ცრუ განგაში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები კვიპროსულ შეკრებას დღეს დაასრულებს და ნაშუადღევს საბერძნეთში გადაფრინდება. გუშინ კი ნიქოზიაში ჩვენს გუნდს საკმაოდ დატვირთული დღე ჰქონდა.

მართალია, თემურ ქეცბაიამ ფეხბურთელები მხოლოდ ერთხელ, საღამოს ავარჯიშა, მაგრამ წვრთნა სრულყოფილი გამოდგა. ინდივიდუალურად ივარჯიშეს ლევან კობიაშვილმა და უჩა ლობჟანიძემ, რადგან ნაკრებს გუშინ შეუერთდნენ და ამიტომ ქეცბაიამ ისინი მსუბუქად დატვირთა. ზურაბ ხიზანიშვილსა და ნუკრი რევიშვილს კვიპროსზე დღეისთვის ელიან, დანარჩენებმა კი გუშინდელ ვარჯიშზე მწვრთნელების ყველა დავალება ბოლომდე შეასრულეს.

სასიამოვნო მოულოდნელობა ისაა, რომ საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო არავინ აკლია – ყველა ფეხბურთელი, ვინც
ქეცბაიამ გამოიძახა, მის განკარგულებაშია. კვიპროსზე მყოფთაგან ყველა ჯანმრთელადაა. როგორც გახსოვთ, გოგიტა გოგუას სიცხე ჰქონდა, ხოლო ალექსანდრე კოშკაძეს – მიკროტრავმა. ორივე მათგანი დღეისთვის თავს კარგად გრძნობს, ნალჩიკის "სპარტაკისა" და თბილისის "დინამოს" ნახევარმცველებმა გუშინ და გუშინწინ სრული დატვირთვით ივარჯიშებს.

ცალკე უნდა ვთქვათ ჯანო ანანიძეზე. როგორც ჩანს, მოსკოვის "სპარტაკში" ბოლომდე ჯერაც ვერ მოინელეს ის ფაქტი, რომ ქართველმა ტალანტმა საკუთარი სამშობლოს ღირსების დაცვა გადაწყვიტა. მართალია, დროს უკან ვეღარავინ დააბრუნებს და ანანიძეს გადაწყვეტილებას ვეღარ შეაცვლევინებს, მაგრამ მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ რუსეთის "სახალხო გუნდი" მაინც ცდილობს ჯანოსთვის დაბრკოლებების შექმნას.

"სპარტაკის" სამედიცინო შტაბმა განაცხადა, რომ ანანიძე ტრავმირებულია და საქართველოს ნაკრების უახლოეს მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მართალია, ჯანოს მართლაც აწუხებდა მიკროტრავმა და ამის გამო რუსეთის პრემიერლიგის გასულ ტურში გროზნოს "ტერეკთან" მატჩიც გამოტოვა, მაგრამ მისი მდგომარეობა მაშინაც კი არ ყოფილა საგანგაშო – უბრალოდ, ექიმებთან შეთანხმებით ძალების აღდგენა და სულის მოთქმა გადაწყვიტა.

ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია კვიპროსზე მყოფ ქართულ დელეგაციასთან გადავამოწმეთ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა ნიკა ჩხეიძემ დაგვამშვიდა, რომ ანანიძე თავს იდეალურად გრძნობს და მის თამაშს იოტისოდენა საფრთხეც კი არ ემუქრება.

დღეს საღამოს საქართველოს ნაკრები უკვე პირეოსის "გეორგიოს კარაისკასზე" ივარჯიშებს, ხვალ კი იქ მატჩი თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება და მას ესპანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება კარლოს კლოს გომესის ხელმძღვანელობით.
საქართველოს ნაკრების სადებიუტო შეხვედრისთვის მზადებისა და ასევე ბერძენთა ბანაკში მიმდინარე ამბების შესახებ "ლელოს" ხვალინდელ ნომერში გიამბობთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კირგი ფეხბურთელია
zaza
00:08 03-09-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული