეკემბერს ვითამაშე. წელის პრობლემაც მქონდა და მოძრაობა მიჭირდა, მაგრამ უკვე ბედნიერი ადამიანი ვარ, ვარჯიშს მაინც რომ ვახერხებ.

ახლა ყოველდღე ორჯერ ვვარჯიშობ, დილით "ნაუტილუსში" ტრენაჟორებზე, საღამოს კი თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში ბურთით", - ამბობს ბარაბაძე.

ასეთ მდგომარეობაში მყოფი მოთამაშით გუნდები მაინც დაინტერესდნენ: "მართალია, დიდი ხანია, ჩრდილში ვარ, ხალხს აღარ ვახსოვარ, თუმცა ზოგიერთმა გუნდმა ტრავმირებულიც არ დამივიწყა. რაღაც ვარიანტები უკვე მაქვს და თავისუფალი აგენტობაც ხელს მიწყობს, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში, ფორმიდან ამოვარდნილი და უთამაშებელი, ვერსად წავალ. მირჩევნია, მცირე ხნით რომელიმე ქართულ გუნდში ვივარჯიშო და უცხოეთში მერე ვცადო ბედი".

ლევან ყენია მოედანს მალე დაუბრუნდება
ლევან ყენია საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ყველაზე ახალგაზრდა გახდა - სანაკრებო დებიუტი 16 წლისას ჰქონდა. გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კლუბ "შალკეში" 2007-08 წლების სეზონის მსვლელობისას გადავიდა და ბუნდესლიგაში 11 მატჩი ჩაატარა, გერმანიის თასზე კი - 2 და ერთი გოლი გაიტანა. მოედანზე 2011 წლის დასაწყისში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ "შალკეს" თურქულ შეკრებაზე ვითომ ნამკურნალები კოჭი ისევ ატკივდა და კვლავ საოპერაციო შეიქნა.

ხუთთვიანი რეაბილიტაცია, საგანგებო ფეხსაცმლით სიარული და მორალურად უმძიმესი პერიოდი ლევანმა აგვისტოში დაასრულა, ძუნძული დაიწყო, ფიზიკურად ემზადებოდა, კოჭის ტკივილები საერთოდ აღარ აწუხებდა და სექტემბრის დასაწყისში, ერთი კვირის წინ "შალკეს" შეუერთდა.

"ბილდის" ინფორმაციით, "შალკე" რამდენიმე ფეხბურთელთან კონტრაქტის გაგრძელებას აღარ აპირებს, მათ შორის ყენიასთან. მსგავსი ინფორმაცია ჯერ კიდევ მაშინაც ვრცელდებოდა, როდესაც ქართველი პლეიმეიკერი ჯანმრთელად იყო.

"მსგავსი არაფერი ხდება, ლევანი ტრანსფერზე არ დაუყენებიათ და "შალკეში" ვარჯიშობს", - გვითხრა ბიძამისმა, ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი კიკნაძემ.

20 წლის ახალგაზრდა "შალკესთან" ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ფელიქს მაგათის მსგავსად ვარჯიშის დაჩქარებას და მოუშუშებელი ტრავმით თამაშს აღარ აძალებენ, არის ვარჯიშები, რომელსაც არიდებენ. ახლა უმთავრესია, ლევანი მოედანს დროულად დაუბრუნდეს. ახალგამოჯანმრთელებული ფეხბურთელი, რომელსაც 2009 წლის შემოდგომის შემდეგ აღარ უთამაშია, ცხადია, ჯერ ფორმაში არ არის, მაგრამ "შალკეში" მისი ვარჯიში ძალიან გვაიმედებს.

ჯერ ცნობილი არ არის, ლევანი მოედანს როდის დაუბრუნდება - გიორგი კიკნაძის თქმით, სავარაუდოდ, ეს თვენახევარში, ანუ ნოემბრის დასაწყისში მოხდება.
საინტერესო ფაქტი: მიუხედავად იმისა, რომ ლევანი ორი წელწადია მკურნალობს და ხეირიანად არ უთამაშია, "ტრანსფერმარკტ"-ი მის ტრანსფერს მილიონ ევროდ აფასებს.

ყენიას დაბრუნებას ელიან საქართველოს ნაკრების მწვრთნელები და გულშემატკივრები. ფაქტია, რომ ნაკრების უმთავრესი გუნდის პრობლემა შეტევის ორგანიზებაა, ლევანს კი სწორედ ის თვისებები გამოარჩევს, რაც ამ პრობლემას მეტ-ნაკლებად მოაგვარებს - მშვენივრად ეხერხება ბურთის დაჭერა, გადაცემები და შეტევების გამწვავება, თავდამსხმელებს კი ბურთის მიმწოდებელი ეყოლებათ.

გოცირიძე "დნიპროს" ჩრდილში
23 წლის თავდამსხმელ ბექა გოცირიძეზე, რომელიც 2009 წელს "ზესტაფონმა" დნეპროპეტროვსკის "დნიპროში"  მილიონ ევროდ გაყიდა, საქართველოს ნაკრებში დიდ იმედებს ამყარებდნენ. ამჟამად გოცირიძე "დნიპროში" ირიცხება, მაგრამ ფორმის შენარჩუნებას ამ გუნდის დუბლებში ცდილობს.

ზაფხულში "დნიპროს" გენერალურმა დირექტორმა ანდრეი სტეცენკომ გოცირიძეზე თქვა, რომ კლუბს მისი დუბლშემადგენლობაში გაჩერება არ სურს და მოლაპარაკებას თბილისის "დინამოსთან" ვაწარმოებთო. თითქოს შეთანხმებას წინ არაფერი ედგა, მაგრამ გარიგება მაინც არ მოხერხდა და თავადმსხმელი დნეპროპეტროვსკელებს დაუბრუნდა.

არადა, გოცირიძემ თბილისურ გუნდში ივარჯიშა და უხაროდა, "დინამოს" ფორმას მოვირგებ და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ვითამაშებო. საქმე ისაა, რომ "დნიპრო" თბილისელებისგან ზუსტად იმხელა თანხას ითხოვდა, რამდენიც "ზესტაფონს" გადაუხადა - მილიონ ევროს. "ტრანსფერმარკტ"-ი კი ბექას სატრანსფერო თანხად 250 ათას ევროს ასახელებს.

სამწუხაროა, რომ 2009 წელს მომხდარი ავტოავარიის შემდეგ ბექამ ფორმა ვერა და ვერ აღიდგინა, შარშანდელი სეზონის მეორე ნახევარში "დნიპროს" დუბლებში მაინც ათამაშებდნენ, ახლა კი მხოლოდ ვარჯიშით შემოიფარგლება, - ფეხბურთელი, რომლითაც 2008 წელს გლაზგოს "სელტიკი" ინტერესდებოდა, ასეთ ბედს არ იმსახურებს.

* * *
ჩვენ მაინც იმედი გვაქვს, რომ ეს ახალგაზრდა მოთამაშეები მალე მოახერხებენ რეაბილიტაციას, ფორმის აღდგენას და მოედანს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
დნიპროს გლადკი და სელეზნიოვი ყავს გოცირიძეს ვინ დააყენებს ძირითადში,არენდით მაინც წავიდეს სადმე
Nika
15:22 17-09-2011
0
ბიჩებო გულს ნუ გაიტეხტ მალე დაბრუნდიტ და ჩვენ იმედი გვაქვს თქვენი
giorgi1991
14:13 17-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული