ალექსანდრე იაშვილი: სანამ დავჭირდები, საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ

AutoSharing Option
ალექსანდრე იაშვილი - "დინამო", "ფრაიბურგი" და საქართველოს ნაკრები, - მან სახელი ამ გუნდებში შეიქმნა.

ახლა ის "კარლსრუეს" ფეხბურთელია და მისი გუნდი მეორე ბუნდელსიგიდან არგავარდნისთვის იბრძვის.

იაშვილს ბუნდესლიგაში ჭიპი აქვს მოჭრილი, ფოლკერ ფინკეს გაწვრთნილ "ფრაიბურგში" გაატარა საუკეთესო წლები და არც თუ ცოტა ქება დაუმსახურებია გერმანული მედიისგან...

იაშვილიც განსაკუთრებულად უყვართ ბადენის მხარეში. მას ან გოლი გააქვს, ან საგოლე პასს აკეთებს - ასეთია მისი ხელობა.

იაშვილს ყველა თავმდაბალ კაცად იცნობს ქართულ ფეხბურთში და ამას, ალბათ, გულშემატკივარიც ხედავს, ამიტომაცაა, ის სხვანაირად რომ უყვართ...

ხორვატია-საქართველოს
მატჩში მან მეტად მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა, სწორედ ასეთ შეხვედრებში ჩანს ფეხბურთელის კლასი...

იაშვილი და ლევან კობიაშვილი - საქართველოს ნაკრებს ორი "სტარაჟილა" შერჩა და ჯერ უცნობია, რას ფიქრობს მათ სანაკრებო პერსპექტივაზე თემურ ქეცბაია. ერთი კი ნაღდია - ნაკრებიდან წასვლას არც კობიაშვილი აპირებს და არც იაშვილი...

იყო ისეთებიც, იაშვილს არც თუ სამართლიანად რომ ექცეოდნენ ნაკრებში, ყოველ შემთხვევაში, ის რამდენიმე მწრთნელს დაუტოვებია გულნაკლული, თუმცა იაშვილს არასდროს აუცრუებია გული ეროვნულ გუნდზე.

იაშვილს გერმანიაში რომ დავუკავშირდით, ჯერ "კარლსრუეზე" ჩამოვუგდეთ სიტყვა.

- თვრამეტგუნდა მეორე ბუნდესლიგაში "კარლსრუე" ბოლოსწინა ადგილზეა - რა არის ამის მთავარი მიზეზი?
- პირველ წრეში ძალიან ბევრი გოლი გავუშვით, გუნდმა თავის შესაძლებლობებზე უარესად ითამაშა, ყველა რგოლში ბევრი შეცდომა მოგვდიოდა. კლუბმა გამოსავლის ძებნა დაიწყო და მეორე წრისთვის ექვსი ფეხბურთელი დავიმატეთ. ვფიქრობ, "კარლსრუე" გაძლიერდა და მეორე ეტაპის პირველი თამაში ერცგებირგეს "აუეს" რომ მოვუგეთ 2:1, უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო.

- როგორც უნდა იყოს, "კარლსრუე" ჯერაც გასავარდნ ზონაშია. თუ გუნდი მესამე ლიგაში ჩაქვეითდება, დარჩები "კარლსრუეში"?
- დარწმუნებული ვარ, რომ "კარლსრუე" არ გავარდება და ამ გუნდში 2013 წლამდე ვითამაშებ.

- მეორე ბუნდესლიგაში ეული ქართველი აღარ ხარ - ნიკა გელაშვილი "ზესტაფონიდან" "ბოხუმში" გადავიდა და დებიუტი გოლით აღნიშნა. როგორ ატყობ, გელაშვილს რა დრო დასჭირდება, პირველი ბუნდელსიგის ფეხბურთელი რომ გახდეს?
- როცა შენი გოლით პირველივე თამაშში გამარჯვებას მოუტან ახალ გუნდს, ამაზე უკეთეს დებიუტს ვერ ინატრებ. რა თქმა უნდა, მიზანი ბუნდესლიგაში მალე მოხვედრაა, მაგრამ ჯერ ქვედა ლიგაში, "ბოხუმში" უნდა გამოსცადო საკუთარი თავი.

- საკუთარი თავის გამოცდა ნაკრებშიც ხდება. კიდევ აპირებ ეროვნულ გუნდში თამაშს? ნაკრებში ბევრი კარგი მატჩი ჩაგიტარებია, თუმცა გუნდს ღირებული შედეგისთვის არასდროს მიუღწევია. მომდევნო შესარჩევში საქართველოს მეტოქეები, სხვათა გარდა, ესპანეთი და საფრანგეთი იქნებიან. რას ელი ნაკრებისგან და ნაკრებში თამაშისგან?
- ნაკრებში იქამდე ვითამაშებ, სანამ საჭირო ვიქნები. ეროვნული გუნდი ფეხბურთელისთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა და ამიტომაც, სანაკრებო მოტივაცია მოწინააღმდეგის სიძლიერეზე ვერ იქნება დამოკიდებული. მოკლედ, ნაკრებში თამაშისთვის ყოველთვის მოტივირებული ვარ.

- თემურ ქეცბაიას ხისტ ხასითზე ბევრი საუბრობს. როგორი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდა მწვრთნელ ქეცბაიასთან? ყველამ დავინახეთ, ლატვიასთან რომ შეგცვალა, რაღაც ნივთი სათადარიგოთა სკამთან მოისროლე.
- მე და ქეცბაია წლობით ვთამაშობდით ერთად საქართველოს ნაკრებში, ვმეგობრობთ და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ფეხბურთელის კარიერაში არის მომენტები, როცა ძალიან ძნელია ემოციების გაკონტროლება. ეს ჟესტი კი არავისკენ იყო მიმართული, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ არა მგონია, ბევრი იყოს ისეთი ფეხბურთელი, ემოციური თამაშიდან გასვლა რომ ესიამოვნოს.

- ქეცბაიამ თქვა, საქართველოს ნაკრებში მაღალი კლასის შემტევი ფეხბურთელების დეფიციტიაო.
- მიმაჩნია, რომ საკმაოდ ძლიერი შემტევი ფეხბურთელები გვყავს. ძალიან კარგი თაობაც მოდის, მათთვის ახლა აუცილებელია, რომ ძლიერ ჩემპიონატებში ითამაშონ.

- ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა აქვს. როგორ ფიქრობ, ქეცბაიას მიმართულებით რა შანსი აქვს ნაკრებს? ითქვა, ეს ციკლი იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ მომდევნოში კარგი შედეგი გვქონდესო.
- ჩვენს ნაკრებში ახლა თაობათა ცვლაა და ეს პროცესი ყველა ნაკრებისთვის საკმაოდ რთულად მიდის. ახალგაზრდა ფეხბურთელებს ნაკრებში დასამკვიდრებლად დრო ჭირდებათ.

- სანაკრებო კარიერაში გული ყველაზე უფრო რაზე გწყდება?
- მეც და ალბათ ყველას გული ერთ რამეზე გვწყდება - საქართველო ფინალურ ეტაპზე ჯერაც ვერ მოხვდა.

- 34 წლის ხარ და მაინც როდემდე აპირებ თამაშს?
- სადამდეც თავს კარგად ვიგრძნობ და ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნებას მივიღებ.

- ფეხბურთელის კარიერის შემდეგ რას აპირებ? ალბათ უკვე ნაფიქრი გაქვს ამაზე.
- კლუბის მენეჯერობა მაინტერესებს და გაზაფხულიდან შესაბამის კურსებზე ვაპირებ შესვლას. "კარლსრუესთან" ისეთი კონტრაქტი მაქვს, რომ ფეხბურთელის კარიერის შემდეგ ამ კლუბში მუშაობის გაგრძელება შემიძლია.

- კახა კალაძე საქართველოს ნაკრებში აღარ ითამაშებს. ამაზე საკმაოდ ბევრი ითქვა და დაიწერა.
- კალაძის წასვლა ნაკრებისთვის დიდი დანაკლისია, ის ხომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რაც შეეხება მისი ნაკრებიდან წასვლის ფორმას, ეს მისი არჩევანი იყო.

- გერმანულ ფეხბურთს საქართველოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და საინტერესოა შენი პროგნოზი: "დორტმუნდი" თუ "ბაიერნი"?
- "ბაიერნი" ყოველთვის ფავორიტია, თუმცა ამ დროისთვის საუკეთესო ფეხბურთს გერმანიაში "დორტმუნდი" თამაშობს.

- და მიგაჩნია, რომ დორტმუნდელი მარიო გიოტცე გერმანიის ნაკრების ახალ თაობაში საუკეთესოა?
- გერმანიის ნაკრებში ახლა მართლაც ძალიან ძლიერი თაობა წამოვიდა და ვინმეს გამორჩევა ძნელია, ყოველივე ეს გერმანიის ნაკრებშიც კარგად ჩანს. მიმაჩნია, რომ ბუნდესლიგა ახლა ევროპაში საუკეთესო ლიგაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა აბსურდულ კომენტარებს წერთ, რა ხდება? თუ რამე იცით, ჩვენც გაგვაგებინეთ და გვეცოდინება. თუ არადა, ბოღმას ნუ ანთხევთ აქ.
0
ქართული ფეხბურთისადმი მტრულად განწყობილი ავტორის სტატია
მანგული
22:26 08-02-2012
0

სიახლეები პოპულარული