ზვიად სიჭინავა: ფედერაციის პარტნიორობა 10 ათას ლარად? დაუშვებელია!

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთი უამრავი გულშემატკივრის სატკივარია. გამომდინარე აქედან, ბევრი საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს - გვიკავშირდებიან, წერილებს გვწერენ და ასე შემდეგ... ამ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ქომაგისგან მივიღეთ წერილი, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემას ეხებოდა - რატომ არ ჰყავს ეროვნულ ნაკრებს სპონსორი? აი, რას გვწერს პატივცემული გულშემატკივარი (სტილი დაცულია):

"მოგესალმებით ბატონებო! უპირველესად, მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა თქვენი გაზეთის მიმართ და აღვნიშნო, რომ "ლელოს" საშუალებით ყოველდღიურად ვიღებ უახლეს და ობიექტურ ინფორმაციას მსოფლიოს სპორტული სიახლეების შესახებ.
ვეხმაურები 11 სექტემბრის "ლელოში" დაბეჭდილ სტატიას, რომელშიც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი საუბრობს
იმაზე, რომ ევროპაში მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას არ ჰყავს სპონსორი.

ფეხბურთის ფედერაცია არის ბრენდი და ამ ბრენდთან ასოცირება არის პროდუქტი, რომელიც უნდა გაყიდოს თვითონ ფეხბურთის ფედერაციამ. როგორც ჩანს, ბატონ ზვიადს ამ პროდუქტის გაყიდვა არ შეუძლია, ან ჩვენთვის უცნობი პრინციპებით ხელმძღვანელობს.
აქვე, მინდა გამოხმაურების მოტივი გაგაცნოთ და მიხვდებით, თუ რამ გამოიწვია ჩემი ასეთი რეაქცია: მე გახლავართ ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი. მიმდინარე წლის ივნისში ფედერაციას ჩვენ სასპონსორო წინადადება შევთავაზეთ, რომელიც გულისხმობდა წლის განმავლობაში სხვადასხვა ნაკრები გუნდებისთვის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფას. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ის მოცულობა, რაზეც ფედერაციის პრეზიდენტი ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ 10 000 ლარის შეღავათი იმ პირობებში, რაშიც დღეს ფედერაცია აღმოჩნდა, ცუდი წინადადება ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო.

თითქოს მოლაპარაკებებიც წარმატებით მიმდინარეობდა და დარჩენილი იყო მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმება, როცა შევიტყვეთ, რომ ფედერაციის პრეზიდენტს აღნიშნული გარიგების გაუქმება უბრძანებია.

რა თქმა უნდა, აღნიშნულ ფაქტს ჩვენი მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია, მაგრამ მე, როგორც რიგითი გულშემატკივარი და თავის დროზე ჩემი კომპანიის მხრიდან სპონსორობის ინიციატორი, მომხდარის გამო ძალიან გულგატეხილი და განცვიფრებული დავრჩი და მით უმეტეს, "ლელოში" ზემოთ ნახსენები სტატიის წაკითხვის შემდეგ.

ვფიქრობ, არა მხოლოდ ჩემთვისაა საინტერესო, რა თანხას ითხოვს ფედერაცია სპონსორობაში? რატომ არის 10 ათასი ლარი მიუღებელი თანხა? იქნებ, ასეთი წვრილი სასპონსორო თანხით ჯამში სოლიდური სასპონსორო ფონდი შეგროვდეს?

ვფიქრობ, ყველამ უნდა იცოდეს, ფედერაცია სპონსორობის საფასურად რა თანხას ითხოვს და როდესაც ეს ციფრი საჯაროდ დასახელდება, იქნებ, ბევრი კომპანია დაინტერესდეს.

არ მინდა ვიფიქრო, რომ ყველა პოტენციური პარტნიორის წინადადების ანალოგიური უგულვებელყოფით, ჩვენი ფედერაცია კიდევ დიდხანს დარჩეს იმ ერთადერთად ევროპაში, რომელსაც სპონსორი არ ჰყავს.

P.ს. აღნიშნული წერილი ჩემი, როგორც რიგითი გულშემატკივარის კომენტარია და არა როგორც ორგანიზაციისა, რომელშიც მე ვმუშაობ".

საუკეთესო სურვილებით, ზაზა დოლიძე


დაგვეთანხმებით, თემა საინტერესოა. სხვათა შორის, 18 აგვისტოს აზერბაიჯანულმა ინტერნეტგაზეთმა "ექსტრატიმმა" გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორობა აზერბაიჯანულ სანავთობო კომპანია "სოკარს" სურდა. თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ეს ინფორმაცია უარყო.

ჩვენ კი დავუბრუნდეთ წერილის თემას, რაც ზვიად სიჭინავასთან ინტერვიუს მიზეზი გახდა...

- ბატონო ზვიად, როცა სპონსორი თითქმის აღარ შეგრჩათ, რატომ არის თუნდაც 10 ათასი ლარი მიუღებელი?
- 10 ათასი ლარი მისაღებია, როგორც დახმარება, მაგრამ სპონსორობისთვის საკმარისი ვერ იქნება. მსოფლიო პრაქტიკიდან ცნობილია, რა თანხებია საჭირო ფედერაციის, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების შესანახად. მაგალითად ჩვენი ჯგუფის ფედერაციებს მოვიყვან: ისრაელის ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც არც იტალიაა, არც ინგლისი და არც გერმანია, ან თუნდაც საფრანგეთი, სპონსორებისგან ყოველწლიურად 20 მილიონ დოლარს იღებს. ლატვიას ორი სპონსორი ჰყავს - ბანკი და სატელეფონო კომპანია, გენერალური სპონსორობისთვის კი მინიმუმ მილიონ ევროს ითხოვს. მალტის ფედერაცია 3 მილიონ ევროს იღებს, საბერძნეთსა და ხორვატიაში სასპონსორო მინიმუმი კი 3 მილიონ ევრომდეა! საბერძნეთს ზუსტად შვიდი სპონსორი ჰყავს და ყველა თავის მიმართულებით ეხმარება: ბანკი, ტურისტული, სატელეფონო, ავია და სადაზღვევო კომპანიები, ასევე სასტუმროები. თითოეული მათგანი თავის მიმართულებაში ბარტერს აკეთებს. მე კი დღეს მალტის დელეგაციის მიღებაზე ვფიქრობ - საჭიროა კვების ორგანიზება, საჩუქრები, რაც ელემენტარული ეტიკეტითაა გათვალისწინებული, სასტუმრო, ტრანსპორტი და ასე შემდეგ. ეს დიდი ხარჯებია, რომელიც ფედერაციამ სპონსორებისგან უნდა იშოვნოს, მაგრამ რომ არ გვყავს ეს სპონსორები, რა ვქნათ?!

- ჩვენც სწორედ ეს გვაინტერესებს. რა თანხა უნდა გადაიხადოს გენერალურმა სპონსორმა და უბრალო პარტნიორმა? ანუ რამდენია სასპონსორო პაკეტი?
- გენერალური სპონსორობის თანხა, ერთი წლით, მინიმუმ მილიონი ლარი უნდა იყოს, სპონსორობისთვის - 400 ათასი, პარტნიორობისთვის კი - 100 ათასი. ეს თანხები უნდა გვეყოს მინიმუმ 5 გასვლითი მატჩისთვის. ჩარტერების, სასტუმროებისა და ფორმების ხარჯები რომ დავიანგარიშოთ, ნაკლებს ვერც მოვითხოვთ... ისე, ჩვენი მეტოქეების სასპონსორო შემოსავლები ტყუილად არ მიხსენებია. ჩვენ მათზე ბევრად ნაკლებს ვითხოვთ. სახელმწიფო გვეხმარება - ფორმები შეგვიძინა, საბერძნეთში გამგზავრებისა და ისრაელის მასპინძლობის საფასური გადაგვიხადა... თუმცა უკეთესი იქნებოდა, სახელმწიფო თანხები ინფრასტრუქტურული, ეროვნული ჩემპიონატის, ბავშვთა ფეხბურთისა თუ სხვა სახის პროექტების განხორციელებაზე დავხარჯოთ, სპონსორებისგან მიღებული ფული კი ნაკრებს მოვახმაროთ. ერთი ჩარტერული რეისი მინიმუმ 100 ათასი ლარი ჯდება. თუ დიდ თვითმფრინავს იქირავებ, წაიყვან მედიას, რადგან მატჩის გაშუქება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ხელი უნდა შეუწყო, ასევე გულშემატკივრებს... ეს ყველაფერი 150 ათასი ევრო მაინც დაჯდება. ეროვნული ნაკრები ქვეყნის სახეა და მას საკლუბო მასშტაბით ვერ შევაფასებთ.

- იქნებ, ასეთი მცირე თანხებით სოლიდური სასპონსორო ფონდი შეგროვდეს? ამაზე არ გიფიქრიათ?
- შესაძლოა, ასეთი თანხით მართლა ბევრი სპონსორი მოვიზიდოთ, მაგრამ მატჩის ბილეთზე, ან თუნდაც ფედერაციის ბლანკზე, ყველა სპონსორის ლოგო დაეტევა? მეორე დღეს მოგადგება და პრეტენზიას წამოგიყენებს - კონტრაქტის ესა და ეს პუნქტი რატომ არ შეასრულეო და მართალიც იქნება. მცირეთანხიან კონტრაქტებზე უარი ამგვარი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ვთქვით... სხვათა შორის, ერთ-ერთი კომპანია 10 ათასი ლარის საფასურად სტადიონზე რეკლამის განთავსებასაც ითხოვდა, მაშინ, როცა "ინფრონტი" ამაში წლიურად 750 ათას ევროს, ციკლში კი 1,5 მილიონს გვიხდის. მე ყველას მადლობელი ვარ, ვინც სპონსორობის სურვილი გამოხატა, მაგრამ არსებობს მინიმალური ზღვარი, რომელსაც სპონსორის არყოლის გამოც ვერ შევცვლით.

- ამჟამად რომელ პოტენციურ სპონსორთან მიმდინარეობს მოლაპარაკება?
- მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგრამ დაკონკრეტება არ მსურს.

- კურიოზული ვითარებაა: ფეხბურთის ფედერაციამ სპონსორები კლუბებს მოუძებნა და თავად უსპონსოროდ დარჩა...
- ჩვენი გენერალური სპონსორი იყო კომპანია "მადნეული", რომელიც ამჟამად ბოლნისის "სიონის" მეპატრონეა. როცა პრიორიტეტულად ეროვნული პირველობის განვითარება გამოცხადდა, ვცდილობდით, ყველა კლუბი დაგვეკმაყოფილებინა და, მათ შორის, "სიონიც". კლუბის თანამშრომლები, ფეხბურთელები და მწვრთნელები უპატრონოდ არ უნდა დარჩენილიყვნენ. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, დაგვეთმო გენერალური სპონსორი. საერთოდ, უსპონსოროდ მაინც არ ვართ. ამჟამად ორი სპონსორი გვყავს - "იაკო", რომელიც ფორმებით გვამარაგებს, და "ნატახტარი", რომელიც 100 ათას ლარს იხდის. არ გვყავს გენერალური სპონსორი, მაგრამ იმედია, მალე აუცილებლად გვეყოლება.

- ალბათ, რეალობაც თავისას შვრება - საქართველოს ეკონომიკა სუსტია და სამწუხაროდ, ღონიერი სპონსორების მოძებვნა ძნელია...
- ფეხბურთისგან განსხვავებით, ეკონომიკასა და ბიზნესში ვერკვევი და ის ნამდვილად ვიცი, რომ საქართველოში ფული არის. პრობლემა - ამ თანხის გამოყენება, მარკეტინგი და მენეჯმენტია. ნაკრებისა და ფედერაციის სპონსორობა პატრიოტული მოსაზრებებიდან გამომდინარე უნდა გადაწყვიტონ. ეროვნულ ნაკრებს რომ გვერდში დაუდგე და გააძლიერო, ბიზნესმენმა საკუთარი ქვეყნისთვის ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოს?!

- შესაძლოა, ნაკრების სპონსორობის სურვილი ბევრს აქვს, მაგრამ არ აქვს საშუალება...
- მე ვიცი საქართველოში 6 სოლიდური ბანკი და 3 სატელეფონო კომპანია, რომლებიც, ჩემი აზრით, ეროვნული ნაკრების უპირველესი სპონსორები უნდა იყვნენ...

- სატელეფონო კომპანიები პოპულარულ სპორტსმენებთან ინდივიდუალურად თანამშრომლობენ - "მაგთი" კალაძესთან, "ჯეოსელი" არველაძეებთან... მაგრამ ნაკრებებსა და გუნდებთან პარტნიორობას ერიდებიან...
- სადღაც, გეთანხმებით. შესაძლოა, ქართული ბიზნესი ჯერ კიდევ განვითარების სტადიაშია და ფეხბურთს, რომელსაც სოლიდური თანხები სჭირდება, ჯერ ვერ სწყალობს. მაგრამ წეღანაც ვთქვი - საქართველოში ფული ნამდვილად არის! მოსკოვში 26 წელი ვცხოვრობდი და იქაური მილიონერების დასახლება "რუბლიოვკას" კარგად ვიცნობ. უნდა გითხრათ, რომ წყნეთში ისეთი სახლებია, შესაძლოა, "რუბლიოვკაზეც" ბევრს შეშურდეს... ჩვენმა მეგობრებმა მიშელ პლატინის ვიზიტისთვის ისეთი მანქანები გვათხოვეს, კაცი გაოცებული დარჩა. ამ მანქანების ყიდვას ხომ ფული სჭირდება?! მოლდოვაში ერთად გავფრინდით და ვიცი, რომ პლატინის იქ ბევრად მოკრძალებული მანქანებით დახვდნენ, არადა, მოლდოვის ფეხბურთის ფედერაციას სპონსორი ჰყავს - ბანკი, სატელეფონო და სადაზღვევო კომპანიები. ჩემთვის ეს გამოცანაა - ქვეყანაში ფული არის, მაგრამ ნაკრებს გენერალური სპონსორი არ ჰყავს... მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში 3 მილიონი ლარი გვჭირდება: 19-წლამდელები პორტუგალიაში მიემგზავრებიან, ეროვნული ნაკრები კი ჯერ მალტას მასპინძლობს, მერე კი ლატვიას უნდა ესტუმროს. ამას გარდა, 17-წლამდელთა შესარჩევ ტურნირს მაღალ დონეზე უნდა ვუმასპინძლოთ... ბევრმა ვერ გაიგო, რა მნიშვნელობას ანიჭებს უეფა ამ ტურნირს - შესარჩევი ციკლის ორგანიზაციის მიხედვით გადაწყვეტენ, შევძლებთ თუ არა ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობას. გამოცდილება და ცოდნა ახლა უნდა დავაგროვოთ - ორგანიზაციულ, უსაფრთხოებისა და მენეჯმენტის საკითხებში... ნურავინ იტყვის, რომ ნაკრების, ფეხბურთის განვითარებისა და სხვა, აუცილებელი ხარჯებისთვის მილიონი ლარი ბევრია. ეკონომიის მიზნით, ახლა ლატვიაში 48-ადგილიანი თვითმფრინავით მივემგზავრებით და ტვირთის სიმრავლის გამო, 40 კაცზე მეტის წაყვანა არ გვირჩიეს. რატომ არ უნდა იყოს რომელიმე ავიაკომპანია ფედერაციის პარტნიორი, იგივე სადაზღვევი კომპანია, ან ბანკი და ასე შემდეგ?!


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბოდიშით და ამას ხო არ აჟუჟუნებს საფრანგეთის ეკონომიკა და საქართველოს ეკონომიკა ერთია ან რო ადრის საფრანგეთის ნაკრებში ტოპ ფეხბურთელები თამაშობენ და ჩვენ ნაკრებს თითქმის არავინ აკვირდება და კიდე ცოტააო 10000 წარმატებები მარა ასე არაფერი გამოვა ბატონო ზვიად!
shako
14:32 22-09-2010
0

სიახლეები პოპულარული