[exclusive] მალხაზ ასათიანი: ჩემთვის არჩევანის უფლება არ მოუციათ

AutoSharing Option
ის ყოველთვის გამორჩეული იყო, რაღაცნაირი, თავისებური აფეთქებებით...
ის გულშემატკივარსაც თავისებურად უყვარდა, ალბათ, თავმდაბლობის გამოც...
მას არასდროს უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, თითქოს არ გრძნობდა თავს კომფორტულად ასეთ სიტუაციაში...
მას შეეძლო თამაშის გაკეთება, ლიდერობა, ერთი მოძრაობით თვალის და მეტოქის დაცვის მოჭრა...
ის ყოველთვის იმედი იყო, მაშინაც კი, როცა საუკეთესო ფორმაში ვერ იყო...
ჯერ კიდევ ათი-თორმეტი წლის წინათ მისი თამაშის სანახავად ხალხი საგანგებოდ დადიოდა სტადიონზე ქუთაისში, სადაც განსაკუთრებულად, თავისებურად უყვართ ფეხბურთი და ნიჭიერი ფეხბურთელები...
მისი კარიერაც თავისებური გამოდგა, ცოტას როდი მიაღწია, მაგრამ მისგან
ყველა მეტს ელოდა საქართველოში...
მისი გოლით საქართველომ მოუგო რუსეთს...
მალხაზ ასათიანმა თავისებური სევდა დაგვიტოვა...
ის ახლა 30 წლისაა და თითქმის ერთი წელია, რაც ფეხბურთს აღარ თამაშობს, აღარ აკეთებს იმას, რაც ძალიან კარგად იცის...
ასათიანმა საქართველოს ნაკრების წინა შესარჩევ ციკლში პირველი ოთხი მატჩი ითამაშა. გახსოვთ მისი სოლო რეიდი მალტასთან? ამის არდამახსოვრება შეუძლებელია, ასეთი რამ ხანდახან თითქოს გოლზე მეტია, ეს ყველას არ შეუძლია, თუნდაც მალტასთან...

მოკლედ, "ლელოს" კითხვებს მალხაზ ასათიანი პასუხობს.

- დამეთანხმები, ყველას აინტერესებს, სად არის და რას აპირებს მალხაზ ასათიანი, რომელიც 30 წლისაა, საღ-სალამათია, მაგრამ ფეხბურთს აღარ თამაშობს.
- პაუზა მართლაც გამიგრძელდა, ისევ რუსეთის პრემიერლიგაში მინდოდა თამაში და ამ ლოდინში ერთი წელიც გავიდა. სხვა ქვეყნებში წასვლაზე თავს ვიკავებდი, მეგონა, რომ რუსეთიდან მექნებოდა მიწვევა.

- რუსეთში მართლაც ყველა კარგად იცნობს მალხაზ ასათიანის შესაძლებლობებს და, ცოტა არ იყოს, უცნაურია, როცა არც ერთი კლუბი არ ინტერესდება შენი გადაბირებით.
- ისეთ გუნდში მინდოდა გადასვლა, რომელიც მხოლოდ მაღალ მიზნებზე ფიქრობდა. არგავარდნისთვის ბრძოლა, ჯახირი - ასეთ ადგილას მისვლა ნამდვილად არ მხიბლავდა.

- გასაგებია, მაგრამ უთამაშებლობა ფეხბურთელისთვის ცოტას არ ნიშნავს. ნუთუ არასდროს შეუწუხებიხარ ფეხბურთის თამაშის ჟინს, ფეხბურთის შიმშილს?
- როგორ არა და დავფიქრებულვარ კიდეც ნაკლებადამბიციურ გუნდში გადასვლაზე, მაგრამ, რაც დრო გადიოდა, სულ უფრო და უფრო ძნელი ხდებოდა სასურველ გუნდში გადასვლა.

- იყო კონკრეტული წინადადება რომელიმე რუსული კლუბიდან?
- ერთი წლის წინ მახაჭყალის "ანჟიდან" იყო შემოთავაზება, მაგრამ პირობები არ მომეწონა და უარი ვთქვი. სხვა ვარიანტი რუსეთიდან არ ყოფილა.

- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საფრანგეთიდან გქონდა მიწვევა.
- ესეც ერთი წლის წინ იყო, როცა მოსკოვის "ლოკომოტივიდან" წამოვედი - ფრანგული "ლილის" ვარიანტი გამოჩნდა, მაგრამ მაშინაც რუსეთის რომელიმე წამყვან კლუბში გადასვლაზე ვფიქრობდი.

- რატომ მაინცდამაინც რუსეთი? ნუთუ სხვაგან არ შეუძლია მალხაზ ასათიანს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა?
- რუსეთს რაღაცნაირად, სულ სხვანაირად შევეჩვიე, ენის ბარიერიც გადავლახე, შევეჩვიე რუსეთში ცხოვრებას და იქაური ჩემპიონატიც კარგად ვიცი.

- რუსეთში ბევრი მეგობარი გყავს?
- ნაცნობების წრე დიდია, მეგობარი კი ბევრი ნამდვილად არ მყავს.

- რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა პრობლემური და მწვავე საკითხია. რამდენად აქტუალური იყო ყოველივე ეს მოსკოვის"ლოკომოტივში" ყოფნისას?
- "ლოკომოტივში" საქართველოზე და ქართველებზე ცუდი არავის არაფერი უთქვამს, ვინც მეკითხებოდა რამეს ამ თემაზე, ყველას სიმართლეს ვეუბნებოდი, ვინმეს ცუდი რომ ეთქვა საქართველოზე, უპასუხოდ ამასაც არ დავტოვებდი.

- მოდი, უფრო ძველ ამბებზეც გკითხავ, თუნდაც იმიტომ, რომ წარმატება პირდაპირაა დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღების სისწორეზე. 2003 წელს, როცა ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი იყავი, ბევრი მითქმა-მოთქმა იყო შენს ტრანსფერზე - ასათიანით თბილისის "დინამო"  დაინტერესდა, იყო "გლაზგო რეინჯერსში" გადასვლის ვარიანტიც, თუმცა საბოლოოდ მოსკოვის "ლოკომოტივში" აღმოჩნდი.
- მაშინ მე არ ვწყვეტდი, სად გადავიდოდი, ზუსტად არც კი ვიცოდი, რა ხდებოდა ჩემი ტრანსფერის თაობაზე, ჩემთვის არჩევანის უფლება არ მოუციათ. როცა "ლოკომოტივის" ვარიანტზე მითხრეს, მეც დავთანხმდი.

- შეიძლება ითქვას, რომ "ლოკომოტივში" რიგიანი კარიერა გქონდა, თუმცა, ალბათ, იყო დაინტერესება სხვა ქვეყნების კლუბებიდანაც... საერთო ჯამში, რამდენად კმაყოფილი ხარ შენი საფეხბურთო გზით?
- უკეთესი ნამდვილად შეიძლებოდა. "ლოკომოტივში" თამაშის დროს იყო დაინტერესება ინგლისური და ჰოლანდიური გუნდებიდან, მაგრამ "ლოკომოტივი" სტაბილურად მოწინავე გუნდი იყო და იქ დარჩენა ვამჯობინე.

- "ლოკომოტივში" საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღე, ჯვარედინი იოგები გაიწყვიტე ივიცა ოლიჩთან ორთაბრძოლისას - ალბათ, კარგად გახსოვს ის ეპიზოდი.
- ოლიჩი მაშინ ცსკა-ს ფეხბურთელი იყო და სათამაშო ეპიზოდში დამაშავა. ვერ ვიტყვი, რომ ეს განზრახ გააკეთა. იმ ტრავმამ მართლაც შემაფერხა, საკმაო ხანი დამჭირდა ფორმაში შესასვლელად.

- როგორ მოგექცა მაშინ "ლოკომოტივი"?
- კლუბმა ოპერაცია გერმანიაში გამიკეთა. რა თქმა უნდა, "ლოკომოტივი" არ იყო ვალდებული, რომ სარეაბილიტაციო პროცესიც გერმანიაში გამევლო, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ ესეც დააფინანსა, გერმანიაში გავლილი სარეაბილიტაციო კურსი მართლაც სულ სხვა რამ იყო. ერთი სიტყვით, "ლოკომოტივში" თავს კარგად ვგრძნობდი.

- ეს, ალბათ, იური სიომინის ფაქტორითაც იყო განპირობებული.
- სიომინთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა, მასთან კონფლიქტი არასოდეს მქონია. თავიდან არ მაყენებდა სასტარტოში, მაგრამ, როცა მწვრთნელის ნდობას გაამართლებ, მერე სულ სხვა თვალით გიყურებს. სიომინი განსაკუთრებულ რჩევებს არ მაძლევდა, უბრალოდ, სულ სტაბილურობას მოითხოვდა ჩემგან. როცა უგუნდოდ დავრჩი, კიევის "დინამოში" წამიყვანა, დამეხმარა, რასაც ძალიან ვაფასებ.

- "ლოკომოტივში" გადასვლამდე შემტევი იყავი, პლეიმეიკერად თამაშობდი, სიომინმა კი დაცვაში გაგამწესა.
- სიომინმა მცველად ჯერ ვარჯიშებზე მომსინჯა, ფეხბურთელისთვის პოზიციის შერჩევა მწვრთნელის საქმეა, თორემ მე ყოველთვის წინ თამაში მერჩივნა.

- ახლა რას აპირებ? უგუნდოდ და უმწვრთნელოდ არ გიცდია ვარჯიშის დაწყება?
- ყოველდღე არა, მაგრამ ვვარჯიშობ, ძირითადად დავრბივარ, ბურთით კი ნაკლებად ვიტვირთები.

- როგორც ფეხბურთელს, არაერთი გამორჩეული თვისება გაქვს - ეს უფრო თანდაყოლილია თუ ვარჯიშით არის გამომუშავებული?
- ვარჯიში მხოლოდ თანდაყოლილ თვისებებს როდი აუმჯობესებს, ვარჯიშით რაღაცის შეძენაც შეიძლება, მაგრამ... მაგალითად, მესი ავიღოთ, რასაც ის აკეთებს, ამას მხოლოდ ვარჯიშით ვერ მიაღწევ.

- რომელი იყო ყველაზე სამახსოვრო მომენტები შენს კარიერაში?
- "ტორპედოში" თამაშისას საქართველოს ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში "დინამოს" პენალტით გავუტანე გოლი და ჩემპიონები გავხდით. მაშინ სტადიონზე 30 000-ზე მეტი გულშემატკივარი იყო მოსული. დაუვიწყარია რუსეთის ნაკრებთან გატანილი გოლი... "ლოკომოტივში" გატარებულ წლებთანაც არაერთი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს.

- ყველაზე უფრო გული რაზე გწყდება?
- იმაზე, რომ, აგერ, ერთი წელიწადი გამიცდა. დრო რომ გადის, მერე უკეთ აცნობიერებ ყველაფერს, ალბათ, რაღაც დავაკელი საქმეს, რაც მოხდა, მხოლოდ საკუთარ თავს ვაბრალებ.

- ქართული კლუბებიდანაც გქონდა შემოთავაზება. ძალიან ძნელია უცხოეთიდან საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება?
- "ტორპედოდან" და "დინამოდან" მქონდა შემოთავაზებები. ამ კლუბებს მადლობას ვუხდი ყურადღებისთვის, თავი კი იმიტომ შევიკავე საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებაზე, რომ რუსეთში თამაში მსურდა.

- ნაკრებზეც ვთქვათ. ჩვენი გუნდი, სამწუხაროდ, კვლავ ცუდად გამოვიდა შესარჩევ ციკლში. მაინც რა სჭირს საქართველოს ნაკრებს? იცვლებიან მწვრთნელები, ფეხბურთელები, მაგრამ შედეგი არ იცვლება.
- საქართველოს ნაკრებს დღემდე არ აქვს სტაბილური სახე. ერთ კარგ თამაშს ჩვენი გუნდი თითქმის ყველა მწვრთნელის ხელში თამაშობდა, მაგრამ საბოლოო შედეგი არ გვქონდა. ჩივაძე, ყიფიანი, ჟირესი, ტოპმიოლერი, კუპერი...ყველანაირი მწვრთნელი გვყავდა, კარგი ფეხბურთელებიც, მაგრამ... არ ვიცი, რა არის ნაკრების არასტაბილურობის მიზეზი.

- თემურ ქეცბაის გაწვრთნილ ნაკრებზე დისკუსია არ წყდება.
- როცა ნაკრები კარგად თამაშობს, მასზე კარგი უნდა ითქვას ზომიერად, როცა გუნდი ქულებს კარგავს, წარუმატებლობაც ობიექტურად უნდა შეფასდეს.

- საქართველოს ნაკრებისთვის ერთობ აქტუალურია ადამიანური რესურსის საკითხიც. ფაქტია, ჩვენი ნაკრების ამა თუ იმ მწვრთნელს უთანხმოება მოსვლია ფეხბურთელებთან, კუპერის და ასათიანის ურთიერთობაც ერთერთი ამათგანია.
- ურთიერთობების მოგვარება შეუძლებელი სულაც არ არის. როცა ფეხბურთელი სჭირდება ნაკრებს, საერთო ენის გამოძებნა შესაძლებელია, მაგრამ ასეთ დროს ყველაფერს მწვრთნელი წყვეტს. საქართველოს შემთხვევაში სანაკრებო ფეხბურთელების არჩევანი დიდი არ არის და ვფიქრობ, ეს გასათვალისწინებელია. შესაძლოა, მე შევცდი და ვერ მოვიქეცი ლამაზად კუპერთან, მაგრამ ამით ხომ არ მთავრდება ყველაფერი?! ალბათ, კუპერი არ მთვლიდა ნაკრებისთვის საჭირო ფეხბურთელად.

- ნაკრებში დაბრუნება - რამდენად მნიშვნელოვანია ეს შენთვის?
- თუ კლუბში თამაში დავიწყე, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდება, ნაკრებსაც რომ გამოვადგე. მალე მორიგი სატრანსფერო ფანჯარაა და ვნახოთ...

- აგენტი არასდროს გყოლია - რატომ?
- ალბათ, ჯობდა, კარგ მენეჯერთან დამეჭირა საქმე, ისეთთან, ვისი ნდობაც ბოლომე შეიძლებოდა, მაგრამ...

- მაგრამ შანსი ისევ არის...
- რა თქმა უნდა, ისევ მაქვს სურვილი, რომ მაღალ დონზე ვითამაშო.

- სურვილის გარდა ამ ყველაფერს, ალბათ, რწმენაც სჭირდება. გავიგეთ, რომ ბოლო დროს ეკლესიურად ცხოვრობ...
- ძალიან რელიგიური არ ვარ, დიდი ხანი არ არის, რაც მოძღვარი მყავს და ეკლესიურად ვცხოვრობ. ადრე თუ გვიან რწმენა ადამიანთან აუცილებლად მოდის...

დავით თავართქილაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
მახო მალე დაბრუნდება იტყვის თავის სიტყვას,მალე ვიხილავთ ასათიანით მოხიბლულ გულშემატკივარს,ასკამ იცის ბურთი,ბატონო თემურ ქეცბაია ასათიანი უგუნდოდაც კველას ჯობს ვინც დგეს საქართველოს ნაკრებში თამაშობს,ეს შენც იცი
vasiko basiladze
17:08 07-12-2011
0
ჯაფარიძე,იმ კატოლიკე მესის და მუსულმან ალი დაიეს,ხშირად უსვამენ კითხვებს მსგავსი ტიპის ინტერვიუებში მის რელიგიურობასთან მიმართებაში.და იქ არავის უკვერს ამის შესახებ და არ აკეთებს შენნაირ აბსურდულ,სარკაზმულ კომენტარებს.რაც შეეხება ბატონებს რომელსაც უკვირს რატო არ ჩამოდის საქართველოში სათამაშოდ:ნუ გგონიათ ამას ფულის გამო აკეთებს,ვინც ამ კაცს იცნობს იციან მისი დამოკიდებულება ფულთან.-იმიტომ ბატონებო რომ ფოთთან თამაშშის დროს,ლანჩხუთში შესვენებაზე მოშარდვა რომ მოუნდეს ისეთი ტუალეტი მაინც უნდა იყოს ახლომახლოს მოედნის გვერდზე არ გაკეთო ეს და საერთოდ,თუნდაც რუსულ,ევროპულზე აღარაფერს ვამბობ,სათამაშო და სავარჯიშო პირობების მინიმუმს,10% პროცენტს მაინც რომ შეუქმნიან აქ ფეხბურთელებს,აი ამის მერე უსაყვედურეთ რატომ არ ჩამოდიხართქო.ქვეყანაში 3-4 სტადიონია სულ სადაც უმაღლესი ლიგის თამაშების ჩატარება სირცხვილი არაა.
daviti
12:59 07-12-2011
0

სიახლეები პოპულარული