"უპირველეს ყოვლისა, გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ხელმძღვანელობს ფიფასა და უეფას წესდებებისა და რეგულაციების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, არასაფეხბურთო თემატიკასა და, მით უმეტეს, პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებებს ვერ გააკეთებს.
ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებმა, ჩვენდა სამწუხაროდ, საფეხბურთო ოჯახის ზოგიერთი წევრის ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები გამოიწვია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის პოზიციას და მკვეთრად ემიჯნება არასაფეხბურთო თემატიკასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აქვს მყარი პოზიცია, საქართველოს ეროვნული ნაკრების
ვფიქრობთ, თითოეული ფეხბურთელისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობა უდიდესი სპორტული და მოქალაქეობრივი ვალდებულებაა გუნდისა და ქვეყნის წინაშე. ეროვნული გუნდის წევრს (მით უმეტეს კაპიტანს) კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული საკუთარი მოვალეობა და პასუხისმგებლობა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც გუნდიდან წასვლის თაობაზე განცხადებას საჯაროდ აკეთებს. მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება ნაკრებიდან წასვლის შესახებ, უპირველესად, მთავარი მწვრთნელისთვის უნდა ეცნობებინა, რომელთან ერთადაც მრავალი წლის განმავლობაში იცავდა ეროვნული გუნდის ღირსებას.
ამასთანავე, გვსურს მოვუწოდოთ ქართული საფეხბურთო ოჯახის თითოეულ წევრს - მოქმედ თუ ვეტერან ფეხბურთელს, ნებისმიერი საჯარო გამოსვლისას, ისაუბრონ საკუთარი სახელით და არა მთლიანად ქართული ფეხბურთის სახელით.
მომავალ წელს მეტად მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება ქართული ფეხბურთისთვის. საქართველოს ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი მატჩები უნდა გამართოს. ასევე, იწყება სრულიად ახალი გუნდის ფორმირება და ნაკრების გაახალგაზრდავების პროცესი კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წარიმართება. ქართული საფეხბურთო ოჯახისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა წევრმა სწორად გაიაზროს ამ პროცესების მნიშვნელობა.
ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ, ჩვენი ფეხბურთელები გულშემატკივარსა და საზოგადოებას თავს კარგი თამაშით დაამახსოვრებენ და არა პოლიტიკური განცხადებებით", - აღნიშნულია განცხადებაში.
გუშინ საზოგადოებრივი მოძრაობის "ქართული ოცნების" პრეზენტაციისას კახა კალაძემ განაცხადა, რომ ტოვებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს".
gff.ge