საქართველოს ნაკრების საფეხბურთო წელიწადი: კარგიც, ცუდიც... (ნაწილი II)

AutoSharing Option
სომხეთთან ამხანაგური მატჩის მერე საქართველოს ნაკრებს მომდევნო შეხვედრა თვენახევარში ჰქონდა; თანაც, მატჩსაც ხომ გააჩნია: თბილისში ჩვენი შესარჩევი ჯგუფის გამოკვეთილი ფავორიტისთვის, ხორვატიის ნაკრებისათვის უნდა გვემასპინძლა.

ოპტიმისტური მოლოდინი
26 მარტს დანიშნულ ამ დაპირისპირებას ბევრ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი, - უპირველესად კი იმაზე, თუ რამდენად საფუძვლიანი იყო საქართველოს ნაკრების პრეტენზია 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის ბრძოლისათვის.

შეგახსენებთ, რომ ხორვატებთან დაპირისპირებამდე საქართველოს ნაკრები შესარჩევ ციკლში დაუმარცხებლად ასპარეზობდა; ეგ კი არა, 2010 წლის დასაწყისიდან 2011 წლის 26 მარტამდე ევროპაში ორად ორი ნაკრები იყო
დარჩენილი, არც ერთი მატჩი (ოფიციალურიც და ამხანაგურიც) რომ არ ჰქონდა წაგებული!

მოკლედ, ბევრი მტკიცება არ სჭირდება იმ ფაქტს, თუ როგორი მოლოდინი იქნებოდა თბილისში მოახლოებული მატჩისადმი; ანუ, არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ეროვნულ სტადიონზე სრული ანშლაგი იქნებოდა და ამას გარდა, ის არნახული ოპტიმიზმიც უნდა ვახსენოთ, მატჩის დაწყებამდე რომ სუფევდა ქართულ საფეხბურთო საზოგადოებაში!

ჰო, იმის მიუხედავად, რომ ხორვატიის ნაკრებში რამდენიმე მართლაც მაღალი კლასის შემსრულებელი (დარიო სრნა, ლუკა მოდრიჩი, მლადენ პეტრიჩი, ივან რაკიტიჩი, ნიკო კრანჩარი) თამაშობდა, ქართველ ქომაგთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ ჩვენი ნაკრების წაუგებელი სერია ამ მატჩის შემდეგაც გაგრძელდებოდა...

სწორი გათვლა და ტაქტიკური "დუელი"
საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ორად ორი ისეთი პოზიცია იყო, რაზეც მატჩამდე ქართულ მედიაში დიდი "სჯა-ბაასი" მიმდინარეობდა: ერთადერთი რაზეც გამოკვეთილი ცენტრფორვარდის ადგილს ლადო დვალიშვილი დაიკავებდა თუ დავით სირაძე, აგრეთვე ზუსტად ვერავინ იტყოდა, თემურ ქეცბაია რომელ მეკარეს დაეყრდნობოდა: ნუკრი რევიშვილსა თუ გიორგი ლორიას. თუმცა, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერთი სიურპრიზი ქართველ გულშემატკივარსაც შესთავაზა და თავის ხორვატ კოლეგა სლავენ ბილიჩსაც: მძიმე ტრავმ(ებ)ისგან გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის მერე ძირითად შემადგენლობაში ჯაბა კანკავა გამოჩნდა. თანაც, კანკავამ ადგილი ორი საყრდენი ნახევარმცველის (ზურაბ ხიზანიშვილი, ბუბა დაუშვილი) წინ დაიკავა, ფლანგებიდან კი ნაკრების სტაჟიანი წევრები, ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი ეხმარებოდნენ.

პირველი ტაიმის შემხედვარე, ძნელად თუ იფიქრებდა ვინმე, მატჩი საბოლოოდ ჩვენი გამარჯვებით რომ დამთავრდებოდა; თუმცა, როგორც შემდგომ გაირკვა, ყოველივე ეს ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიერ კარგად გათვლილი ტაქტიკური სვლა იყო: პირველი ტაიმი სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა და ხორვატებმა უმკაცრეს პრესინგსაც მიმართეს; ანუ, როგორც კი ჩვენი რომელიმე ფეხბურთელი ბურთს მიიღებდა, მის წინ მაშინვე მეტოქის ორი მოთამაშე გაჩნდებოდა ხოლმე.

თუმცა, როგორც გაირკვა, ჩვენი გუნდი მოვლენების ასეთი განვითარებისათვის მზად იყო: როცა იქნებოდა, მეტოქეს დაღლაც დაეტყობოდა, შეცვლაზე შემოსული ჩვენი სამარქაფოებიც თამაშს გაამწვავებდნენ (ანუ, მეტოქეს აგრესიულ თამაშს აქეთ "მოვახვევდით") და დაცვაში უშეცდომო თამაშთან ერთად, თუნდაც ერთ (გნებავთ, ერთადერთ) შანსსაც დაველოდებოდით. ყველაფერი ასეც მოხდა, ოღონდ - მეორე ტაიმში, როცა თემურ ქეცბაიამ, ფაქტობრივად, პირწმინად მოუგო ტაქტიკურ-სტრატეგიული "დუელი" თავის ხორვატ კოლეგას.

თუმცა, მანამდე ისიც უნდა ვთქვათ, პირველ ტაიმში ნუკრი რევიშვილმა ორჯერ, რომ გამოავლინა სამეკარეო ოსტატობა, როცა მლადენ პეტრიჩისა და ნიკო კრანჩარის დარტყმები მოიგერია.

ზღაპრული დასასრული
შესვენების შემდეგ მოედანზე დავით სირაძე გამოჩნდა, რომელმაც ცენტრფორვარდის პოზიცია დაიკავა, რაც, ნამდვილად პროგნოზირებადი იყო; მომდევნო ცვლილებებმა კი თამაშის შინაარსიც შეცვალეს და, რაც მთავარია, ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში მომხდარი ტაქტიკური გადაადგილებები მეტოქისათვის იყო მოულოდნელ-დამაბნეველი.

ჯერ იყო და მოედანზე ოთარ მარცვალაძე გამოჩნდა, ვისაც უკანასკნელი სანაკრებო მატჩი ერთი წლის წინათ ჰქონდა ჩატარებული; ჰოდა, ყველას რომ ეგონა მარცვალაძე მარჯვენა ან მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ითამაშებდა, ცენტრფორვარდად ვიხილეთ! მოკლედ, მარჯვნივ სირაძემ გადაიწია, მარცხენა ფლანგზე კი თამაში გოგიტა გოგუას უნდა გაემწვავებინა და ამას გარდა, ხორვატთა კაპიტნის, დარიო სრნას აქტიურობაც შეეზღუდა.

მატჩის ბოლო 30 წუთი თამაში ჩვენი "კარნახით" მიმდინარეობდა და ხორვატთა კართან სახიფათო მომენტებმაც იმატა: ზურაბ ხიზანიშვილის ზედიზედ ორ დარტყმას გოგუას შორეული "გასროლა" მოჰყვა; 81-ე წუთზე კი ოთარ მარცვალაძემ ეფექტური დრიბლინგით ლამის ნახევარი მოედანი გაირბინა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვეღარ ივარგა.

თუმცა, ჩვენების აქტიური და საზრიანი თამაში, მთლიანობაში, ლოგიკური გოლით დამთავრდა: კანკავა-მარცვალაძე-კობიაშვილის კომბინაციაც შთამბეჭდავი იყო და ის ფაქტიც, რომ ამ საგოლე იერიშში, ფაქტობრივად, თითქმის მთელი ჩვენი გუნდი იღებდა მონაწილეობას! (იხილეთ ვიდეო)

კობიაშვილის ზუსტი დარტყმა მატჩის ბოლო წუთზე კი იყო, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ დროში ხორვატებმა მართლაც რომ "საშინელი" შტურმი მოგვიწყვეს, მაგრამ ზღაპრული შეხვედრა ჩაატარა ნუკრი რევიშვილმა, რომელმაც ნიკოლა კალინიჩისა და დანიელ პრანიჩის ახლო მანძილიდან დარტყმული ურთულესი დარტყები მოიგერია!

იტალიელი არბიტრის პაოლო ტალიავენტოს საფინალო სასტვენის ხმა და მოედანზე ზეიმის დაწყება ერთი იყო! ეს ზეიმი მერე თბილისის ქუჩებშიც გაგრძელდა: ჯგუფის ფავორიტის დამარცხებით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსიც რეალური გახდა და არც ის იყო პატარა ამბავი, რომ 2010 წლის დასაწყისიდან 2011 წლის 26 მარტამდე ევროპაში ერთადერთი წაუგებელი გუნდი რჩებოდა - საქართველოს ნაკრები!

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
26. 03. თბილისი. ეროვნული. 54500 მაყურებელი
საქართველო-ხორვატია 1:0
1:0 კობიაშვილი (90, მარცვლაძის პასით)
საქართველო: რევიშვილი - სალუქვაძე, ხუბუტია, ამისულაშვილი, კალაძე - დაუშვილი (73. გოგუა), ხიზანიშვილი - იაშვილი (62. მარცვალაძე), კანკავა, კობიაშვილი - დვალიშვილი (46. სირაძე)
სათადარიგოები: ლორია, გ. კაშია, ალადაშვილი, კვირკველია
ხორვატია: რუნიე - სრნა, ჩორლუკა, ლოვრენი, შტრინიჩი - დუიმოვიჩი - პეტრიჩი (84. პრანიჩი), მოდრიჩი, რაკიტიჩი (61. პერიშიჩი), კრანჩარი (71. იელავიჩი) - კალინიჩი
სათადარიგოები: პლეტიკოშა, შიმუნიჩი, ვუკოევიჩი, მანჯუკიჩი
გაფრთხილება: დუიმოვიჩი (52), კრანჩარი (66), მარცვალაძე (71)
არბიტრი: პ. ტალიავენტო (იტალია)

გაგრძელება იქნება
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული