"მთავარია, რა მიზანი ექნება ნაკრებს და ქართულ ფეხბურთს. მიმაჩნია, რომ ახლა უნდა ჩამოვყალიბდეთ, ახალ შესარჩევ ეტაპზე ახალგაზრდა ბიჭების რესურსი გამოვიყენოთ, რათა ევრო-2016-ისთვის მაინც ჩამოვაყალიბოთ ძლიერი გუნდი. ამ პერიოდში კი ახალგაზრდულმა ნაკრებმა ეროვნულის მსგავსი ფეხბურთი უნდა ითამაშოს.
ასეა ესპანეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, ბევრ ქვეყანაში, სადაც მომავალი თაობების გაზრდაზე სერიოზულად მუშაობენ", - გვითხრა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.
"სწორედ მომავალი თაობების გასაზრდელად უნდა გამოვიყენოთ ახალი ციკლი. თუმცა უფრო გლობალური პრობლემებია მოსაგვარებელი - ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის კეთდება ახალი სტადიონები, მოედნები.
ბავშვთა ჯგუფები ვერასოდეს გახდებიან ნაკრების სრულფასოვანი მიმწოდებლები, სანამ დამწყები ფეხბურთელები 20/20-ზე მოედანზე ვარჯიშობენ. მერე, როდესაც გაიზრდებიან, როგორ ისწავლიან 105-მეტრიან მოედანზე ბურთის მარჯვენა ფლანგიდან მარცხნივ გადატანას? ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურება სკოლების გამკაცრებული ლიცენზირება და ფედერაციის სხვა წამოწყებები", - თქვა სიჭინავამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"