ზურაბ ხიზანიშვილი: მოგება შეგვიძლია, მაგრამ ვერ ვახერხებთ

AutoSharing Option
შეიძლება, გეუცნაუროთ, მაგრამ ზურაბ ხიზანიშვილთან საუბრისას სიტყვაც არ დაგვიძრავს თურქეთსა და "ქაისერისფორზე". საერთო საფიქრალზე, ანუ საქართველოს ნაკრებზე ვილაპარაკეთ - ეროვნული გუნდის გამოცდილი წევრი თავის აზრს გვიზიარებს განვლილ შესარჩევ ციკლზე, წარუმატებლობის მიზეზებზე, ფეხბურთელებისა და მწვრთნელის დაპირისპირებაზე...

- შემოდგომაა და წიწილების დათვლის დრო დადგა: გასრულებულ სანაკრებო სეზონში რატომ გახდა ხორვატიასთან გამარჯვება არა წინსვლის, არამედ წარუმატებელი სერიის წინაპირობა?
- ძნელი სათქმელია. ისრაელთან წაგების შემდეგ ვერა და ვერ დავლაგდით, არადა, მონდომება და ენთუზიაზმი არ გვაკლდა.

- გამართლებული იქნება იმის თქმა, რომ გუნდს ფსიქოლოგიური და
სათამაშო რესურსი არ ეყო?

- ვერ გეტყვით, რა პრობლემები წარმოიშვა. ვფიქრობ, ფეხბურთელებსა და ნაკრების ხელმძღვანელობაზე დიდი ზეწოლა იყო და ეს ჩვენს თამაშზეც აისახა. სულ წნეხის ქვეშ ყოფნა ძალიან ძნელია.

- თუ გუნდს ამბიცია აქვს, ეს ასეც უნდა იყოს, მას გულშემატკივარი ყოველთვის მეტს სთხოვს.
- რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ, როდესაც შენს ნაკრებს ბევრს სთხოვ, შენც ბევრი უნდა გაიღო. მე, როგორც ნაკრების წევრი, იცით, რას ველი? იმას, რაც და როგორც ხდება გერმანიაში, ინგლისში, შოტლანდიაში, თურქეთში - ცუდი ვარ თუ კარგი, მაინც შენი ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელი ვარ და ნებისმიერ შემთხვევაში გვერდში უნდა დამიდგე.

- გულშემატკივარი გვერდში კი გიდგათ, მაგრამ ზოგი ნაკრები ამ ზეწოლა-მოთხოვნას უძლებს, ზოგიც იბნევა. ჩვენი ნაკრების სიტუაცია მეორე, სამწუხარო ვარიანტს ჰგავს.
- ჩვენ გვყავს ერთგული გულშემატკივარი, რომელიც ნებისმიერ ამინდში დადის სტადიონზე, მაგრამ მოლდავასთან და საბერძნეთთან სტადიონი რომ ვერ შეივსო, ეს მაინც დასანანი იყო.

- ასე მგონია, თავად ფეხბურთელებს არ გჯერათ, რომ ნაკრებს წარმატების მიღწევა შეუძლია, თორემ თამაშით თუ ვიმსჯელებთ, პირველადგილოსან საბერძნეთსაც ბევრით არაფრით ჩამოუვარდებოდით.
- რაც ლატვიის ნაკრებთან დაგვემართა, ეს ჩვენს გუნდს ძალიან ცუდად ახასიათებს. მართლაც კარგად ვითამაშეთ, ბევრი მომენტიც შევქმენით და უნდა მოგვეგო, მაგრამ ვერა და ვერ გავიტანეთ. ჩვენი უიღბლობის მიზეზიც აქ არის საძიებელი - შეგვიძლია, მაგრამ ვერ ვახერხებთ. ლატვიასთან წაგების შემდეგ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი დავკარგეთ, მალტაში მოგებაც არაფერს გვაძლევდა, ხასიათი გაგვიფუჭდა და ვაღიარებ, ვერ მოვახერხეთ ისე განწყობა, როგორც საჭირო იყო.

- გვერდს ვერ ავუვლით თემურ ქეცბაიასთან დავით მუჯირის, გოგიტა გოგუასა და დავით სირაძის დაპირისპირებას. ისინი ნაკრებში არსებულ პრობლემებზე ლაპარაკობენ. რეალურად რა მდგომარეობაა გუნდში?
- ფეხბურთელებმა თავისი აზრი გამოთქვეს, ქეცბაიამ მათ პასუხი გასცა, მე კი ვფიქრობ, რომ ორივე მხრიდან განცხადებები ცხელ გულზე გაკეთდა. დიდი ხანია, მათ ვიცნობ და არა მგონია, რომელიმემ გულში ბოღმა ჩაიდოს და ერთმანეთს საშვილიშვილოდ გადაეკიდნონ. ჩემი სურვილიც ესაა, ყველაფერი დროულად მოგვარდეს. ყველა მათგანს უყვარს საქართველო, გული შესტკივა ჩვენს ნაკრებზე. ფეხბურთელებს უნდათ, ნაკრები უფრო ძლიერი იყოს, ქეცბაიაც სწორედ საამისოდ მუშაობს და, ცხადია, საკუთარი გზა აქვს არჩეული. აქ ხომ სხვა ვარიანტი არ არსებობს.

მე მაინც მგონია, რომ ემოციებმა იძალა. იმედი მაქვს, ისინი მალე მოახერხებენ ადამიანურად დალაპარაკებას და ერთმანეთსას გაიგებენ. ეს საერთო ინტერესებისთვისაა საჭირო.

- წლის მოლდოვასთან მოგებით დასრულება ურიგო საქმე არ არის. მეტოქის სისუსტის მიუხედავად, დიდი ხანია, საქართველოს ნაკრებს ასე დამაჯერებლად არ უთამაშია.
- მატჩი ამხანაგური კი იყო, მაგრამ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი გახლდათ შედეგი, წელი კარგად უნდა დაგვესრულებინა. საბედნიეროდ, ეს მოვახერხეთ. თამაშის ხარისხი ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანი იყო და მწვრთნელისგან ასეთი დავალება არც გვქონია. ამოცანად უხეირო თამაშების სერიის შემდეგ გამარჯვება და მაყურებლისთვის ხასიათის გამოკეთება გვქონდა დასახული.

- სხვათა შორის, ეს იყო ის იშვიათი შეხვედრა, როცა ფეხბურთელები თამაშით სიამოვნებას იღებდით. ეს განწყობა აშკარად გეტყობოდათ.
- როდესაც მეტოქე სუსტია და შესაძლებლობა გაქვს, რატომაც არ უნდა ისიამოვნო?! თუმცა, ისიც კარგად გვახსოვს, ორი წლის წინ თბილისში მოლდოვასთან მატჩით როგორ "ვისიამოვნეთ". ასე რომ, თუ ჩვენმა მეტოქემ კარგად ვერ ითამაშა, ეს ჩვენი დამსახურებაა და არა მხოლოდ სტუმართა სისუსტის შედეგი. პირველი ტაიმის შემდეგ ბიჭებს ვეუბნებოდი, დიდი სხვაობითაც რომ დავწინაურდეთ, არ უნდა მოვეშვათ და რაც შეიძლება მეტი გავიტანოთ-მეთქი. ყველაზე ნერვების საწყვეტი 2:1 და 3:2 ანგარიშია. თუ შანსი გაქვს, 10:0 უნდა მოიგო და მეტოქე ბოლომდე გაარღვიო. ამით უფრო თავდაჯერებულები ხდები და მომავალი მეტოქეებიც მეტი პატივისცემით გეპყრობიან.

გვქონდა კიდეც დიდი ანგარიშით გამარჯვების შანსი, მაგრამ, სამწუხაროდ, პენალტი ვერ გამოვიყენეთ. თუმცა ურიგო შედეგი არც 2:0-ია.

- ნაკრებში საინტერესო მოთამაშეები გამოჩნდნენ - თარგამაძე, კობახიძე... ყენიას დაბრუნების იმედიც არის. მაგრამ მომდევნო შესარჩევ ციკლში ესპანეთისა და საფრანგეთის მეტოქეობა უმძიმესი ხვედრია.
- საფრანგეთისა და ესანეთის თანაჯგუფელობისას წარმატებაზე ლაპარაკი რომ ზედმეტია, ეს საკამათო არ უნდა იყოს, მაგრამ იმის იმედი მაინც მაქვს, რომ ასეთ ძლიერი გუნდების წინააღმდეგ ჩვენი ნაკრები გაიზრდება და იქნებ, ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შესარჩევ ციკლში მაინც ვიბრძოლოთ.

მომდევნო ციკლი კი, ჩემი აზრით, ახალგაზრდების რეკლამირებისა და დაწინაურებისთვის უნდა გამოვიყენოთ, ამ თამაშების შემდეგ ძლიერ გუნდებში რომ გადავიდნენ. ისე არ გაიგოთ, რომ ციკლს უმოტივაციოდ ველი, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობები რეალურად უნდა შევაფასოთ, გასვლაზე ფიქრი კი ზღაპარია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ორჯერ დავწერე კომენტარი არ გამოაქვეყნეთ რა იყო აქაც ჩაწყობაზეა??
mesi
15:16 01-12-2011
0
პროფესიონალმა ფეხბურთელმა ასეთი კომენტარები არ უნდა აკეთოს ეს არის სიმართელ.თუ აღარ აქ ერთი ადგილი თამაშის ადგეს და ცავიდეს სანამ დროა და ადგილი დაუთმოს ახალგაზრდებს რომლებიც იბრძოლებენ მაინც ბოლომდე გა მოიგებენ კიდევაც ტამაშებს!!! Xიზანა კი დაჯდეს მიხედოა თავის კარიერას სანამ პენსიაზე გასულა
mesi
15:03 01-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული