საქართველო ადგილს ისევ ბოლოდან ითვლის

AutoSharing Option
მატჩის 65-ე წუთზე თემურ ქეცბაიამ ცვლილებათა ლიმიტი ამოწურა, ხუთიოდე წუთში კი მოხდა ის, რისი დიდი საფრთხეც ასეთ დროს ყოველთვის არსებობს - ჩვენმა ფეხბურთელმა, თანაც საუკეთესომ, ტრავმა მიიღო, თამაშის გაგრძელება ვეღარ შესძლო და მოედანზე ათნი დავრჩით.

მოვლენები ამ ეპიზოდამდეც ლოგიკურად ვითარდებოდა და სრულიად მოსალოდნელი იყო ამის შემდეგ მომხდარი ამბებიც - საბერძნეთის ნაკრებს გუშინ თავისი საუკეთესო შეხვედრა ნამდვილად არ ჩაუტარებია, მაგრამ იმდენი კლასი კი აღმოაჩნდა, ოცი წუთის განმავლობაში კაცნაკლულად დარჩენილი არცთუ მაღალი დონის მეტოქე გაეტეხა.

ასე დავკარგეთ ჯგუფში მეოთხე ადგილი და მხოლოდ
მალტა ჩამოვიტოვეთ. მარცხს ჩვეულნი ვართ, ამ ციკლში დასახარჯი ემოციებიც უკვე დიდი ხნის წინ დავხარჯეთ, მაგრამ მაინც ძალიან გულდასაწყვეტია, რომ წავაგეთ მატჩი, რომელშიც 70-ე წუთამდე თამაშის სადავეები ხელთ გვეპყრა. თანაც, შეხვედრის ბედი თავდაყირა მეტოქემ კი არა, უპირველესად, თავად დავაყენეთ - ფეხბურთელთათვის კრიტიკა არასდროს დაგვიკლია, მაგრამ ამჯერად ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი ქეცბაიას მისამართით ჩნდება - რატომ გააკეთა მან ბოლო შეცვლა ასე ნაადრევად? შეცვლილთაგან დაზიანება მხოლოდ ჯაბა კანკავას ეტყობოდა, მოედანზე ათი კაცით დარჩენა კი ლიმიტის ამოწურვის შემდეგ სავსებით მოსალოდნელი შემთხვევაა და თუ გუნდი გამოუვალ სიტუაციაში არაა, მწვრთნელი ბოლო ცვლილებას ბოლო წუთებისთვის იტოვებს ხოლმე.

ვერ ვიხსენებთ, ბოლოს როდის დაესწრო ასე ცოტა მაყურებელი საქართველოს ეროვნული ნაკრების საშინაო მატჩს. ინტერნეტით ქართველ ქომაგთა მოსაზრებებს გავეცანით და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სტადიონზე მისვლისგან თავი ბევრმა სწორედ ბილეთის ფასის გამო შეიკავა. "მიხეილ მესხის" ტრიბუნები სანახევროდაც ვერ შეივსო და, მართალია, თამაშის სანახავად მისულ პუბლიკას გუნდის გასამხნევებლად ენერგია არ დაუზოგავს, მაგრამ ცარიელი სკამები მაინც უსიამოვნო სანახავი იყო.

სამაგიეროდ, დადებითი ემოციების მომგვრელი იყო ლევან კობიაშვილის დაჯილდოება. შეგახსენებთ, მან ეროვნულ ნაკრებში გუშინ მეასე მატჩი ჩაატარა და თამაშის დაწყებამდე მხურვალე აპლოდისმენტების თანხლებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ სპეციალური მედალი გადასცა.

ფერნანდუ სანტუშმა თავისი გუნდის სასტარტოში სამი ნომინალური თავდამსხმელი გაამწესა, მაგრამ ამან სტუმართათვის შედეგი მხოლოდ დავით თარგამაძის დაშავების შემდეგ გამოიღო; საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე სიახლე ვიხილეთ, საიდანაც ყველაზე ნიშანდობლივი ცენტრფორვარდის პოზიციაზე ლევან მჭედლიძის გამწესება იყო. ჩვენმა გუნდმა შეტევაში წინა მატჩებთან შედარებით მეტი ფხა კი გამოიჩინა, მაგრამ ნომინალურ ფორვარდებს ღირებული არაფერი შეუქმნიათ, სამაგიეროდ, უაღრესად სასარგებლო და კრეატიული იყო თარგამაძე, რომელსაც თამამად შეგვიძლია, აწ გასრულებულ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების აღმოჩენა და ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილი ვუწოდოთ.

თარგამაძე ქებას მხოლოდ გოლის გამო არ იმსახურებს, მაგრამ ნაკრების მაისურით გატანილი პირველი ბურთი მართლაც საუცხოო გამოუვიდა - მე-19 წუთზე აუტის ხაზის სიახლოვეს დანიშნული საჯარიმო პირდაპირ ბერძენთა კარში ჩაახვია და სტუმართა მეკარე და მცველები სახტად დატოვა - 1:0.

ბერძნები შედარებით გააქტიურდნენ, მაგრამ თამაშის სცენარს მაინც ქართველები აკონტროლებდნენ. შესვენებამდე ორჯერ იყოჩაღა ნუკრი რევიშვილმა, რომელმაც კოსტას კაცურანისისა და ლუკას ვინტრას დარტყმები მოიგერია.

პირველი ტაიმის ბოლოს კანკავა შესაცვლელი გახდა და მოედანზე, როგორც შემდგომ გაირკვა, არაეფექტიანი გადანაცვლებები მოხდა - კანკავას მაგივრად შესულმა უჩა ლობჟანიძემ ადგილი ჩვეულ პოზიციაზე, დაცვის მარჯვენა ფლანგზე დაიკავა, გურამ კაშიამ კი ნახევარდაცვაში აიწია.

70-ე წუთამდე მოვლენები დამაიმედებლად, კვლავ ჩვენი კარნახით ვითარდებოდა, საბერძნეთი, ერთი შეხედვით, უშანსოდ იყო, ქართველები ყრუ დაცვაში არ ისხდნენ და მეტოქეს მისსავე ნახევარზე ავიწროვებდნენ, მაგრამ...

70-ე წუთიდან საქმეები შავად წაგვივიდა - თარგამაძის დაკარგვის შემდეგ საქართველოს ნაკრების ლიდერობა ვერავინ იკისრა, ბერძნებმა მოედანზე გამოთავისუფლებული სივრცეები უმალ აითვისეს, დანარჩენი კი უკვე ტექნიკის საქმე იყო: ჯერ გიორგიოს ფოტაკისის შორეული გასროლილი ალექსანდრე ამისულაშვილთან შეხების შემდეგ აღმოჩნდა რევიშვილის კარში, შემდეგ კი ანგელოს ხარისტეასმა დაამტკიცა, რომ მისი ოსტატობა წლებს არ გაუქრია და ნაკრებში ტყუილად არ დაუბრუნებიათ - ევროპის კიდევე ერთი ჩემპიონის, კოსტას კაცურანისის პასის შემდეგ ბურთი ბადეში ერთი შეხედვით გაახვია.

რაც ამის შემდეგ მოხდა, ჩვენთვის ისიც ჩვეულია - ხალხმა ნაკრებს ზურგი შეაქცია და გასასვლელისკენ ნაადრევად დაიძრა, დარჩენილებმა კი "წადი, წადი" იძახეს.
ჩვენთვის ბოლოსწინა ადგილიც ჩვეულია, იცვლება მხოლოდ "წადი, წადი"-ს ადრესატები და საქმეს ისეთი პირი უჩანს, კიდევ ბევრჯერ შეიცვლება.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. ბოლო ტური
F ჯგუფი
11.10. თბილისი. მ. მესხი. 9 000 მაყურებელი
საქართველო-საბერძნეთი 1:2
1:0 თარგამაძე (19), 1:0 ფოტაკისი (79), 1:2 ხარისტეასი (85, კაცურანისის პასით)

საქართველო საბერძნეთი
4-2-3-1 4-3-3
რევიშვილი ცორვასი
გ. კაშია ვინტრა
ხიზანიშვილი ციოლისი
ამისულაშვილი პაპასტატოპულოსი
კალაძე ციოლისი
კანკავა პაპადოპულოსი
კობიაშვილი კაცურანისი
თარგამაძე კარაგუნისი
გრიგალაშვილი სალპინგიდისი
მარცვალაძე ხარისტეასი
მჭედლიძე გეკასი

მწვრთნელი მწვრთნელი
თ. ქეცბაია ფ. სანტუში

საქართველო
42. კანკავა - ლობჟანიძე
51. გრიგალაშვილი - იაშვილი
65. მჭედლიძე - გურული
სათადარიგოები: რ. კვასხვაძე, ხუბუტია, გრიგალავა, დვალიშვილი

საბერძნეთი
56. ციოლისი - ფოტაკისი
68. სალპინგიდისი - ათანასიადისი
90. გეკასი - კონე

სათადარიგოები: ხიოტისი, პეცოსი, მალეცასი, მაკოსი

გაფრთხილება: კანკავა (16), მჭედლიძე (22), სპიროპულოსი (43), თარგამაძე (61), ათანასიადისი (74)
არბიტრი: დ. ორსატო (იტალია)

მალტა-ისრაელი 0:2
მალტა (4-4-2): ა. ჰოგი - ჯ. კარუანა (82. ბორგი), მამო, შკიბერასი, ა. აგიუსი - რ. ფენეჩი (64. ჰერერა), ბრიფა, პ. ფენეჩი, ვუდსი (81. კ. კარუანა) - ჰატჩისონი, მიფსუდი.
ისრაელი (4-4-2): ავატე - ბონდარვი (57. ვერმაუტი), ბიტონი, ტავატა, გერშონი - გოლასა, ნატხო, ბუზაგლო, რაფაელოვი (49. კოენი) - ჰემედი, საჰარი (78. ბენ-ჰაიმი).
გოლები: 0:1 რაფაელოვი (11), 0:2 გერშონი (93)
მაყურებელი: 2 160

ხორვატია-ლატვია 2:0
ხორვატია (4-4-2): პლეტიკოშა - ჩორლუკა (32. ვიდა), ლოვრენი, შიმუნიჩი, სტრინიჩი - სრნა, რაკიტიჩი, მოდრიჩი, კრანჩარი (60. პერიშიჩი) - ედუარდო, მანძუკიჩი (84. იელავიჩი).
ლატვია (4-4-1-1): ვანინსი - კლავა, ივანოვსი, გორკსი, მიჰადიუკსი - პერეპლოტკინსი (72. გაურაკსი), რუგინსი (81. ტარასოვსი), ლაიზანსი, ვიშნიაკოვსი (88. რუბინსი) - ცაუნია - რუდნევსი.
გოლები: 1:0 ედუარდო (66), 2:0 მანძუკიჩი (72)
მაყურებელი: 15 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. საბერძნეთი 10 7 3 0 14-5 24
2. ხორვატია 10 7 1 2 18-7 21
3. ისრაელი 10 5 1 4 13-11 16
4. ლატვია 10 3 2 5 9-12 11
5. საქართველო 10 2 4 4 7-9 10
6. მალტა 10 0 1 9 4-21 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
ხალხო საქართველოს ნაკრებმა ერთადერთხელ დაასრულა ქვეჯგუფში თამაშები მესამე ადგილზე. როცა ყიფიანი და ძოძუაშვილი წვრთნიდა. მაშინ მიხიჩა მეორე ნომრად იყო და ბოლომდე ქვეჯგუფიში თამაშების ჩატარებაც არ აცალეს. ავტორს მადლობა ასეთი სტატიისათვის მგონი აზრზე მოდიხართ ჟურნალისტებო. ყველამ ერთად მოვითხოვოთ რომ დანიშნონ ნაკრების მწვრთნელად ამ მაფიოზა ნაძირლებმა რევაზ ძოძუაშვილი. მეტი დასაბუთება რაღა უნდა მოვიყვანო?
zviadi
18:58 13-10-2011
0
ucnobi--- მაშინ მოდი ასე გეტყვი,ამ თამაშში მართლა იყო და არც ვმალავ ჩემი აზრითრაგაცა შEცდომები მწვრთნელისგან დაშვებული,მაგრამ ის რო ნაკრების წარუმატებლობას ქეცბაიას აბრალებს ეს ხალხი ეს ნამდვილი უსინდისობაა,დარწმუნებული ვარ ყველა ის ადამიანი რომელიც ახლა მიხიჩას და არვალაძეს მოითხოვს გაამელბით,ასეთივე ომახიანად მოითხოვდნენ თავის დროზე ქეცბას და ამ კაცს მოგალატეს ეძახიან მხოლოდ იმიტო რო ხელი ჩამოართვა და მიულოცა საბერძნეთის მწვრთნელს არაადა ჩემი შეხედულებით ქეცბა კი არა თვითონ ასეთი ხალხი არის მოგალატე რომელიც გაჭირვებისას გვერძე გადგება და იმის მაგივრად რო გვერდში ამოუდგეს კაცს ლანძღავს და აინებს,ეს ერთი და მერე მეორე რა მინდა გკიტხოო იციი 4 ტურის წინ მაინტერესებს კმაყოფილი იყავი თუ არაა შენ თვითონ ქეცბაიას მუშაობით და ნაკრების შედეგებით შესარჩევ ჯგუფში?
goga abesadze
16:55 13-10-2011
0

სიახლეები პოპულარული