იმედის დაბრუნება (დასასრული)

AutoSharing Option
...საქართველოს ნაკრებმა თემურ ქეცბაის ხელმძღვანელობით სამი შეხვედრა ჩაატარა და, როგორც წინა წერილში აღვნიშნეთ, ჯერჯერობით, წაუგებლად ვასპარეზობთ. ამ სამ მატჩში საქართველოს ნაკრების ახალმა მწვრთნელმა 27 ფეხბურთელი ათამაშა; ეს რიცხვი, ვისთვის შეიძლება დიდი იყოს, ვისთვის - მცირე, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სამივე შეხვედრა ამხანაგური იყო, ამ შემთხვევაში ფეხბურთელების რაოდენობა (27) მეტ-ნაკლებად "მისაღებად" უნდა მივიჩნიოთ. მით უმეტეს, რომ ექსპერიმენტებისა თუ ფეხბურთელების "საქმეში ნახვის" დრო დამთავრდა - სულ მალე უკვე ოფიციალური მატჩები იწყება.

კიდევ ერთი, თანაც არცთუ უმნიშვნელო ფაქტორიც ნუ დაგვავიწყდება: კლაუს
ტოპმიოლერისა და ექტორ რაულ კუპერისგან განსხვავებით, თემურ ქეცბაია თავისთვის... უცხო გარემოში არ მიდიოდა; ანუ, ზოგადად ქართული ფეხბურთის პრობლემებიც კარგად იცოდა და ჩვენი ნაკრების "შიდა სამზარეულოც". ეგ კი არა, საქართველოს ნაკრების დღევანდელი შემადგენლობის ზოგიერთ წევრთან ერთად, თავის დროზე, ათეულობით მატჩიც ჩაუტარებია...

თუმცა, მაშინ (90-იანი წლების ბოლოს) ასე მტკივნეულად არ იგრძნობოდა კვალიფიციურ ფეხბურთელთა დეფიციტი; ის კი არა, საქართველოს ნაკრებში, ხშირ შემთხვევაში, ძირითადში ისეთი მოთამაშეები ვერ ხვდებოდნენ, საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში, კიევის "დინამოსა" თუ ევროპის სხვა ცნობილ კლუბებში რომ ასპარეზობდნენ (ოღონდ, ეს უფრო 90-იან წლების შუა პერიოდს ეხება). ახლა კი, როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, ქართულ ფეხბურთში ადამიანური რესურსის მართლაც კატასტროფული დეფიციტია. აი, ქეცბაიამ იმ სამ ამხანაგურ მატჩში 27 ფეხბურთელი ათამაშა; როგორ ფიქრობთ, კიდევ რამდენის გამოცდას დააპირებდა? ალბათ, 10 ან 12 ფეხბურთელის (ეგაც, ძალიან "გაბერილი" რიცხვებია), ტრავმებისა თუ... საპასპორტო პრობლემების გამო, ჯერჯერობით რომ არ უთამაშიათ.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, შესარჩევ ციკლში ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში რაიმე განსაკუთრებულ "სიურპრიზებს" არ უნდა ველოდოთ. იმედი დავიტოვოთ, რომ ერთი-ორი ტრავმირებული ფეხბურთელიც მალე მომჯობინდება, ზოგი საპასპორტო პრობლემას გადაჭრის და ზოგსაც - თავის კლუბში სათამაშო პრაქტიკა ექნება. რაც მთავარია, თითოეულმა ფეხბურთელმაც და, საერთოდ, ქართველმა გულშემატკივრებმაც, ანუ, ყველამ, კარგად იცის, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ და მხოლოდ ისინი ითამაშებენ, ამას რომ იმსახურებენ. ახლა კი საქართველოს ნაკრების თითოეულ რგოლზე ვისაუბროთ: სამივე ამხანაგურ მატჩში მონაწილე ფეხბურთელებზეც და იმათზეც, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჯერ არც ერთი შეხვედრა რომ არ ჩაუტარებიათ.

მეკარეები

მხოლოდ ბოლო წლებში კი არა, ლამის საქართველოს ნაკრების დაარსებიდან მოყოლებული, ჩვენი უპირველესი გუნდის ნებისმიერი წარუმატებლობა... მეკარეებს ბრალდებოდათ-ხოლმე; კი, უნდა ვაღიაროთ, რომ რამდენიმე შემთხვევა მართლაც მომხდარა, როცა ჩვენი ნაკრების ამა თუ იმ მეკარის კურიოზულ შეცდომას კონკრეტული მატჩის ბედი გადაუწყვიტავს; მგრამ, არც ისე ყოფილა საქმე, რომ გვეთქვა: სხვა ამპლუის ფეხბურთელები "დაფრინავდნენ" და აი, მეკარეების გამო კი... ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე ვერ გავდიოდითო!

... სამ ამხანაგურ შეხვედრაში თემურ ქეცბაიამ სამი მეკარე გამოსცადა; როგორც მოსალოდნელი იყო, პირველ შეხვედრაში ჩვენი ნაკრების კარი გიორგი ლომაიამ დაიცვა. არ გვინდა ამ უკანასკნელის ახალგაზრდა კოლეგებს ვაწყენინოთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დღესდღეობით ლომაიაზე უკეთესი მეკარე არა გვყავს; რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ჩვენზე კარგად თემურ ქეცბაიამაც იცის და საქართველოს ნაკრების მეკარეთა მწვრთნელმა მამუკა აბუსერიძემაც - სხვა შემთხვევაში, ესტონეთის წინააღმდეგ ლომაიას მაგივრად სხვას დაეყრდნობოდნენ.
მოკლედ, მეკარის საკითხი პრობლემატური არ უნდა ყოფილიყო, მით უფრო, რომ ნუკრი რევიშვილიც, ბოლოს და ბოლოს, უკვე აგვარებდა საპასპორტო-სავიზო პრობლემებს და ყველანი ჯანსაღი კონკურენციის მოლოდინში ვიყავით.

თუმცა, უკვე მეორე ამხანაგური მატჩის წინ, ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად, ლომაიამ ნაკრებიდან წასვლა გადაწყვიტა. აღარ გვინდა ამ გადაწყვეტილების მიზეზებს ჩავუღრმავდეთ, თუმცა რეალობას ვერსად გავექცევით: დღესდღეობით საუკეთესო ქართველი მეკარე ჩვენს ნაკრებში აღარ თამაშობს. არადა, ლომაია მართლაც ჩინებულ ფორმაში იმყოფება, რაც ბაქოს "ინტერის" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონურ "ლეხთან" განმეორებით მატჩშიც არაერთხელ დაადასტურა...

მეორე ამხანაგური მატჩში ჩვენი ნაკრების კარს ბევრისგან "მივიწყებული" ნუკრი რევიშვილი იცავდა, - საქართველოს ნაკრებში სამწლიანი პაუზის მერე რომ დაბრუნდა. ისიც გაგვიხარდა, რომ "რუბინისგან" განსხვავებით, ახალ კლუბში ("ანჟიში") სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა, თუმცა, "ზენიტთან" მატჩის მიწურულს საბედისწერო შეცდომის შემდეგ მახაჩყალელთა გუნდის ახალი თავკაცი - გაჯი გაჯიევი ქართველ მეკარეს აღარ ენდობა. იმედია, ეს დროებითი პრობლემაა და რევიშვილიც შეძლებს "ანჟიში" ძირითადი მეკარის სტატუსის დაბრუნებას; თორემ ამ მართლაც ნიჭიერ მეკარეს სათამაშო პრაქტიკის უქონლობის გამო ისედაც ბევრი გაუცდა.

სხვათა შორის, ბევრს ეგონა, რომ მოლდოველებთან მატჩშიც რევიშვილი ითამაშებდა, მაგრამ თემურ ქეცბაიამ ამჯერად კიდევ ერთი მეკარე, თბილისის დინამოელ გიორგი ლორიას ენდო. ლორიას ურიგოდ არ უასპარეზია (ერთ ეპიზოდში სულაც გოლისგან გვიხსნა), თანაც, იმავე რევიშვილისგან განსხვავებით, სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას არ განიცდის. თუმცა, ამ ეტაპისათვის მართლაც დიდ გამოცანად რჩება, თუ ვის მიანდობენ 3 სექტემბერს საქართველოს ნაკრების კარის დაცვას. ზემოთდასახელებული მეკარეების გარდა როინ კვასხვაძე და მაქსიმე ქვილითაიაც იყვნენ და არიან კიდეც კანდიდატთა სიაში. კვასხვაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანია და ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ 21-წლამდელთა ნაკრებსაც არანაკლებ პრინციპული მატჩი ელოდებათ თურქეთში.

თუმცა, ის კი ცხადია, "დღეს" თუ არა, "ხვალ" მაინც, როინ კვასხვაძეს სერიოზული პრეტენზია უნდა ჰქონდეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითად მეკარეობაზე. მაქსიმე ქვილითაიას კი (საქართველოს XXI ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენა რომ გახლდათ), ჯერ თავის ახალ კლუბში ("ტორპედოში") მოუწევს ძირითადი მეკარის სტატუსის მოპოვება და თუ შარშანდელივით იასპარეზებს, ნაკრების მწვრთნელებისთვის შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩება. აი, რაც შეეხება გიორგი მაკარიძეს, სამწუხაროდ, ამ ახალგაზრდა მეკარეს თავის კლუბში (ფრანგულ "ლე მანში") კვლავაც უთამაშებლობის პრობლემა აწუხებს.

მცველები

სამივე ამხანაგურ შეხვედრაში თემურ ქეცბაიამ რამდენიმე ტაქტიკური სქემა მოსინჯა: ესტონეთთან და კამერუნთან 4-2-3-1 იყო, მოლდოვასთან თავდაპირველად 4-4-2-თ ვთამაშობდით და მერე, თამაშის მსვლელობისას რამდენჯერმე შეიცვალა. ანუ, ისე აღარ არ არის, როგორც კუპერის დროს, როცა ჩვენი ნაკრები ნებისმიერ მეტოქესთან (შინ თუ გარეთ) ერთი და იგივე განლაგებით (4-3-2-1) ასპარეზობდა. რაც მთავარია, ქეცბაია მაქსიმალურად ცდილობდა იმ სამივე ამხანაგურ მატჩში ფეხბურთელები სხვადასხვა პოზიციებზე გამოეყენებინა.

ჰოდა, უნდა ვაღიაროთ, რომ დღესდღეობით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას თავისუფლად შეუძლია, სულ მცირე, 2-3 პოზიციაზე თამაში. დაცვის მარჯვენა ფლანგზე ესტონეთთან თუ ლაშა სალუქვაძე ვიხილეთ, მომდევნო შეხვედრაში უკვე უჩა ლობჟანიძე თამაშობდა ამ პოზიციაზე. ოღონდ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ რუსეთის ჩემპიონის, "რუბინის" ძირითადმა ფეხბურთელმა ლაშა სალუქვაძემ კამერუნთან მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. მოკლედ, მარჯვენა მცველის პრობლემა არ უნდა გვქონდეს, თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ იმავე სალუქვაძეს დაცვაში ნებისმიერ სხვა პოზიციაზეც შეუძლია თამაში (ისე როგორც ლობჟანიძეს - ცენტრში).

საპირისპირო ფლანგზე ესტონელებთან დავით კვირკველიამ ითამაშა, კამერუნთან - ილია კანდელაკმა, ხოლო მოლდოვასთან კი თავდაპირველად ამ პოზიციაზე კახა კალაძე ასპარეზობდა. აქაც, რამდენიმე ვარიანტია. თანაც, ჩვენი ნაკრების კაპიტანი (იმედია, საკლუბო პრობლემას მალე მოაგვარებს) იმავე ესტონეთთან მატჩში ხომ დაცვის ცენტრში ვიხილეთ; ჰო, როცა დიდი ხნის შესვენების შემდეგ კვლავ აღსდგა კახა კალაძისა და მალხაზ ასათიანის "დუეტი"! ასათიანი ჩვენი ნაკრებისათვის მართლაც შეუცვლელი ფეხბურთელია და მწვრთნელის გადასაწყვეტია, თუ სად უფრო ეფექტიანი იქნება ასეთი შესაძლებლობების მქონე მოთამაშის გამოყენება: დაცვის ცენტრში თუ ნახევარდაცვაში (აი, როგორც კამერუნთან იყო).

ზუსტად იგივე სიტუაციაა ჩვენი ნაკრების კიდევ ერთ გამოცდილ ფეხბურთელთან მიმართებაშიც: ესტონეთთან შეხვედრაში თემურ ქეცბაიამ გარკვეული სიურპრიზიც შემოგვთავაზა, როცა ერთ-ერთ საყრდენ ნახევარმცველად ზურაბ ხიზანიშვილი დააყენა. სამაგიეროდ, იმავე კამერუნთან შეხვედრაში ნახევარდაცვაში ასათიანმა "აიწია", ხოლო ხიზანიშვილი დაცვის ცენტრში შეუწყვილდა კიდევ ერთ "დაბრუნებულს" - ალექსანდრე ამისულაშვილს (უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი მატჩი, ისიც ამხანაგური, რომ ჰქონდა ნაკრებში ჩატარებული). თავის პირველ და მეორე მატჩში ქეცბაიამ გიორგი შაშიაშვილიც ათამაშა; ამ შემთხვევაშიც საქმე უნივერსალთან გვაქვს, რამეთუ საბერძნეთის ჩემპიონატში მოასპარეზე შაშიაშვილს დაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში.

თბილისის "დინამოში" მობრუნებულ გურამ კაშიას კი საკმარისზე მეტი მოტივაცია ექნება, რომ კვლავაც ნაკრებში გამოიძახონ. ყოველ შემთხვევაში, ქეცბაიას ასისტენტი სოსო ჭედია ხომ საქართველოს ჩემპიონატის არც ერთ ტურს არ აცდენს და ჩვენ პირველობაზე თავგამოჩენილი მოთამაშეებიც არ "გამოეპარება"; მით უფრო, მცველები - თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრების კაპიტანი სოსო ჭედია ფეხბურთელობის დროს ხომ ამპლუით მცველი გახლდათ...

ნახევარმცველები

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ თემურ ქეცბაიამ ამ სამივე ამხანაგურ მატჩში რამდენიმე ტაქტიკური სქემა მოსინჯა. თუმცა, რა ბევრი მტკიცება სჭირდება იმ ფაქტს, რომ ჩვენი ნაკრებისათვის უმნიშვნელოვანესი რგოლი სწორედ ნახევარდაცვა უნდა იყოს; მნიშვნელობა არა აქვს, ორი საყრდენითა და სამი შემტევით, ოთხი ნახევარმცველით, სამი შუახაზელითა და ორი გარემარბით - ანუ, ყველა ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ნაკრების ნახევარდაცვაში სამ ფეხბურთელს ადგილი "დაბევებული" აქვს.

ლევან კობიაშვილზე ახალი რა უნდა ვთქვათ: 14 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებში, ვინ მოსთვლის, რამდენჯერ შეიცვალა მთავარი მწვრთნელი, მაგრამ "კობი" ყველასათვის შეუცვლელ ფეხბურთელად იყო და არის კიდეც. თანაც, სამივე ამხანაგურმა მატჩმა ცხადყო, რომ წინამორბედისგან განსხვავებით, ქეცბაია კობიაშვილის ადგილს მხოლოდ ნახევარდაცვაში ხედავს, და არა - დაცვის მარცხენა ფლანგზე.

კობიაშვილის მსგავსად სამივე მატჩი ძირითადში დაიწყო ალექსანდრე იაშვილმაც - ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს უნივერსალ შემტევთან, ორივე ფლანგზე რომ შეუძლია თამაში. აი, მესამე, მართლაც შეუცვლელი ფეხბურთელი კი გოგიტა გოგუა გახლავთ, კუპერის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებში ერთი მატჩიც რომ არ ჩაუტარებია!? ესტონელებთან მატჩში გოგუა, ფაქტობრივად... გამთამაშებელად ვიხილეთ და ეს მართლაც სასიამოვნო სიურპრიზი იყო; არადა, ამ ენერგიულ ფეხბურთელს ნახევარდაცვის ორივე ფლანგზეც ერთნაირი წარმატებით თამაში ეხერხება და საყრდენობასაც ჩინებულად ითავსებს (ეგ კი არა, თუ საჭირო გახდა, დაცვის ფლანგებზე თამაშიც იცის).

ესტონეთთან და კამერუნთან იასპარეზა ზურაბ მენთეშაშვილმა, მის გარდა ქეცბაია უფრო ხშირად და ხშირად ენდობა საქართველოს ჩემპიონატში მოასარეზე ორ გამოცდილ ნახევარმცველსაც - თორნიკე აფციაურსა და ალექსანდრე კოშკაძეს; თუმცა, გასაკვირვი არაფერია - ნაკრებში ხომ აუცილებელია ისეთი ფეხბურთელი, ერთი, გონივრული პასით თანაგუნდელი ხელსაყრელ პოზიციზე რომ გაიყვანო.
აფციაურსა და კოშკაძეს ამ კომპონენტში არაფერი დაეწუნებათ, ისე როგორც ნაკრების პოტენციურ კანდიდატს ლევან გვაზავას;

ოღონდ, იმედია, ეს უკანასკნელი საპასპორტო პრობლემას მოაგვარებს და საკუთარ შესაძლებლობებს ამიერიდან საქართველოს ნაკრებშიც დაამტკიცებს. იმის იმედიც დავიტოვოთ, რომ რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდეს ლევან ყენია, - 19 წლის ასაკში საქართველოს ნაკრებისთვის მართლაც შეუცვლელ ფეხბურთელად რომ იქცა; იმავე ვიტყოდით ასევე ტრავმებისგან გაწამებულ ჯაბა კანკავაზე, ხოლო ახალგაზრდული ნაკრებიდან პოტენციურ კანდიდატებად ბუბა დაუშვილი და ირაკლი კლიმიაშვილი მიგვაჩნია.
ყველაზე "ტკბილი" კი ბოლოსკენ შემოვინახეთ: ქართული ფეხბურთის "მარგალიტმა" ჯანო ანანიძემ თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჯერ მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა (კამერუნთან); თუმცა, რა ბევრი მტკიცება სჭირდება იმ ფაქტს, ახალ შესარჩევ ციკლში ეს პატარა ბიჭი ჩვენი უპირველესი გუნდის ერთ-ერთი იმედი რომ უნდა იყოს...

თავდამსხმელები

ლადო დვალიშვილი, გიორგი მერებაშვილი, დავით სირაძე, - აი, ამ სამ სხვადასხვა სტილის ფორვარდს თემურ ქეცბაია მუდამ ენდობოდა; ყოველ შემთხვევაში, იმავე დვალიშვილმა სამივე მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.
ესტონელებთან შეხვედრაში მარჯვენა გარემარბად თამაში ოთარ მარცვალაძემ დაიწყო, იმავე შეხვედრაში შეცვლაზე აქტიურად შემოვიდა მათე ვაწაძე, კამერუნთან და მოლდოვასთან ასევე შეცვლაზე ითამაშა ნიკოლოზ გელაშვილმა, ასევე კამერუნთან მატჩის განაცხადში მოხვდა "ზესტაფონის" კიდევ ერთი ფორვარდი ჯაბა დვალი, ხოლო ახალგაზრდა რეზო ბარაბაძემ საქართველოს ნაკრებში თავისი მეორე მატჩი ორწლიანი პაუზის მერე ჩაატარა.

აი, ამ ფორვარდთაგან მოუწევს ქეცბაიას საუკეთესოების ამორჩევა და იმის იმედიც დავიტოვოთ, რომ ფაქტობრივად, ერთწლიანი უქმობის შემდეგ სათამაშო პრაქტიკა ექნება ახალგაზრდა და ნიჭიერ ლევან მჭედლიძეს. საერთოდაც, ეს რგოლი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატურია: იგივე, საბერძნეთისა თუ ისრაელის ნაკრებები დაცვაში მაქსიმალური სიმკაცრით თამაშობენ და ნურავის გვექნება იმის იმედი, ჩვენ თავდამსხმელებს ბურთის თავისუფლად მიღების საშუალება ჰქონდეთ. საერთოდაც, თანამედროვე ფეხბურთში გოლის ალღოთი დაჯილდოვებული ფორვარდები მეტისმეტად ძვირად იმადაც ფასობენ, რომ... გოლის გატანა ურთულესზე ურთულესი საქმე გახდა (საერთაშორისო დონეზე ასპარეზობას ვგულისხმობთ).
აქედან გამომდინარე, ჩვენი ფორვარდების აქტიურ და, რაც მთავარია, შედეგიან თამაშზეც, ყველაფერი თუ არა, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მე პირადად ძალიან მეიმედება თემურ ქეცბაიასი ვინაიდან მან შეძლო და თუნდაც მცირე იმედი მაინც გაჩნდა რომ ნელ-ნელა ქართული ფეხბურთი ისევ დაიწყებს აღმავლობას ამას დიდი დრო დასჭირდება მაგრამ თუ ბიჭები მოინდომებენ და თემურსაც აცლიან ყველაფერი შესაძლებელია
dato shovnadze
01:51 24-08-2010
0

სიახლეები პოპულარული