ზუსტად ორი კვირა დარჩა იმ დღემდე, საქართველოს ნაკრებმა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი მატჩი რომ უნდა ჩაატაროს. ახალ შესარჩევ ციკლს, ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტთან, საბერძნეთის ნაკრებთან გასვლითი შეხვედრით ვხსნით, ოთხ დღეში კი თბილისში ისრაელს უნდა ვუმასპინძლოთ. ძალიან მალე (სავარაუდოდ, მომავალი კვირის დასაწყისში) საქართველოს ნაკრების შემადგენლობა იქნება ცნობილი, თუმცა, წინდაწინ ვთქვათ, რომ რაიმე განსაკუთრებულ სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ. საერთოდაც, რომელ სიურპრიზებზეა ლაპარაკი? ან, იქნებ, ჩვენი ნაკრების მწვრთნელებს აქვთ თავსატეხი: "უამრავი" მაღალი კლასის ფეხბურთელიდან საბერძნეთთან და ისრაელთან... 18 კაცი როგორ ამოარჩიონ?!
პესიმისტური ფონი
ჰო, ჯერ კიდევ შარშან (კერძოდ, ნოემბრის მიწურულს) ვწერდით, რომ საქართველოს ნაკრებში, და საერთოდ, ქართულ ფეხბურთში, ადამიანური რესურსის დეფიციტია. "ლელოს" ფურცლებზე წერილების ციკლიც გამოვაქვეყნეთ და საკუთარი ვარაუდიც გამოვთქვით იმის თაობაზე, თუ რომელ ფეხბურთელებს დაეყრდნობოდა საქართველოს ნაკრების ახლადარჩეული სამწვრთნელო შტაბი; ჰო, ამპლუების (მეკარე, მცველი, ნახევარმცველი, თავდამსხმელი) მიხედვით ვმსჯელობდით; კლაუს ტოპმიოლერისა თუ ექტორ კუპერისგან მივიწყებულ-იგნორირებულ-მოძულებულ ფეხბურთელებსაც ვიხსენებდით და ჩვენი ნაკრების სტაჟიან თუ ახალბედა წევრებსაც; თავს იმის უფლებაც მივეცით, საქართველოს ნაკრების ახალი სამწვრთნელო შტაბისთვის "რეკომენდაციებიც" მიგვეცა - ამა თუ იმ ამპლუაში ესა თუ ის ფეხბურთელი აჯობებსო...
მაგრამ, მთავარი მაინც სხვა იყო: მაშინაც და ახლაც, როცა ოფიციალურ მატჩებამდე ორი კვირაღა დარჩა, იმედის თვალით შევცქეროდით და შევცქერივართ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე თემურ ქეცბაიას დანიშვნას. ჯერ ერთი, საქართველოს ნაკრების ისტორიაში უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული ფეხბურთელი თავის ხანგრძლივი და შთამბეჭდავი კარიერის განმავლობაში, ნებისმიერ შეხვედრაში ხომ სულსა და გულს დებდა (მნიშვნელობა არა ჰქონდა, მატჩი ოფიციალური იყო, თუ - ამხანაგური); ამას გარდა, თემურ ქეცბაიამ, დროის მოკლე პერიოდში სამწვრთნელო ასპარეზზეც თავი ისახელა: ჯერ, ასე ვთქვათ, ადგილობრივი მასშტაბით, მერე კი - ევროპულ სარბიელზეც.
მოკლედ, არც "საიდანღაც" მოსული კაცი დაინიშნა ჩვენს ნაკრებში და არც ისეთი, ვინმე კვალიფიკაციას რომ დაუწუნებდა. იმის არანაკლები იმედიც გვქონდა (და ყოველივე ეს ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჩატარებულმა სამმა ამხანაგურმა მატჩმაც დაადასტურა), რომ საქართველოს ნაკრები "საექსპერიმენტო პოლიგონს" აღარ დაემსგავსებოდა, რომ ჩვენ უპირველეს გუნდში მხოლოდ "სახელ-გვარისა" თუ წარსული დამსახურებისათვის აღარავის მიიწვევდნენ, რომ ნაკრების დაკომპლექტებისას მხოლოდ სამართლიანობისა და წმინდა სპორტული პრინციპები იქნებოდა გათვალისწინებული (და არა - ცალკეულ ფეხბურთელთა... სატრანსფერო ინტერესები).
მოკლედ, იმედი გვქონდა და ახლაც გვაქვს, მაგრამ, ამასთან ერთად, რეალობის შეგრძნებაც არ უნდა დავკარგოთ. ჰო, ცრუ ილუზიებისგან "განთავისუფლებას" ვგულისხმობთ - თემურ ქეცბაიას არავინ უნდა მოთხოვოს, გინდა თუ არა, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვეო! ასეთი პესიმისტური განცხადებისკენ კი ის მწარე რეალობა გვიბიძგებს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ; ანუ, ისევ და ისევ, ადამიანური რესურსის დეფიციტს ვგულისხმობთ: სამწუხაროდ, დღესდღეობით, საქართველოს ნაკრებში საერთაშორისო დონის ფეხბურთელთა დეფიციტია!
მართალია, ორ-სამ ფეხბურთელს სანაკრებო თუ საკლუბო დონეზე გამოცდილება-ოსტატობა ნამდვილად არ დაეწუნება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის; მით უფრო, ვისაც საერთაშორისო დონის ფეხბურთელებად მივიჩნევთ (აი, ორი-სამი კაციაო, რომ ვთქვით), არც ერთი მათგანი არ არის... თავდამსხმელი, ან - შემტევი სტილის ნახევარმცველი; მოკლედ, გოლის გამტანი ფორვარდიც (თან, მაღალი კლასის) გვჭირდება და "ბოლო პასის" მიმცემი ფეხბურთელიც (ასევე, მაღალი კლასის); ჯანო ანანიძე? არავინ უარყოფს ამ პატარა ბიჭის მართლაც განსაკუთრებულ ნიჭიერებას; მაგრამ, 17 წლის ფეხბურთელი შეძლებს კი ნაკრების ლიდერობის ტვირთის ზიდვას? ლევან ყენია ტრავმებმა გააწამა და არავინ იცის, როდის გამოჯანმრთელდება და ოპტიმალურ ფორმაში როდის ჩადგება; ლევან მჭედლიძეს, ფაქტობრივად, წელიწადზე მეტია, არ უთამაშია; ჰოდა, ვიღა რჩება...
მძიმე მემკვიდრეობა
საქართველოს ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს თემურ ქეცბაიას წინამორბედისგან მართლაც მძიმე მემკვიდრეობა ერგო; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩვენი უპირველესი გუნდი წელიწად-ნახევრის განმავლობაში... მოუგებლად ასპარეზობდა! ასეთი რამ კი მანამდე არასდროს მომხდარა: საქართველოს ნაკრები ქართველსაც გაუწვრთნია, უცხოელსაც, მაგრამ ამდენხნიანი მოუგებელი სერია არავის და არასდროს ჰქონია; თან, ნუ დაგვავიწყდება, რომ ვერც ოფიციალურ შეხვედრებში ვიმარჯვებდით და ვერც - ამხანაგურ მატჩებში...
ამას გარდა, იტალიასთან, გნებავთ, ირლანდიასთან და ბულგარეთთან თუ, მეტ-ნაკლებად, "ადვილად ასატანი" წაგებები გვქონდა, ამას ნამდვილად ვერ ვიტყოდით მოლდოვასთან, მალტასთან თუ ისლანდიასთან დამარცხებებზე. ჰო, ეს მართლაც საშინელება იყო: 2008 წლის 20 აგვისტოს უელსში, სუონსის "ლიბერთი სტედიუმზე" მასპინძლებს რომ მოვუგეთ (კუპერის სადებიუტო შეხვედრაში), იმის მერე წლევანდელ 3 მარტამდე თამაშს თამაშზე ვაგებდით (ხანდახან, ერთი-ორ ფრეს გავახერხებდით-ხოლმე); ფაქტობრივად, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, ნებისმიერი გუნდისათვის ყველაზე... სასურველ მეტოქედ ვიქეცით: ზოგ ნაკრებს ჩვენსავით მოუგებელი სერია თუ ჰქონდა, სპარინგ-პარტნიორად საქართველოს ნაკრებს აირჩევდა და... იმათი წარუმატებლობაც შეწყდებოდა; ზოგ ნაკრებს... ისტორია "შევაქმნევინეთ", ზოგი კი იმიტომ გვთანხმდებოდა საპაექროდ, რომ შემადგენლობაში ექსპერიმენტები ჩაეტარებინა...
თუმცა სხვების ექსპერიმენტები რა მოსატანია იმასთან, რაც ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ნაკრებში ხდებოდა! კუპერის ხელმძღვანელობით ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში 43-მა ფეხბურთელმა ითამაშა, ამ დროს კი, იმ წელიწადნახევრის განმავლობაში, სულ მცირე, ათამდე მოთამაშე სრულიად იგნორირებული იყო. აბა, როგორი საქმეა, როცა შემსრულებლების კატასტროფული დეფიციტის დროს, მეტ-ნაკლებად ნორმალურ ლიგებში მოასპარეზე ფეხბურთელებს საქართველოს ნაკრებს ახლოს რომ აკარებდნენ...
თუმცა, ყველაფრის კუპერისთვის გადაბრალებაც სწორი ნამდვილი არ იქნება; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამ კაცს არც შრომა ეზარებოდა და იმავე ტოპმიოლერისაგან განსხვავებით, ვერც იმას დავაბრალებთ, ნაკრებში ამა თუ იმ ფეხბურთელს... მისი სატრანსფერო ინტერესებიდან გამომდინარე იძახებდაო; საერთოდაც, მხოლოდ "ტოპის" დროს კი არა, უფრო ადრეც, ერთი-ორი ქართველი მწვრთნელის სელექციაც უამრავ ეჭვს იწვევდა.
სამწუხაროდ, სწორედ ასეთი დამღუპველი პოლიტიკისა და იმის გამოც, რომ საქართველოს ნაკრებში მოხვედრა, თითქოსდა, ჩვეულებრივ ამბად იქცა, კიდევ ერთხელ მოგვიწევს მწარე რეალობის თქმა: ნებისმიერი გუნდისათვის საქართველოს ნაკრები სასურველზე სასურველ მეტოქედ გადაიქცა!
სამართლიანობის პრინციპი
ქეცბაიამ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სადებიუტო მატჩი ამა წლის 3 მარტს ჩაატარა. მაშინაც, ესტონეთთან ჩატარებული მატჩისადმი მიძღვნილ რეპორტაჟშიც დავწერეთ და დღესაც იმ აზრზე ვართ, რომ სადებიუტო შეხვედრაში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ფსიქოლოგიური ფაქტორი იყო; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩვენმა ნაკრებმა ხომ 15-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და ამიტომაც დავასათაურეთ ის წერილი, როგორც "ფსიქოლოგიური გამარჯვება". არ დაგვავიწყდეს არცთუ უმნიშვნელო ფაქტორიც: ჩვენმა ფეხბურთელებმა ორივე გოლი ტაიმების... ბოლო წუთებზე გაიტანეს (უფრო ზუსტად კი მაშინ, როცა ტაიმების დამატებული წუთები იწურებოდა)! არადა, გავიხსენოთ, მანამდე როგორ ხდებოდა; როგორ და... პირიქით იყო-ხოლმე: ჩვენზე ბევრად ძლიერ მოწინააღმდეგეებს ტოლი-ტოლზე ვეთამაშებოდით, მაგრამ ტაიმის ბოლო წუთებზე კონცენტრაციის დაკარგვა მუდამ საკუთარ კარში გაშვებულ გოლად გვიჯდებოდა...
იმ მართლაც დანავსული სერიის შეწყვეტას და ასე ნანატრ გამარჯვებას კიდევ ორი შეხვედრა მოჰყვა - კამერუნთან და მოლდოვასთან. ვინც როგორც უნდა ისე მიიღოს, მაგრამ, ჩვენი აზრით, ორივე ამ მატჩის არწაგებაც არ იყო პატარა ამბავი. ანუ, ადრე თუ მოგებას ვიყავით გადაჩვეულნი, ხომ შეიძლება ახლა პირიქით მოხდეს და ამიერიდან არწაგებებს დავეჩვიოთ? გვერწმუნეთ: არც სარკაზმია და არც - ირონია, მხოლოდ და მხოლოდ, კეთილი სურვილებია; ბოლოს და ბოლოს საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ სამი შეხვედრა წაუგებლად უკანასკნელად 2007 წელს, კლაუს ტოპმიოლერის დროს ითამაშა(მეტოქეები: ლუქსემბურგი, უკრაინა, აზერბაიჯანი). სარეკორდო წაუგებელი სერია კი 1997-98 წლებში გვქონდა: საქართველოს ნაკრებმა დაუმარცხებლად 3 შეხვედრა დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით ჩაატარა, ამას კი ვლადიმერ გუცაევის თავკაცობით 5 მატჩიანი წაუგებელად ასპარეზობა მოჰყვა. ასევე 5-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია გვქონდა 2001 წელსაც, როცა საქართველოს ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე წვრთნიდა.
მოკლედ, რაც მთავარია, მოგების "გემოც" გავიხსენეთ და ნებისმიერ მეტოქესთანაც წინასწარ განწირულებად თავს აღარ ვგრძნობთ (და ეს იმის მიუხედავად, რომ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჩატარებული ჩვენი ნაკრების სამივე მატჩი ამხანაგური იყო). აქვე, უმთავრესი ფაქტორიც არ დავივიწყოთ: ქართველ გულშემატკივრთა აბსოლუტური უმრავლესობის ვარაუდი გამართლდა და თემურ ქეცბაიას ნაკრების სათავეში მოსვლის მერე "ზედმეტი კითხვები" გაქრა. რომელ "ზედმეტ კითხვებზეა" საუბარი? რომელზე და იმაზე, რომ ამა წლის 3 მარტიდან (ანუ, ესტონეთთან მატჩიდან მოყოლებული) აღარავინ იკითხავს: "ამ ფეხბურთელს ნაკრებში რატომ იძახებენ?" ან, პირიქით: "ის მოთამაშე ჩინებულ ფორმაში რომ იმყოფება და საქართველოს ჩემპიონატზე ბევრად ძლიერ ლიგაში რომ ასპარეზობს, ნაკრებში რატომ არ იწვევენო" და ასე შემდეგ. ჰო, ყველაზე უმთავრესზე უმთავრესი აღდგა - სამართლიანობის პრინციპი!
დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს: იქნებ, ბოლოს და ბოლოს, საშველი დაედგას და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს... საკუთარ ბაზაზე (ოღონდ, ნორმალური მოედნით) ვარჯიშისა თუ მზადების საშუალებაც მიეცეს, თორემ, უკვე ჩვენც აგვერია სათვალავი, თუ რამდენჯერ ვიხილეთ საგურამოს ბაზისა თუ "ბასას" გახსნის საზეიმო ცერემონიალები; თან, ხან უცხოელი და მეტად საპატიო სტუმრების, ხან კიდევ - ჩვენი ქვეყნის უმაღლეს პირთა თანდასწრებით...
...სამი შეხვედრა: ერთი გამარჯვება და ორი ფრე - აი, ასეთია ჯერჯერობით თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრების მაჩვენებელი; ამ სამ შეხვედრაში ჩვენი ნაკრების ახალმა მწვრთნელმა 27 ფეხბურთელი გამოსცადა: ვისთვის შეიძლება ეს რაოდენობა ბევრი იყოს, ვისთვის - ნაკლები, თუმცა ჩვენი აზრით და იმის გათვალისწინებითაც, რომ სამივე მატჩი ამხანაგური იყო, მისაღები და "ნორმალური" რიცხვია. თუმცა ამ თემაზე, სამივე შეხვედრაში მოასპარეზე ფეხბურთელებსა და ჯერ კიდევ გამოუყენებელ რესურსზე (ასეთი "ბუნებაში" თუ არსებობს), ჯობს, ხვალ ვისაუბროთ...
(გაგრძელება ლელოს შემდეგ ნომერში)