MAN OF THE MATCH: გულნაკლული თამაშის კაცი

AutoSharing Option
საქართველომ მოიგო... ჩვენმა ნაკრებმა მეტოქეს აჯობა... თემურ ქეცბაიას გუნდს ტაში დაუკრეს...

როცა გამარჯვებული ხარ, როგორც გინდა, ისე იტყვი სათქმელს და მომდურავიც ვერავინ დაგრჩება. საქართველომ მართლაც მოუგო ალბანეთის არცთუ ურიგო ნაკრებს, ოღონდაც მაინც გულნაკლული დაგვტოვა ამ შედეგმა.

მოგება, პირველ რიგში, ფეხბურთელების და მწვრთნელების დამსახურებაა, მერე იმათი, ვინც მათ საამისო პირობები შეუქმნა. პირობები კი ქომაგსაც სჭირდება.

გამარჯვებას დიდად განაპირობებს გულშემატკივრის ფაქტორიც. ხალხი სტადიონზე უფასოდ შეუშვეს, თუმცა ყველა კარი არ გაუღეს. ვინც ადრე ვერ მივიდა სტადიონზე, წრეს ურტყამდა სექტორებს და ღია კარს ეძებდა.
XX-XXI სექტორის კარი ჯაჭვით იყო დაკეტილი და ერთმა ჯანიანმა გულშემატკივარმა იმდენი ქნა, ჯაჭვი გაწყვიტა და ხალხიც იმ სექტორს მიაწყდა. მერე კი აღმოჩნდა, რომ XX-XXI სექტორში სკამები აყრილი იყო.

ძალიან არასასიამოვნო იყო ამ ყველაფრის ნახვა, სტადიონზე მთავარი ხომ გულშემატკივარია...

და რატომ დაგვტოვა ამ მოგებამ გულნაკლული? იმიტომ, რომ მსაჯობა იყო უცნაური, თანაც ეს ზედიზედ მეორედ ხდება საქართველოს ნაკრების საშინაო ამხანაგურ შეხვედრაში. საქართველოს ნაკრების ბოლო ორი მოგებული ამხანაგური მატჩი არ ჰგავდა იმ ნაჩუქარ ცხენს, რომელსაც კბილი არ გაესინჯება. ეს უფრო დათვურ სამსახურს ჰგავდა. შესარჩევში კი ასე აღარ გვიმსაჯებენ - ვფიქრობ, ასეთი ვარაუდი სავსებით დასაშვებია.

გამარჯვება გემრიელია და საამისოდ ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა. თამაში ამხანაგური იყო, თუმცა ქეცბაიამ მხოლოდ ერთ მეკარეს მისცა თამაშის საშუალება. არ ვიცი, ამაში რა იყო ჩადებული. შესაძლოა, ამით მწვრთნელმა ნუკრი რევიშვილის პოზიცია გაამყარა, მაგრამ ისიცაა, რომ ამხანაგურ შეხვედრაში მეორე მეკარე ყოველთვის ელოდება, თუ როდის შეუშვებს მას მწვრთნელი მოედანზე.

ნაკრებს ზურაბ ხიზანიშვილმა უკაპიტნა. პირველ ტაიმში მის შეცდომას გოლი მოჰყვა, მაგრამ ერთი, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდით ვერ გადავწურავთ წყალს. მეორე ტაიმში ხიზანიშვილმა არაერთხელ ითამაშა ლიდერივით, ეს კი ყველას როდი შეუძლია. ზურას ყველაზე ძლიერი მხარე ალბათ ის არის, რომ მეტოქის სვლების წაკითხვა შეუძლია. სწორედ ამის ხარჯზე ერთხელ მოხდენილად ჩაჭრა შეტევა, წინ გაბედულად წავიდა და თამაშიც გაამწვავა, იერიში კი ნიკა გელაშვილის სახიფათო დარტყმით დასრულდა.

ასეთი ნიუანსებით ხდება გუნდის სახის ჩამოყალიბება. თუ ყველას ზუსტად აქვს ადგილი შერჩეული და თუ ყველას შესაძლებლობები მაქსიმალურადაა გამოყენებული, წარმატების შანსიც იზრდება.

მეორე ტაიმში ქეცბაიამ გელაშვილი მარცხენა გარემარბად გაამწესა, ოთარ მარცვალაძე კი ცენტრფორვარდად შეუშვა. გელაშვილს მეტწილად ცენტრალურ თავდამსხმელად აქვს ნათამაშები, მარცვალაძეს კი გარემარბად და საინტერესოა, თუ რისი მომტანია ექსპერიმენტები. ზოგადად, ამხანაგურ შეხვედრაში ექსპერიმენტები დასაშვებია, ოღონდაც ისიც კარგად ჩანს, გაამართლა თუ არა ექსპერიმენტმა.

სანაკრებო კლასის განაპირა მცველები - ამ მხრივ საქმე მთლად კარგად არ უნდა გვქონდეს. მარჯვენა ფლანგზე ალბანეთთან გურამ კაშიამ ითამაშა, სხვა კარგი თვისებების გარდა მას სისწრაფეც აქვს და ამ პოზიციაზე მას კარგი პოტენციალი უნდა ჰქონდეს. სასიამოვნო ფაქტია, რომ კაშია იმდენად უნივერსალურ მცველად ჩამოყალიბდა, არაერთ პოზიციაზე შეუძლია წარმატებით თამაში. ოღონდაც ისიც მნიშვნელოვანია, დაცვის მარჯვენა ფლანგზე კიდევ რა ალტერნატივა არსებობს, ანუ კიდევ მოგვეპოვება კლასიანი, სწრაფი მარჯვენა მცველი? კონკურენცია ხომ ნებისმიერ პოზიციაზე აუცილებელია.

დაცვის მარცხენა ფლანგზე ბოლო დროს ქეცბაია გია გრიგალავას ენდობა. ჯერჯერობით უცნობია, ეს მწვრთნელის გემოვნებით არის განპირობებული თუ უბრალოდ, ქეცბაია ამ პოზიციაზე სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს. მეორე ტაიმში გრიგალავა დავით კვირკველიამ შეცვალა. ანორთოსისელი მცველი, ცოტა არ იყოს, მოუხეშავად მოქმედებდა, დებიუტანტივით ნერვიულობა ეტყობოდა. მარცხენა მცველი - ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური პოზიცია საქართველოს ნაკრებში - ეს გვაჩვენა ალბანეთთან მატჩმაც.

ვერ მოხერხდა თამაშის დალაგება ნახევარდაცვის ცენტრიდან. განსაკუთრებით ეს პირველ ტაიმში იგრძნობოდა. ჯაბა კანკავა, ბუბა დაუშვილი და ჯანო ანანიძე - მათ ეს ვერ მოახერხეს. რა თქმა უნდა, ეს სუბიექტური, ოდენ ჟურნალისტური შეფასებაა და კარგია, თუ რეალურად ვითარება ბევრად უკეთესია. სანაკრებო კლასი ის უნდა იყოს, რომ თუ, მაგალითად, ანანიძეს არ წაუვიდა თამაში, სხვა ნახევარმცველებმა ითავონ ბურთის დაჭერა, გაგორება და შეტევის ორგანიზება.

გოგიტა გოგუა, გიორგი მერებაშვილი... ქეცბაიას სხვა არჩევანიც აქვს და ამას ყველა ნაკრებელი უნდა გრძნობდეს, უფრო სწორად, ეს მათ მწვრთნელმა უნდა აგრძნობინოს. ასეა ყველგან და ალბათ, ასე უნდა ხდებოდეს საქართველოს ნაკრებშიც.

ეროვნულ გუნდში კარგად მკვიდრდება სანდრო კობახიძე. დროა, რომ ის უკვე ნაკრების საკვანძო მოთამაშე გახდეს. მან ზედიზედ მეორე გოლი გაიტანა ნაკრებში, მოლდოვასთანაც ცენტრიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და ისე იხეირა. გოლის გატანა მხოლოდ ცენტრფორვარდის საქმე არ არის და ძალიან კარგია, თუ ჩვენს ნაკრებში მეგოლე შუახაზელი გამოჩნდება. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ კობახიძემ ალბანეთთან პენალტიც მოინაგრა.

ყველაზე მეტი ტაში კი ალბანეთთან დავით თარგამაძეს დაუკრეს. ის გუნდის სული და გული გამოდგა, რამდენიმე რთული სიტუაციიდან ისე მოხდენილად იპოვა გამოსავალი, რომ ტაში მასზე ნაღდად ალალი იყო. MAN OF THE MATCH - ალბანეთთან ასეთი თარგამაძე გახლდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ანანიძემ თამაში ვერ დაალაგაო?!:D:D ბატონო დავით, ფეხბურთის ყურება მხოლოდ გუშინწინ დაიწყეთ?:))
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული