ლადო დვალიშვილი: საქართველოს ნაკრების მატჩებში მოედანზე დაძაბული გავდიოდი

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლადო დვალიშვილი ვარშავის "პოლონიაში" წლეულს იანვარში გადავიდა.

მას შემდეგ პოლონეთის ექსრტაკლასაში მესამე ადგილზე მყოფმა ვარშაველებმა მოსამზადებელი შეკრება დაიწყეს და საკონტროლო მატჩებიც ჩაატარეს, მაგრამ ლადო მოედანზე პირველად მხოლოდ 6 თებერვალს გამოჩნდა - საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს დებიუტი ბულგარეთის ჩემპიონატის ლიდერ "ლუდოგორეცთან" (0:0) საკონტროლო მატჩში ჰქონდა, ის მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.

"პოლონიაში" დებიუტი ტრავმამ გადამივადა. ისრაელიდან პოლონეთში ისე წავედი, ვერ ვვარჯიშობდი, მერე გუნდს კი შევუერთდი და მოედანს დავუბრუნდი, მაგრამ ისევ კუნთი დამეჭიმა.

საბედნიეროდ, მოვმჯობინდი და იმედია, აღარაფერი შემაწუხებს. პოლონეთში
სეზონი შემდეგ კვირას განახლდება და შევეცდები, მწვრთნელისა და გუნდის იმედები გავამართლო", - ამბობს დვალიშვილი.

ლადოს მისი ყოფილი და ამჟამინდელი კლუბებისა და ლიგების შედარება ვთხოვეთ:

"ცალსახად მიჭირს თქმა, რომელი სჯობია. ორივეს თავისი პლუსები აქვს. "მაკაბიც" და "პოლონიაც" ამბიციური კლუბებია, ეგაა, ჰაიფელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშე, პოლონელები კი ამას უახლოეს წლებში იმედოვნებენ.

ჩემს ახალ კლუბს ასე დავახასიათებდი - "პოლონია" იგივეა პოლონეთში, რაც "ჩელსი" ინგლისში. არც ყველაზე ტრადიციული კლუბია და არც ყველაზე ტიტულოვანი, მაგრამ ბოლო დროს დიდი ამბიციები გაუჩნდა, რადგან მდიდარი მეპატრონე მოევლინა.

საერთოდაც, პოლონეთში საკმაოდ კარგი კლუბებია და როგორც მეუბნებიან, ჩემპიონატიც საკმაოდ ძლიერია, უყვართ სწრაფი ფეხბურთი.

მოკლედ, გარემო აბსოლუტურად განსხვავებულია და სხვა ფეხბურთს მისდევენ. ახალ გუნდთან შესაგუებლად დრო მჭირდება. თუმცა პოლონელები კარგად დამხვდნენ და ადაპტაცია არ გამჭირვებია".

საქართველოს ნაკრებში დვალიშვილი იმ პერიოდში მიიწვიეს, როდესაც რიგის "სკონტოდან" ჰაიფას "მაკაბიში" გადავიდა. მაშინ მშვენიერ ფორმაში იყო და ეროვნულშიც მშვენიერი სტარტი ჰქონდა - 6 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მაგრამ 2010-2011 წლებში თავი ვერაფრით გამოავლინა და სანაკრებო ანგარიშზე ერთი გოლიც ვერ ჩაიწერა. აშკარად იგრძნობდა, რომ ბოლო დროს ეროვნულში დაძაბული თამაშობდა.

ლადო ამას არც მალავს, ნაკრებში გარკვეულ სტრესში რომ ექცევა და მიზეზებზეც ლაპარაკობს:

"სადაც არ უნდა ვიყო და რაც უნდა კარგად ვგრძნობდე თავს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნულ ნაკრებში კარგად თამაშია. როდესაც ნაკრებში მიმიწვიეს, გულშემატკივრის მხარდაჭერასა და სითბოს ვგრძნობდი, ახლა კი დამოკიდებულება შეცვლილია. მაგრამ ყველანაირად შევეცდები, ვითარება ახალი შესარჩევი ციკლიდან გამოვასწორო და ხალხის დამოკიდებულება კვლავ დადებითისკენ შევცვალო.

მათ ვერც გავამტყუნებ, ფეხბურთი ცხოვრებაა - გაიტან და ტაშს დაგიკრავენ, ვერ გაიტან და არ დაგინდობენ. ყველგან ასეა და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება.

გასული ციკლი კი აშკარად ჩავაგდე. რამდენი შეხვედრაა, გოლი არ გამიტანია და მართალს ამბობთ, ამის შემდეგ მოედანზე მართლაც დაძაბული გავდიოდი. მგონია, რომ სწორედ ამის ბრალია ისრაელთან გასვლაზე ცარიელ კარში რომ ვერ გავიტანე. ეს მომენტი გონებიდან არ ამომდის და ვერ ვხვდები, რა დამემართა, კლუბში ასეთ მომენტს აუცილებლად გამოვიყენებდი. არც მიკვირს, გულშემატკივარი ჩემით უკმაყოფილო რომ არის, ამას ვგრძნობ და მოქმედებს".

მცირე ხნის წინ ბელარუსული ინტერნეტგამოცემა "სპორტპანორამა" წერდა, რომ იანვრიდან პოლონეთის ექსტრაკლასაში ყველაზე დიდ ხელფასს ქართველი ლეგიონერი ლადო დალიშვილი მიიღებს, ვარშავის "პოლონია" წელიწადში 2,78 მილიონ ზლოტს (875,715 დოლარს) გადაუხდისო.

განსხვავებული ცნობები გამოაქვეყნეს ებრაულმა და გერმანულმა ინტერნეტსააგენტოებმა: "ისრალენდი" ამტკიცებდა, ქართველი წელიწადში მხოლოდ 300 ათასს თანხმდება, 200 ათასზეც უარს არისო, "ცისოკერი" 300 ათასს ასახელებდა, მერე კი 250 ათასიც დაწერეს. ლადომ ამ ინფორმაციებზე კომენტარი თავად ისურვა.

"მესიამოვნა, როდესაც ამ სტატიას გავეცანი, ექსტრაკლასაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლეგიონერობა პატარა საქმე არ არის. ნეტავ მართლა ასე და უკეთესად იყოს და წელიწადში 10 მილიონი მქონდეს, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეეფერება.

ცნობა ჩემი სიმდიდრის შესახებ ძალიან გადაჭარბებულია - წელიწადში 900 ათას ევრომდე კი არა, 250 ათასიც არ მაქვს და ისეთი შეძლებული ნამდვილად არ ვარ, ბელარუსებმა როგორც გამომაცხადეს. ეტყობა, ამ ქვეყანაში გულშემატკივრები მყავს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი, მაგრამ "პოლონიაში" გაცილებით მოკრძალებული ხელფასი დამინიშნეს".

"ისრალენდი" იმასაც წერდა, ისრაელში ჩასვლის შემთხვევაში, ქართველს პრობლემის მოგვარება მოუწევს, რადგან მანქანის გადაჭარბებული სიჩქარით მართვისთვის საგზაო პოლიციამ დააჯარიმაო: "დვალიშვილის ადვოკატი იმედოვნებენ, დანაშაულის აღიარების, საკმაოდ დიდ ჯარიმას გადახდისა და ამ ქვეყანაში მართვის მოწმობის ხანგრძლივი ვადით ანულირების საფასურად, მისი კლიენტი სატრანსპორტო სასამართლოსგან აღთქმულ მიწაზე თავისუფლად ჩასვლისა და გასვლის უფლებას მიიღებს".

"ისრაელში მართლაც დამაჯარიმეს, მაგრამ 200 დოლარით და არა "საკმაოდ დიდ თანხით", როგორც სააგენტო წერდა. ეგაა, ისრაელში ასეთ საკითხებს ადვოკატების დახმარებით არკვევენ, ჩემი ადვოკატის მოუცლელობის გამო გადახდა კი დავაგვიანე, მაგრამ ვიმეორებ, განაკუთრებული არაფერი მომხდარა და ახლა ისრაელში უპრობლემოდ ჩავალ - კონფლიქტური და პრობლემური არაფერი მომხდარა და კანონთან პრობლემები ნამდვილად არ მაქვს", - გვითხრა 25 წლის თავდამსხმელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული