ნუკრი რევიშვილი: კარლოსთან ვმეგობრობდი, მაგრამ ახლა ასე აღარ გაგრძელდება

AutoSharing Option
გუშინ მახაჩყალის "ანჟის" მეპატრონე სულეიმან კერიმოვმა მთავარი მწვრთნელი გაჯი გაჯიევი თანამდებობიდან გაათავისუფლა, მის ნაცვლად კი მოთამაშე-მწვრთნელად რობერტო კარლოსი დანიშნა, რომელსაც ალექსანდრე გორდეევი დაეხმარება.

დაღესტანში ჩასვლამდე ბრაზილიელს კონტრაქტში ჩაუწერეს, რომ სურვილის შემთხვევაში სეზონის ბოლოს "ანჟის" ჩაუდგებოდა სათავეში. ასე რომ, ეს ამბავი არც თუ ისე მოულოდნელი იყო.

გაჯიევის გათავისუფლების მიზეზი არ დაკონკრეტებულა, თუმცა ფაქტია, რომ "ანჟის" გასაძლიერებლად კერიმოვი მილიონებს არ იშურებს, გუნდი კი ბოლო ტურებში წარუმატებლად თამაშობს, ევროსაგზურის ზონას დაშორდა და რუსეთის პრემიერლიგაში მხოლოდ მე-7 ადგილზეა.

ცხადია, მომხდარით ნუკრი რევიშვილის გამო უფრო
დავინტერესდით - რა ბედი ელის ბრაზილიელის ხელში "ანჟისა" და საქართველოს ნაკრების მეკარეს?

ნუკრი სეზონს მახაჩყალურ კლუბში დაასრულებს, შემდეგ კი "კრასნოდარში" გადავა - "ლაიფსპორტის" ცნობით, ქართველმა მეკარემ ახალ კლუბთან წინასწარი კონტრაქტი უკვე გააფორმა. ამ ამბებზე სალაპარაკოდ ნუკრის მახაჩყალაში დავუკავშირდით.

- რობერტო კარლოსი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ იყო კი მისი მწვრთნელობის აუცილებლობა?
- ეს ჩემთვის ძნელი სათქმელია, ფაქტია, რომ მწვრთნელი გაუშვეს და ახალს ეძებენ, რობერტო კი დროებით დანიშნეს. თუმცა შედეგი თუ ექნება მის დარჩენასაც არ გამორიცხავენ. თუმცა გაჯიევის ადგილზე რამდენიმე კანდიდატურას განიხილავენ, მე რაც ვიცი, გუს ჰიდინკზეც ფიქრობენ.

- ფეხბურთში ბევრს წყვეტს ურთიერთობები, შენ და რობერტო კარლოსს როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- ვმეგობრობთ, ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ასე აღარ გაგრძელდება.

- "ანჟი" სამეულს უიმედოდ ხომ არ ჩამორჩა?
- არა მგონია, რადგან წლეულს რუსეთის პრემიერლიგა შემოდგომა-ზამთრის სისტემაზე გადავიდა და მესამე წრე კიდევ სათამაშოა. ასე რომ, წინ ბევრი დრო და მატჩია, ამიტომაც სამეულში მოხვედრის იმედს არ ვკარგავ.

- ვარსკვლავების მიწვევის მიუხედავად, "ანჟი" ჯერ შედეგებით თავს ვერ მოიწონებს.
- გუნდის შენება ძალიან ძნელია, ვარსკვლავების ჩამოყვანაც არ ნიშნავს იმას, რომ ძლიერი გუნდი ხარ.

- პირადად შენზეც ვილაპარაკოთ: "ლაიფსპორტის" ცნობით, "კრასნოდართან" წინასწარი კონტრაქტი გააფორმე.
- მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ კონტრაქტი არ გამიფორმებია.

- არც აპირებ?
- ჩემი დატოვება"ანჟისაც" სურს, მაგრამ ყველაფერი რუსეთის საფეხბურთო კავშირის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული: თუ ლეგიონერებზე ახალ ლიმიტს დააწესებენ, მაშინ, რუსეთის მოქალაქეობის მიუხედავად, მაინც ლეგიონერად ჩავითვლები, რადგან საქართველოს ნაკრებში ვთამაშობ. ეს "ანჟისთან" პრობლემებს შემიქმნის, გუნდში ხომ ისედაც ბევრი ლეგიონერია.

- ნაკრები ახსენე და ამ თემას ვერ ავცდებით. ბოლო თამაშებში რა დაგემართათ?
- ლატვიასთან წაგება უსამართლობა იყო, ბურთი კარში არა და არ შევიდა. არადა, მიმაჩნია, რომ ციკლში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩავატარეთ. მალტასთან კი, მოტივაციადაკარგულებს, ალბათ, ემოციაც არ გვეყო, ეს კი ფეხბურთში ბევრს ნიშნავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნუკრი! არ წახვიდე რა კრასნოდარში! დავიჯერო ევროპაში არ გაქვს შემოთავაზებები?!
Burton
14:50 30-09-2011
0
ხოოოო :D
ნიკოლოზ ბებერაშვილი
13:43 30-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული