ქართულ მედიასთან მისი ბოლო შეხვედრის შემდეგ საკმაო ხანი გავიდა და ეროვნული გუნდის თავკაცის პრესკონფერენციამ დიდი ინტერესი გამოიწვია.
- ახლოვდება მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი და იქამდე დარჩენილი თითოეული ამხანაგური მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 29 თებერვალს წლის პირვლ შეხვედრას ჩავატარებთ და ყველას გვინდა, წელიწადი გამარჯვებით დავიწყოთ.
ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ნაკრებში გ
- კახა კალაძის ნაკრებიდან წასვლამ დღის წესრიგში ახალი კაპიტნის საკითხი დააყენა. ვინ იქნება ნაკრების კაპიტანი ალბანეთთან მატჩში?
- ზურაბ ხიზანიშვილი.
- კალაძის გადაწყვეტილებაზე რა კომენტარს გააკეთებთ?
- უკეთესი იქნებოდა, კახა საფეხბურთო მოედნიდან გაგვეცილებინა, მაგრამ რადგან მან ასე გადაწყვიტა, ალბათ ასე ერჩივნა. კალაძე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია. მან ქართულ ფეხბურთსა და საქართველოს ნაკრებს ბევრი გაუკეთა და ამისთვის მადლობა ეკუთვნის.
მისი თანაგუნდელიც ვიყავი და მწვრთნელიც და მთელი ამ ხნის განმავლობაში კახა სამაგალითო იყო როგორც მოედანზე, ასევე მოედნის მიღმა. მისი წასვლა სამწუხაროა, მაგრამ ადრე თუ გვიან, ყველა მივდივართ - ზოგი ნაადრევად, ზოგიც დროულად.
- გამოძახებულ ფეხბურთელთაგან ნაკრებს ტრავმის გამო ვინმე ხომ არ დააკლდება?
- მოწვეული გვყავდა ლევან მჭედლიძე, რომელიც, სამწუხაროდ, დაშავდა და ალბანეთთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
- ლევან ყენიას მდგომარეობა როგორია და უნდა ველოდოთYთუ არა მის თამაშს ალბანეთთან?
- მას ვარჯიშზე დავაკვირდებით და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, ღირს თუ არა მისი მოედანზე გაყვანა. ყენიას ტელეფონით ვესაუბრე და მითხრა, რომ თავს ნორმალურად გრძნობს და სრული დატვირთვით ვარჯიშიც შეუძლია.
- რამდენად კმაყოფილი ხართ იმ ამხანაგური მატჩებით, რომლებიც შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე დაინიშნა?
- სამწუხაროდ, ყოველთვის ისე არ გამოდის, როგორც ჩვენ გვინდა - ძლიერი სპარინგპარტნიორის პოვნა არც ისე ადვილია. სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ, რომ თურქეთის დონის გუნდმა გამოთქვა ჩვენთან თამაშის სურვილი. როგორც იცით, თურქებს ავსტრიაში 24 მაისს ვეთამაშებით, შეკრებას კი 15 მაისს დავიწყებთ და ამდენი დღით ერთად ყოფნა თავის შედეგს გამოიღებს. არის იმის შანსი, რომ ავსტრიაში მეორე ამხანაგური მატჩიც ჩავატაროთ.
- რამდენად რთული იქნება ძველი თაობის შეცვლა ახალგაზრდებით?
- ნაკრებში სამუდამოდ ვერავინ ითამაშებს, თაობათა ცვლა გარდაუვალი პროცესია. ასე რომ, ვეტერანების შემცვლელები უნდა ვეძებოთ და იმედია, მათ ვიპოვით კიდეც.
- კმაყოფილი ხართ თუ არა ნაკრებში კონკურენციის ხარისხით?
- უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, კონკურენცია ყველა რგოლში გვაქვს და ვინც მოედანზე გადის, იცის, რომ ძირითად შემადგენლობაში დასამკვიდრებლად დიდი ბრძოლა და შრომა მოუწევს. გვინდა, გაფართოებულ სანაკრებო სიაში რაც შეიძლება მეტი ძლიერი ფეხბურთელი გვყავდეს. მონდომებას არავის დავუკარგავთ, შესარჩევი ტურნირისთვის დაახლოებით 25-კაციანი ბირთვი უნდა გვყავდეს. დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება, სწორედ ესაა ჩვენი სარკე.
- მეტოქეზე რას იტყვით?
- ალბანეთს ყოველთვის მებრძოლი და არცთუ ისე ხელწამოსაკრავი ნაკრები ჰყავდა, არც ძლიერი ფეხბურთელები აკლდა. მათ წინააღმდეგ ბევრჯერ გვითამაშია და თუკი თბილისში სულ ვამარცხებდით, სტუმრად წარმატების მიღწევა ძალიან გვიჭირდა. ალბანელებს ახლაც ბრძოლისუნარიანი, ტექნიკური გუნდი და კვალიფიციური მწვრთნელი ჰყავთ.
- როგორია ამ მატჩის რეგლამენტი? რამდენი შეცვლის უფლება გექნებათ და რამდენი ფეხბურთელი მოხვდება განაცხადში?
- განაცხადში ყველა გამოძახებულ ფეხბურთელს შევიყვანთ და ექვსი ცვლილების უფლება გვექნება.
- ჯანო ანანიძე როგორ ფორმაშია?
- იმის მიუხედავად, რომ მოსკოვის "სპარტაკში" სათამაშო პრაქტიკა აკლია, ურიგოდ არ გამოიყურება. ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს.
- როგორ შეაფასებთ ნაკრების ახალწვეულებს, ირაკლი ძარიასა და მამუკა კობახიძეს?
- ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელები არიან, საკუთარ კლუბებში თავი კარგად წარმოაჩინეს და ეს შანსიც დაიმსახურეს. ნაკრებში გამოძახება მათთვის დიდი სტიმული იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"