ზურაბ ხიზანიშვილი: შეიძლება, ვინმემ თქვას, ვერ მოიგეს და მოედანს აბრალებენო...

AutoSharing Option
ზურაბ ხიზანიშვილს ისრაელის ნაკრებთან მატჩის შემდეგ გავესაუბრეთ. მცველი, რომელმაც "რედინგში" ტრანსფერით საკლუბო პრობლემა თითქოს მოაგვარა, თემურ ქეცბაიამ გულშემატკივარს ახალ ამპლუაში, სარყდენ ნახევარმცველად წარუდგინა...
ზურაბს ჯერ მოედნის საფარზე ვკითხეთ. უხარისხო (ეს რბილად რომ ვთქვათ) გაზონმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიაც აღშფოთება გამოიწვია. ჟურნალისტთა ჯგუფი ინტერვიუს ერთად ვიწერდით. საინტერესო იყო კითხვები, მაგალითად, ასეთი - "ასეთ ყანაში ოდესმე თუ გითამაშია"; ან უფრო უკეთესი - "სანადირო სეზონია და მოედანზე მწყერი თუ არის?"... ზურაბს ჯერ გაეცინა, მერე კი ინტერვიუ ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა:

- რეალურად მართლა
მოედანია არასასურველი შედეგის მიზეზი?
- რა თქმა უნდა. მე არ ვიცი, შორიდან როგორ ჩანდა მოედანი და მისი მდგომარეობა, მაგრამ თუ გახვალთ და ნახავთ, დარწმუნდებით, რომ ნამდვილად კატასტროფა იყო. თავს იმის თქმის უფლებასაც მივცემ, რომ ასეთ ცუდ მინდორზე არასდროს გვითამაშია. მე "ნორჩ დინამოელში" ვარ გაზრდილი და ეგრეთ წოდებულ "გარევოის" მოედანზე ვვარჯიშობდი. იმის შემდეგ ასეთ მოედანზე აღარ მითამაშია. სირცხვილია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კარგ მინდორზე თამაშის საშუალება არ აქვს. ქეცბაიამ თითოეული ჩვენგანის სატკივარი გაამხილა... ასე რომ, ეს იყო ერთ-ერთი პრობლემა, თან საკმაოდ სერიოზული, რომელმაც ისრაელთან მოგების საშუალება არ მოგვცა, ბურთი სწრაფად ვერ მოძრაობდა, შეტევას საჭირო ტემპში ვერ ვიწყებდით და ბუნებრივია, ეს მეტოქეს აწყობდა - ისრაელისთვის თბილისში ფრე სასურველი შედეგი იყო. ჩვენ კი ორი ქულა დავკარგეთ, ეს შემიძლია თამამად გითხრათ.

- არ არის გამორიცხული, მოედნის პრობლემა მალე არ მოიხსნას. ანუ შემდეგ შეხვედრებშიც მეტის იმედი არ უნდა გვქონდეს?
- მოედნის მოწესრიგება ისეთი პრობლემა არ არის, რომლის მოგვარებაც მცირე ხანში შეუძლებელია, მით უფრო საქართველოში, სადაც ასეთი კლიმატია და ეროვნული სტადიონიც ძალიან დატვირთული არ არის. ყველგან კარგი მინდვრებია. რატომ არ შეიძლება, ფული დაიხარჯოს და საქართველოში ერთი ხეირიანი საფარი გაკეთდეს? ხომ შეიძლება მორწყან და მოუარონ? მეტს ხომ არაფერს ვითხოვთ... მაგალითად, საბერძნეთში რომ იყო, ისეთ საფარს? ელემენტარულად, უნდა გაგვიგონ. შეიძლება, ვინმემ თქვას, ვერ მოიგეს და მოედანს აბრალებენო, მაგრამ ასე არაა. ეს იყო დღეს ყველაზე სერიოზული პრობლემა. ისრაელი ზუსტად ისე გვეთამაშებოდა, როგორც ჩვენ ათენში - ბერძნებს. ჩვენ საბერძნეთში ფრე გვაწყობდა, ისევე, როგორც ისრაელს - თბილისში. აქ 3 ქულა გვქონდა დაგეგმილი. აბა, სად 4 ქულა და სად - 2? ახლა 4 ქულა ისრაელს აქვს და ჯგუფის ლიდერია.

- ადრე უკეთესი მოედანი იყო თუ სულ ასეთ მდგომარეობაში გხვდებოდათ?
- ადრე ნამდვილად უკეთესი იყო.
- ქეცბაიამ საყრდენ ნახევარმცველად დაგაყენათ. ბოლოს ამ პოზიციაზე 10 წლის წინ, თბილისის "დინამოს" დუბლებში ითამაშეთ. ამ გადაწყვეტილებიდანაც გამოჩნდა, რომ ნაკრების ერთ-ერთი პრობლემა ხეირიანი ჩამშლელი ნახევარმცველის დეფიციტია...
- მე არ ვიცი, რას მიიჩნევდა ქეცბაია ნაკრების მთავარ პრობლემად, მაგრამ რაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა, ამ პოზიციაზე ხშირად მაყნებს და ბოლო ორ შეხვედრაში ჩემი თამაშით კმაყოფილია. მეც სიამოვნებით ვთამაშობ იქ, სადაც გუნდის ინტერესი მოითხოვს.

- ...და წონაშიც აშკარად დაიკელით.
- დიახ და ეს ყველანაირად დამეტყო კიდეც. "ნიუკასლსა" და "რედინგში" დაახლოებით 30 მატჩამდე ვითამაშე და ცხადია, ოპტიმალურ წონაში ვარ. სათამაშო პრაქტიკის შემდეგ, ზაფხულის შესვენების მიუხედავადაც, ფორმაში შესვლა ადვილია. როცა იშვიათად თამაშობ, ფორმის და წონის შენარჩუნება სეზონის მსვლელობის დროსაც შეუძლებელია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოედანი აშკარად უვარგისია,დარტყმის დროს რო მტვერი დადგება ბალახზე რაღა უნდა ილაპარაკო.
სტადიონის "აღშფოთებულ" დირექტორს ცხვირი უნდა არტყმევინო ზედ!
თუმცა შედეგის მიზეზი მარტო ეგ არაა.
ყველაზე სუსტი ადგილები გუნდში - კალაძე,კობიაშვილი.
დაბერდით ხალხო გაგვანებეთ რა თავი!
SERGO
10:26 09-09-2010
0
თამაშამდეც წავიკითხე ქეცბაიას ინტერვიუ როო მოედანი საშინელ მდგომარეობაშიაო...რა გახდა მართლა ერთი მოედანი ტოო ცოდოა მართლა ქეცბაია ამათ ხელში მაგარამ მაინც მაქვს ამ კაცის იმედი და მჯერა როო ნაკრებს აათამაშებს და აათამაშა კდეც ......და თანდათან მოუმატებენ
0

სიახლეები პოპულარული