ქეცბაიას შურისძიება

AutoSharing Option

ბერძნული მედია, ისევე როგორც მათი ეროვნული ნაკრები შოკშია - ბევრი არ მოელოდა, რომ მათ საყვარელ გუნდს ქულის გადასარჩენად გაუხდებოდა საქმე. და მაინც, თამაშის შემდეგაც საქართველოს ნაკრებზე ბევრად მეტად თავიანთ პრობლემებზე წერენ, ჩვენი ფეხბურთელების თამაშით თავი არ მოუკლავთ (თავიანთი მისხალ-მისხალ განიხილეს). ერთადერთი გამონაკლისი თემურ ქეცბაია იყო, რომლის თემაც მუდამ აქტუალური იყო, თამაშამდე და მერეც. თითქმის ყველა გაზეთმა ერთხმად აღნიშნა, რომ ქეცბაიამ "ოლიმპიაკოსის" ცნობილი ამბების გამო შური იძია ბერძნებზე...

გაზეთი "გოლნიუსი" ცდილობს ბერძენთა წაბორძიკებაში ლოგიკური ჯაჭვი მონახოს - "12 წელიწადია, რაც ჩვენს

ნაკრებს კარგად საკვალიფიკაციო ეტაპი არ დაუწყია. მხოლოდ ორი გამონაკლისი იყო, როცა ელადამ 3 ქულით დაიწყო საკვალიფიკაციო ეტაპი - შინ კი გახსნის მატჩი ამ 12 წლის განმავლობაში არ მოგვიგია", - წერს გაზეთი და მართალიცაა - ამ ხნის განმავლობაში საბერძნეთის ნაკრებმა 7 საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო და მხოლოდ 2006 (სტუმრად მოლდოვასთან - 1:0) და 2008 წელს (სტუმრად ლუქსემბურგთან - 3:0) მოიგო გახსნის მატჩი. ჩვენთან პარასკევის მატჩის ჩათვლით საბერძნეთის ნაკრებმა 3 ფრე ითამაშა და 3-ჯერ წააგო.

"გოლნიუსის" ჟურნალისტმა კოსტას ფიცანტონაკისმა 3-3 დადებითი და უარყოფითი მხარე მოუნახა ფერნანდუ სანტუშის ოფიციალურ დებიუტს. 1. ტაქტიკური სქემის შეცვლა, 30 წუთის შემდეგ, როცა მიხვდა მწვრთნელი, რომ ბერძნებს 4-4-2 არაფერ კარგს არ უქადდა. ამით ნაკრებმა "გახსნა" საქართველოს ნაკრების კარგად ორგანიზებული დაცვა, გაილაღა მარჯვენა ფლანგმა ტოროსიდისის კარგი თამაშის წყალობით. 2. ინტენსიური იერიშები მეორე ტაიმში. 3. სამარასის, ტოროსიდისის და პაპასტატოპულოსის კარგი თამაში. ეს დადებითი, ახლა უარყოფითი: 1. ტაქტიკური სქემა, რომელიც თავიდან შესთავაზა სანტუშმა ვიზავის. 2. ფეხბურთელებს შორის ხშირი იყო გაუგებარი მოქმედებები, იაშვილის გოლი თავიდან ბოლომდე ბერძენთა შეუთანხმებელი მოქმედებების ნაყოფია. 3. საგოლე მომენტების გამოუყენლობა, მეორე ტაიმში მასპინძლებმა 4 ასეთი მომენტი გაანიავეს.

ბერძნული "კონტრა" შეხვედრის საუკეთესო მონაწილედ... თემურ ქეცბაიას ასახელებს. "თემურ ქეცბაიამ აჩვენა კლასი იმ სტადიონზე, სადაც მისი მოღვაწეობა არ გაგრძელდა დიდ ხანს. მისმა ნაკრებმა გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო და გაცილებით უკეთეს გუნდთან კარგი შედეგი აჩვენა". "კონტრა" მატჩში გადამწყვეტად მე-3 წუთზე იაშვილის მიერ გატანილ ბურთს ასახელებს: "როცა მატჩი ჯოჯოხეთივით იწყება, უნდა შეძლო მშვიდად თამაში და დასახული მიზნისკენ გეგმის მიხედვით სვლა. ამასთან იღბალიც გჭირდება, რომელმაც გუშინ ზურგი გვაქცია".

"ძალიან ბევრი ნეგატიური დავინახეთ, თანაც ისეთ სუსტ გუნდთან თამაშში, როგორიც საქართველოა. საბერძნეთმა პირველ ტაიმში ცუდად ითამაშა, პირველი რეალური მომენტი მხოლოდ ტაიმის მიწურულს შექმნა, სალპინგიდისის დარტყმით. კი, მე-3 წუთზე რომ გოლს გაგიტანენ, მოქმედებს, მაგრამ მაქსიმუმ მე-10 წუთიდან მაინც უნდა გამოფხიზლებულიყვნენ და შეეტიათ. მეორე ტაიმი არ იყო ურიგო, რადგან ბევრი მომენტი შევქმენით, სალპინგიდისი უბრალოდ ვალდებული იყო გაეტანა, სპიროპულოსის გოლის ეპიზოდშიც კინაღამ არ შევიდა ბურთი კარში, მიტროგლუსაც უნდა გაეტანა. მოკლედ, არ იყო ჩვენი დღე. საერთო ჯამში საბერძნეთის ნაკრებს არც უარესი და არც საუკეთესო მატჩი უთამაშია ისტორიაში. მაგრამ ასეთ გუნდებთან ქულები არ უნდა დაკარგო, ამიტომაც ოტოს ხანაში ყველა ფინალურ ეტაპზე გავდიოდით, ასეთ სუსტებთან საერთოდ არ ვაგებდით (2006 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო გამონაკლისია)".

"ჩვენ თავს ჩვენვე დავუშავეთ", - იუწყება "სპორტნეტის" მოწინავე სტატია - "მე მსურს საბერძნეთის ნაკრებს ქულები წავართვა, აცხადებდა ქართველთა თავკაცი თემურ ქეცბაია და მიზანსაც მიაღწია. სწრაფი გოლისა და ფორტუნის დახმარებით მან ეს შეძლო, საბერძნეთის ნაკრები კი ნელა გამოფხიზლდა და ბევრი ვერაფერი მოასწრო".

ლელო 

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ბოღმიანი ხალხი ნახე რაააა!!!როგორ გავყენებენ შეურაწყოფას, დაახლოებით მალტის დონეზე გვაყენებენ!ჩამობრზანდებით აქ და საკუთარ თავზე ნახავთ რა მალტაც ვართ თქვე შხამიანო ხალხო!!!
yazakha
11:42 08-09-2010
0
ჩამოხვალთ თფილისში დაგანახებთ ვინ არის სუსტი გუნდი...
merabi
09:06 06-09-2010
0

სიახლეები პოპულარული