ქეცბაიამ ნაკრებს თავმოყვარეობა დაუბრუნა

AutoSharing Option

საბერძნეთთან ფრედ დასრულებული მატჩი გულშემატკივრის სტადიონზე შემოტრიალების მიზეზი გახდა. თემურ ქეცბაიას გუნდი სახლში პირველ ოფიციალურ შეხვედრას ატარებდა და ეროვნულის ტრიბუნებიც შეივსო.
ასეთი აჟიოტაჟი ნაკრების მიერ ჩაგდებული ციკლის შემდეგ სასიამოვნო სიურრპიზი აღმოჩნდა. აშკარაა, ამან ფეხბურთელებზეც იმოქმედა, მაგრამ არა მხოლოდ სავსე ტრიბუნებმა - ნაკრებმა დაიწყო ბრძოლა, რაც ასე მოგვენატრა.

პირველი მატჩის შემდეგ, ქეცბაიამ მხოლოდ დავით კვირკველია შეცვალა - დაცვაში (მარჯვნიდან მარცხნივ) ლობჟანიძე, ასათიანი, ამისულაშვილი და კალაძე განლაგდნენ, ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე იაშვილი, მარცხნივ გოგუა, საყრდენად ხიზანიშვილი და კობიაშვილი, მათ წინ ანანიძე, თავდასხმაში კი
დვალიშვილი.
მოწინააღმდეგემაც 4-2-3-1 ითამაშა. ლუის ფერანდესის გუნდი თბილისში ფავორიტის ამბიციით ჩამოვიდა, მაგრამ ქეცბაიას გუნდი უფრო ამბიციური აღმოჩნდა.

მასპინძლებმა თამაში ჟინით დაიწყეს და თითქმის 90 წუთის განმავლობაში აგრესიულად უტევდნენ - ფლანგებიდან, ცენტრიდან... სხვათა შორის, შესაძლოა, ბევრი არ დაგვეთანხმოს, მაგრამ ხიზანიშვილის საყრდენად გადასვლამ, ვფიქრობთ, გაამართლა, რადგან ჩვენი ნაკრების მუდმივი პრობლემა მოედნის ცენტრში დაცვითი ფუნქციების შესრულება იყო. ამპლუით მცველი ხიზანიშვილი ამ დავალებას თავს ართმევდა. შეტევაში ეფექტური არ იყო, მაგრამ, ისრაელის ნაკრებს მან და კობიაშვილმა ბევრი შეტევა ჩაუშალეს - ისევე, როგორ გოგუამ, რომელიც გულიანად (როგორც სჩვევია) იბრძოდა და შეტევებშიც ხშირად ერთვებოდა...

გოგუამ მე-17 წუთზე რეალური საგოლე მომენტი შექმნა, როცა ლამის 40 მეტრიდან შეასრულა საჯარიმო - მეკარე დუდუ ავატემ რეაგირება მაშინღა შეძლო, როცა ბურთმა ხარიხა შეაზანზარა!
გოლის გატანა მე-7 წუთზე დვალიშვილსაც შეეძლო: ჯანო ანანიძის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ავატეს ხელიდან გაუვარდა, მაგრამ ლადომ ბურთს ვერ მიასწრო.
35-ე წუთზე ჯანომ კუთხური ჩააწოდა, მცველებმა ბურთი უხეიროდ მოიგერიეს და დვალიშვილმა ახლო მანძილიდან ზუსტად ვერ დაარტყა.

მალე ანგარიშის გახსნას თავად ანანიძე ცდილობა: კარიდან წინ გამოსული მეკარე შენიშნა და შორიდან დაარტყა - ბურთი ბადეს გარედან მოხვდა...
ტაიმის მიწურულს სტუმრებმა ორი სახიფათო კონტრშეტევა რაფაელოვის აქტიურობით წამოიწყეს. ის პირველად მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და ასათიანის მოგერიებული ბურთი, რევიშვილმა კარში არ გაუშვა. მეორედ კი ჩვენი კიპერი სტუმრის საჯარიმო დარტყმას გადაეღობა.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მასპინძელთა თამაშს ტემპი აკლდა და როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ შეცვალა ქეცბაიამ იაშვილი უფრო სწრაფი დათო სირაძით და შეცვლამ გაამართლა - სირაძის რეიდებმა ჩვენი შეტევები გამოაცოცხლა და სტუმართა მცველებს პრობლემები შეუქმნა.

ქართველები შეუჩერებლად უტევდნენ: 54-ე წუთზე ანანიძემ მცველები კარგად კი ჩამოიშორა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. 59-ე წუთზე სირაძის მიერ წამოწყებულ კომბინაციას დვალიშვილი ასრულებდა, მაგრამ მცველი გადაეღობა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
სირაძეს ანგარიშის გახსნის მშვენიერი შესაძლებლობა 62-ე წუთზე ჰქონდა, როცა გოგუას მიერ წამოწყებული კომბინაცია ჯერ ხიზანიშვილმა, მარჯვენა ფლანგზე კი ლობჟანიძემ გააგრძელა და უმეთვალყურეოდ დარჩენილმა სირაძემ ახლო მანძილიდან დასცხო - სამწუხაროდ, ეს შეტევაც უშედეგოდ დასრულდა.

ქეცბაიამ შეტევის გაგრძელება დვალიშვილის ნაცვლად, მოედანზე მერებაშვილის შეყვანით სცადა. ლადომ ბევრი იმუშავა, მაგრამ მცველებს ვერაფერი მოუხერხა. მერებაშვილმა მარჯვენა ფლანგი დაიკავა, სირაძემ კი ცენტრფორვარდის პოზიციაზე გადაინაცვლა.
65-ე წუთი: ხიზანიშვილმა ზეჰავის მოედნის ცენტრში ბურთი აართვა, ორ მოწინააღმდეგეს ეფექტურად გაცდა და ბურთი კარისკენ გაგაზავნა - ავატე კარს საიმედოდ იცავდა.

ლუის ფერნანდესს შეცვლებიდან ერან ზაჰავიმ გაუმართლა. იყო ათწუთიანი ეპიზოდი, როდესაც მან ორი სახიფათო შეტევა განახორციელა: 66-ეზე რევიშვილს შორიდან ძლიერად დაურტყა და ჩვენმა მეკარემ ბურთი მოიგერია, 74-ე წუთზე კი კარს ააცილა.
87-ე წუთზე მახვილი კუთხიდან გილ ვერმუტის გასროლა საშიში არ გამოდგა, 90-ეზე კი ქართველმა გულშემატკივარმა ინერვიულა:

ზეჰავის მიერ მარჯვენა ფლანგიდან მარჯვენაზე გადმოტანილი ბურთი იოსი ბენაიუნმა კარში შეუჩერებლივ გააგზავნა - სიზუსტემ ებრაელთა ლიდერსაც უმტყუნა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ "ჩელსის" ახალწვეულს გოგუამ გასაქანი არ მისცა.
ბოლოს ქართველებმა შტურმის მოწყობა სცადეს: სახიფათოდ ჩააწოდეს რამდენიმე კუთხური, თუმცა სირაძისა და ამისულაშვილის მცდელობებს, აგრეთვე მერებაშვილის ინდივიდუალურ მოქმედებებს, პლუს ხიზანიშვილის შორეულ დარტყმებს შედეგი არ მოჰყოლია - 0:0.
სტუმრად საბერძნეთან ფრე თუ გაგვიხარდა, სახლში ისრაელთან გამარჯვებაზე ვოცნებობდით - შარშანდელი უსუსური გუნდის შემყურე, ქეცბაიას კრებულის სულისკვეთება და მონდომება ამის საფუძველს გვაძლევდა. ნულოვანი ფრის მიუხედავად, გულშემატკივარმა ჩვენი გუნდი ტაშით გააცილა.

ახლა ყველაზე მთავარი: ქეცბაიამ წაუგებელი მატჩების სერია ხუთამდე გაზარდა. უნიათობის, უთავმოყვარეობისა და ქვეყნის ფეხეზე დაკიდების სიმბოლოდ ქცეული ნაკრები გარდაიქმნა და ქეცბაიამ ბრძოლას დააჩვია - მას უკვე თავმოყვარეობა და ბრძოლის ჟინი გაუჩნდა...

ყველა ფეხბურთელი იბრძოდა და მეტოქეს მოედნის გოჯის უბრძოლველად გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდა, მაგრამ...
"სწორი ფეხბურთის" მიმდევარ მწვრთნელთა უხეირო მუშაობის შედეგი გუშინ ცხადად გამოჩნდა: სხვების წამბაძველობით, ვითომ "სწორი ფეხბურთის" დანერგვა დავიწყეთ და გუნდებმა არაორდინარული ნიჭის მქონე ბავშვები ჩარჩოებში ჩასვეს, ან ბევრად შრომისმოყვარეებს მიანიჭეს უპირატესობა. "ათი" ნომრებიც სადღაც გაქრნენ. ნაკრებს გოლისთვის სწორედ პასის მიმცემი აკლდა, რასაც მარტო ქეცბაია ვერ უშველის - ჯანო ძალიან ნიჭიერი და პერსპექტივაც აქვს, გუშინ გულიანად და სასარგებლოდ გაირჯა, მაგრამ სანაკრებო დონეზე ორთაბრძოლები უჭირს და დრო სჭირდება.

ლევან ყენია დაშავებულია, სხვა ამ ამპლუისა და ნაკრების მასშტაბის მოთამაშე კი არ ჩანს. იმ ქვეყანაში, სადაც პლეიმეიკერების დიდი არჩევანი იყო, სრულწლოვანი და საჭირო მოთამაშე აღარაა. არავინ თქვას, რომ გამთამაშებელი ისტორიას ჩაბარდა - პლატინი, მარადონა, ზიდანი, ყიფიანი და ქინქლაძე ფეხბურთში ზედმეტები არასოდეს იქნებიან.


07.09. თბილისი. ბორის პაიჭაძე. 50 000 მაყურებელი
საქართველო 0:0 ისრაელი

საქართველო       ისრაელი
4-2-3-1               4-2-3-1

რევიშვილი	      ავატე
ლობანიძე	      ბონდარი
ასათიანი	      ბენ-ჰაიმი
ამისულაშვილი   კეინანი
კალაძე	     ბენდაიანი
ხიზანიშვილი     ა. კოენი
კობიაშვილი	    კაიალი
იაშვილი	    ტ. კოენი
ანანიძე	    რაფაელოვი
გოგუა	            ბენაიუნი
დვალიშვილი საჰარი

46. იაშვილი - სირაძე
63. დვალიშვილი - მერებაშვილი
75. გოგუა - აფციაური
სათადარიგოები: ლორია, კვირკველია, გელაშვილი, სალუქვაძე

52. საჰარი - ალბიტმანი
60. ტ. კოენი - ზაჰავი
75. რაფაელოვი - ვერმუტი
სათადარიგოები: ლევიტა, იადინი, გოლასა, ზივი

გაფრთხილება: ბენ-ჰაიმი (21), ლობჟანიძე (29), კობიაშვილი (42), ბონდარი (69)
არბიტრი: ს. კევერი (შვეიცარია)



მკითხველის კომენტარები / 7 /
ანანიძე შეუდარებელი იყო.მის გარეშე ინტერესს არ გამოიწვევდა ჩემში ეს თამაში,ძალიან დავინტერესდი ჯანოს პიროვნებით.........მინდა ამ კომენტარს ყურადგება მიექცეს :(
marikoko17
23:38 07-09-2010
0
დაცვას არაუშავდა ისე მაინც კარსჰი დარტყმა არ იციან მაინც მაგარი ბანდზები არიან იქ იმენნა გაგვტენის ისრაელი და სერტო ტუ მარტლა გასვლაზე ფიქრობენ ეს ტამასჰი უნდა მოეგოტ ცჰვენ ალბატ ისიც ალბატ მალტას მოვუგებტ აქ და მორცჰა ამიტ ქულების აროდენობას წერტილილ დაესმება. სირცხვილიაააა
avto192
23:50 07-09-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული