ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ, "კობისთვის" საიუბილეოა - ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი მეასედ მოირგებს ქვეყნის უპირველესი გუნდის მაისურს.
კობიაშვილის სანაკრებო დებიუტი 1996 წლის 1 სექტემბერს, ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ ოსლოში შედგა. უკვე 15 წელია, "კობი" ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელია. მის ანგარიშზე 12 გატანილი გოლია.
"რა შემიძლია ვთქვა იმის გარდა, რომ ბედნიერი ვარ. 99-ვე თამაშის დეტალურად გახსენება შემიძლია, რა და როგორ იყო, რადგან ნაკრებში
ეს დიდი ბედნიერებაა, რომ ამდენი წელი საქართველოს ნაკრების წევრი ვარ და ამხელა ნდობა დავიმსახურე მწვრთნელების, გულშემატკივრების მხრიდან. მომავალში, სიამაყით მოვუყვები ჩემს შვილებს, რომ ამდენი წელი გავატარე ქვეყნის უპირველეს გუნდში. იყო ბევრი სირთულე, ბევრი ცუდი მოგონებაც, მაგრამ ამის გარეშე არ არსებობს" - განაცხადა ლევან კობიაშვილმა სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში.
- სანაკრებო დებიუტიც ასე კარგად გახსოვს?
- მაგას რა დამავიწყებს! ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშე. მაშინ იმასაც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ განაცხადში მოვხვდებოდი და ბატონმა საშა ჩივაძემ ძირითადში დამაყენა. კარგი თამაში იყო, გუნდმა მშვენივრად ითამაშა და თითქმის ბოლო წუთამდე 0:0 იყო, თუმცა, ჩემი შეცდომის შედეგად, პენალტი დაგვინიშნეს და 1:0 წავაგეთ. მაგრამ არ დამავიწყდება, მატჩის შემდეგ, რამხელა გვერდში დგომა ვიგრძენი ყველას მხრიდან. ისიც კარგად მახსოვს, პირველად რომ ვითამაშე იტალიის წინააღმდეგ. მოსათელად რომ გავედით, არაფერი არ მახსოვს, როგორ გავხურდი, რადგან სულ იმ მხარეს ვიყურებოდი, სადაც იტალიელი ფეხბურთელები ვარჯიშობდნენ; ფანტასტიური გუნდი ჰყავდათ, უდიდესი ფეხბურთელებით სავსე.
გასახსენებელი ძალიან ბევრი მაქვს - ბევრი სიხარული, დასამახსოვრებელი მომენტი, ჩემი გოლები, წაგებით გამოწვეული ტკივილი, გულშემატკივრისთვის მინიჭებული სიხარული. ხორვატიასთან თამაში, ამ მხრივ, მართლაც გამორჩეული იყო. იმედი მაქვს, ნაკრების ცხოვრებაში ამის შემდეგაც ბევრი სიხარულის მომტანი მატჩი იქნება.
- ალბათ, მართლა განსაკუთრებული გრძნობაა, ამდენი წელი ეროვნულ ნაკრებში თამაში. ამის აღსანიშნავად, უეფასგან საგანგებო ჯილდო გადმოგეცემა.
- ეს უდიდესი პატივი და ბედნიერებაა. ნაკრები ჩემი ოჯახია და აქაც ყველაფერი ისე ხდება, როგორც ჩვეულებრივ ოჯახში - არის სიხარული, არის მწუხარება. ცოცხალი ორგანიზმივითაა. მე ყოველთვის იქ ვიდექი, სადაც ჩემიანები იყვნენ; სადაც ჩემს ოჯახს და ქვეყანას სჭირდებოდა. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო.
რაც შეეხება ამ ჯილდოს, თუკი ჩათვალეს, რომ მე, ჩემი ცხოვრებით და კარიერით ეს დავიმსახურე, სიამოვნებით მივიღებ და ბედნიერიც ვიქნები, რადგან ჩემი ნაკრების და ჩემი ქვეყნის ერთგულებისთვის მაჯილდოვებენ. არ ვარ ის ადამიანი, ჩემი თავი სხვაზე მაღლა რომ დავაყენო; არაერთ ჩემზე ძლიერ ფეხბურთელს უთამაშია ნაკრებში, მაგრამ მე იმაშიც გამიმართლა, რომ ამდენი თამაში მომიწია და ასი შევასრულე. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.