ბერლინის "ჰერტას" ქართველს გუშინ დავუკავშირდით და ვფიქრობთ, უინტერესო დიალოგი არ გამოგვსვლია.
კობიაშვილი საუბრობს დიუსელდორფის "ფორტუნასთან" მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე, საკუთარ თავზე, ეროვნულ ნაკრებსა და კიდევ სხვა თემებზე.
კობიაშვილი გულისტკივილსაც გამოთქვამს იმის გამო, რომ ქართული ფეხბურთისკენ გზას უჭრიან...
კობიაშვილი 35 წლისაა და გერმანიის საფეხბურთო კავშირის მკაცრ, შეიძლება ითქვას, რომ უსამართლო გადაწყვეტილებას თავი არ
მაშ ასე, "ლელოს" კითხვებს ლევან კობიაშვილი პასუხობს...
მხოლოდ ბავშვებთან მაქვს ნებადართული ფეხბურთის თამაში
- გერმანიის საფეხბურთო კავშირის სადისციპლინო განაჩენი ისეთი მკაცრია, რომ ამხანაგურ მატჩებშიც აკრძალული გაქვს თამაში - როგორ ეგუები ასეთ მდგომარეობას?
- განაჩენი მართლაც მასეთია და მას ვერსად წაუვალ. შინ საკუთარ შვილს ვეთამაშები ხოლმე ფეხბურთს და აქეთ-იქით ვიყურები, ვინმემ არ დამინახოს-მეთქი - ახლა ისეთ დღეში ვარ, რომ მხოლოდ ბავშვებთან მაქვს ნებადართული ფეხბურთის თამაში.
- დისკვალიფიკაცია თავისებური ფსიქოლოგიური სტრესია, რასაც გაძლება სჭირდება. შესაძლოა, სიტყვით ძნელია მთელი სისავსით გადმოგვცე ის, რასაც განიცდი, მაგრამ ალბათ ყველა რთული სიტუაციიდან არის შესაძლებელი თავის დაღწევა...
- სადისციპლინო განაჩენის გამოტანიდან დაახლოებით თვენახევარი გავიდა. სეზონი ჯერ არ დაწყებულა, მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა, რაც გულის გადაყოლების საშუალებას იძლეოდა. ყველანაირად ვცდილობ, რომ ამ დისკვალიფიკაციაზე ნაკლებად ვიფიქრო, სხვანაირად ძალიან გამიჭირდება. რა თქმა უნდა, სეზონი რომ დაიწყება, უფრო გამიჭირდება უთამაშებლობასთან შეგუება.
- საამსეზონოდ "ჰერტაში" ახალი მწვრთნელი მივიდა - ჰოლანდიელი იოს ლუჰუკაი. როგორია მისი დამოკიდებულება შენი მდგომარეობისადმი?
- ახალი მწვრთნელი "ჰერტაში" ზუსტად იმ დღეს მოვიდა, როცა დისციპლინარებმა განაჩენი გამომიტანეს. ლუჰუკაისაც იმედი ჰქონდა, რომ თამაშის უფლებას მომცემდნენ და გადაწყვეტილებით გულდაწყვეტილი დარჩა. ახლახან "ჰერტა" შეკრებაზე რომ მიდიოდა, გადასაწყვეტი იყო, უნდა წავყოლოდი თუ არა გუნდს. მე და მწვრთნელმა ვისაუბრეთ და მისგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. ცხადია, შეკრებაზეც გუნდთან ერთად წავედი.
კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ მწვრთნელი ჩემგანაც იგივეს ელის და როგორც კი ამის საშუალება მომეცემა, მეც გვერდში დავუდგები ყველანაირად. გუნდის სავარჯიშო პროცესში სრულფასოვნად ვარ ჩართული. ამ ეტაპზე ჩემთვის მთავარია, რომ ტონუსი, სპორტული ფორმა შევინარჩუნო.
მხარდაჭერას მთლიანად კლუბისგან ვგრძნობ - დისკვალიფიკაციის მიუხედავად, "ჰერტამ" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით, 2014 წლის ივნისამდე გამიგრძელა. გარდა ამისა, კლუბმა ამ ვადას კიდევ ერთი წელი მიუმატა - ფეხბურთელობის შემდეგ "ჰერტაში" კიდევ ერთი წელი რომ დავრჩე სამუშაოდ.
- ეს ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთს 2013/14 წლების სეზონშიც ითამაშებ?
- პირველ რიგში, მთავარია ჯანმრთელობა. რა მოხდება, წინასწარ არავინ იცის.
- ზუსტად რა როგორ იყო პლეი ოფში "ფორტუნასთან" მატჩის შემდეგ? ოფიციალური ვერსიით, მსაჯს დაარტყი, არაოფიციალური ვერსიით კი, გასასვლელში უკნიდან დაგეჯახნენ, თავი ვერ შეიმაგრე და მსაჯს დაეჯახე...
- ოფიციალურად განვაცხადე, რასაც მსაჯი ჩემზე ამბობს, ტყუილია-მეთქი. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დიუსელდორფში "ფორტუნასთან" მატჩის დროს ისეთი სიტუაცია შეიქმნა, თამაში არ უნდა გაგრძელებულიყო, რადგან ჩვენს ფეხბურთელებს შიშის გრძნობა ჰქონდათ.
სიტუაცია ძალიან დაიძაბა, ხალხი მოედანთან ახლოს იყო მოსული. საფეხბურთო კავშირი მატჩის გადათამაშებას არ დაუშვებდა, რადგან გადათამაშებულ შეხვედრაში "ჰერტას" რომ მოეგო, სტადიონზე უარესი ამბავი ატყდებოდა. და გაკეთდა საპირისპირო - მსაჯის პირით ითქვა, "ჰერტას" ფეხბურთელებმა ცუდი რაღაცები ჩაიდინესო, რაც აბსოლუტურად არასწორი გახლდათ.
ასე აღმოვჩნდი ამ გაუგებრობაში. მოედნიდან გასახდელისკენ რომ მივდიოდით, ხალხი იყო თავმოყრილი. ამიტომაც ფეხბურთელები გავრბოდით. ასეთ სიტუაციაში კიბეებზე წავიქეცი და ხელით მივეყრდენი რამდენიმე ადამიანს, მათ შორის, მსაჯსაც. რა თქმა უნდა, განზრახ არ შევხებივარ მას.
მე რომ ასეთი რამ მართლა ჩამედინა, გარწმუნებთ, ექვსთვიან დისკვალიფიკაციას არავინ მაკმარებდა, 1-2 წლით ამიკრძალავდნენ ფეხბურთის თამაშს.
- უთამაშებლობა რამდენად იმოქმედებს სპორტულ ფორმაზე?
- უკვე იმდენი მაქვს ნათამაშები, რომ არა მგონია, ექვსთვიანმა პაუზამ მნიშვნელოვნად იმოქმედოს სპორტულ ფორმაზე. საშუასეზონო მოსამზადებელი ეტაპი რომ დაიწყება იანვარში, უკვე მექნება თამაშის უფლება.
რატომ არ უნდათ, რომ ჩართული ვიყო ქართული ფეხბურთის პროცესებში?
- როგორც უნდა იყოს, ასეთი დისკვალიფიკაცია დარტყმაა ნებისმიერი სპორტსმენისთვის. ჩვენი ეროვნული ნაკრების მწვრთნელი და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები გამხნევების მიზნით არ დაგკავშირებიან?
- არა, თემურ ქეცბაიასა და ფედერაციასთან ამასთან დაკავშირებით საუბარი არ მქონია.
- ნაკრების წინა შესარჩევი ციკლის შემდეგ ქეცბაიას გუნდში აღარ მიუწვევიხარ და არც დაურეკავს შენთვის. ამ თემაზე უკვე გვქონდა ინტერვიუ, თუმცა მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა და ალბათ, უკეთ არის შესაძლებელი ამ ყველაფერზე ანალიზის გაკეთება. როგორ ფიქრობ, რატომ მოხდა ასეთი ფორმით იმ ფეხბურთელის ნაკრებიდან ჩამოცილება, ვისაც ასი კეპი აქვს მოხვეჭილი?
- არ ვიცი, ამ თემაზე ლაპარაკს ვერიდები. მე რომ ისეთი ადამიანი ვიყო, ვინც კონფლიქტურია და ვისთანაც დალაპარაკება რთულია, მაშინ კიდევ გასაგები იქნებოდა ასეთი დამოკიდებულება. გული მწყდება, რომ ყველაფერი ასე მოხდა.
ამდენი წელია, რაც წამოსული ვარ საქართველოდან; ამდენი წელია, რაც გერმანიაში ვთამაშობ; ძალიან მინდა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ქართულ ფეხბურთს მოვახმარო, ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ საქართველოში ჩამოვიდე, მაგრამ ადამიანებისადმი ასეთი დამოკიდებულებით ჩვენ თვითონ ვჭრით გზას.
არ მესმის, რატომ არ უნდათ, რომ ჩართული ვიყო ქართული ფეხბურთის პროცესებში.
- შემოდგომაზე ნაკრებს მომდევნო შესარჩევი ციკლი დაეწყება - ელოდები სასიამოვნო სიურპრიზებს?
- რაღაც შედეგის დაგეგმვა რთულია. იმედია, რომ ჩვენი ნაკრები კონკურენციას გაუწევს სხვა გუნდებს და ხელწამოსაკრავი მეტოქე არავისთვის ვიქნებით.
ზოგჯერ ფეხბურთელები ნაკრების თამაშამდე 3-4 დღით ადრე არკვევენ, როგორ უნდა იმგზავრონ ნაკრების შეკრებაზე მისასვლელად
- ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრებს სამი ისეთი ფეხბურთელი გამოაკლდა, ევროპის ელიტარულ ლიგებში რომ უთამაშიათ - კახა კალაძე, ალექსანდრე იაშვილი და ლევან კობიაშვილი. მწვრთნელის განკარგულებაში დარჩა რუსეთში, უკრაინაში, თურქეთში, პოლონეთში, საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელები - ეს ფაქტორი რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნია?
- ისეთი ნაკრებიც გვყავდა, სადაც ელიტარულ ლიგებში მოთამაშე ფეხბურთელები ვთამაშობდით, მაგრამ მნიშვნელოვანი შედეგებისთვის არ მიგვიღწევია. მთავარია, რომ ნაკრების ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში ლიდერები, გამორჩეული მოთამაშეები იყვნენ. ნაკრების ფეხბურთელი კლუბში განსხვავებული უნდა იყოს სხვებისგან.
გამოჩნდება კარგი ფეხბურთელი, წავა საზღვარგარეთ და ვიძახით, პერსპექტიულიაო, მაგრამ ხშირად ეს ფეხბურთელები წლების განმავლობაში რჩებიან პერსპექტიულებად. არ ვიცი, ეს რისი ბრალია, შესაძლოა, ისინი ფეხბურთით არ ცხოვრობენ. ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში წამყვან პოზიციებზე არ არიან.
- მწვრთნელის ფაქტორზე რას იტყოდი?
- მწვრთნელის ფუნქცია კოლექტივის შექმნა, გუნდისთვის მიმართულების მიცემაა და როცა ფეხბურთელთა კონტინგენტზეა ლაპარაკი, არ არის აუცილებელი, რომ ნაკრების ყველა მოთამაშე "ბარსელონას" ფეხბურთელი იყოს. თუმცა მხოლოდ მწვრთნელის ფაქტორზე ვერ იქნება გუნდი დამოკიდებული.
ზოგჯერ ფეხბურთელები ნაკრების თამაშამდე 3-4 დღით ადრე არკვევენ, როგორ უნდა იმგზავრონ ნაკრების შეკრებაზე მისასვლელად. მათი მხრიდან მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო.
რა დროს პრემიებია...
- ნაკრების კაპიტანმა ზურაბ ხიზანიშვილმა ახლახან პრემიების თემაც წამოჭრა და მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის ურთიერთობაზეც ისაუბრა. ალბათ, გაეცანი "ლელოს" ამ ინტერვიუს...
- ხიზანიშვილი გუნდის კაპიტანია და ცხადია, ანგარიშს უწევს მწვრთნელსაც და ფეხბურთელებსაც, ოღონდაც, როცა დათმობაზე ლაპარაკობს, ვერ მივხვდი, ეს ზოგადი ლაპარაკი იყო თუ კონკრეტული. მე რა მქონდა დასათმობი? ნაკრებში მე არასდროს დამიყენებია საკუთარი თავი სხვაზე მაღლა.
რაც შეეხება პრემიებს, საქართველოს ნაკრებში პრემიების თემის წამოწევა არასწორად მიმაჩნია, რადგან ნაკრებს ჯერ ისეთი არაფრისთვის მიუღწევია, პრემიებზე რომ ვისაუბროთ.
- წინა შესარჩევში საქართველომ ხორვატიას რომ მოუგო შენი გოლით, ესეც არაფერი იყო?
- ამ ეტაპზე არ მიმაჩნია სწორად პრემიებზე ლაპარაკი, თორემ ხიზანიშვილს ვეთანხმები იმაში, რომ თითქმის ყველა ნაკრებშია პრემიები და ეს საჭიროა.
- ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ლევან ყენიას თემა, რადგან თუ ის წარმატებით ათამაშდება კლუბში, ეროვნულ გუნდს კარგი ფეხბურთელი შეემატება. ყენიას "ზენიტში" ჩარიცხვა სათუო გახდა. არადა, მას შეეძლო, რომ ისევ გერმანიაში დარჩენილიყო...
- ყენიას "ჰერტა" იწვევდა, ბერლინელებს მისი გადმობირების დიდი სურვილი ამოძრავებდათ. მე თვითონ ვარ მომსწრე, "ჰერტამ" მას შეთავაზება რომ გაუკეთა. სხვას ვერაფერს გეტყვით, რაც მოხდა, ეს ყენიას გადაწყვეტილება იყო.
გული დამწყდა ჰუმელსზე
- დაბოლოს, ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების გამოსვლაზეც გკითხავ. იოახიმ ლიოვის გუნდი დიდ ტურნირებზე სულ მოწინავეთა შორისაა, მაგრამ ტიტულის მოპოვებას ვერ ახერხებს - რა რეაქცია აქვთ ამაზე გერმანიაში?
- იტალიასთან ნახევარფინალში მარცხის შემდეგ ლიოვს ცუდი პრესა ჰქონდა. სამაგიეროდ, მხარდაჭერა იყო გერმანიის საფეხბურთო კავშირიდან. საბოლოო ჯამში წარუმატებლობა უფრო იმ ფაქტორს დაბრალდა, რომ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებს გამარჯვებულის მენტალიტეტი ისე არ აღმოაჩნდათ, როგორც ამის მოლოდინი იყო.
მეტს ელოდნენ შვაინშტაიგერისგან. ლიოვს პოდოლსკის უნიათი თამაშის გამოც აკრიტიკებდნენ, იტალიასთან არასწორი ტაქტიკური გადაწყვეტილებები მიიღოო.
არ დაგიმალავთ და, მეც მეტს ველოდი გერმანიის ნაკრებისგან, ვამბობდი, ესპანეთის ნაკრების დამარცხებას მხოლოდ ლიოვის გუნდი თუ შეძლებს-მეთქი, მაგრამ...
გული დამწყდა ჰუმელსზეც. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, "დორტმუნდშიც" კარგი სეზონი ჩაატარა, მაგრამ იტალიასთან შეხვედრაში კასანოსთან ორთაბრძოლაში საბედისწერო შეცდომა დაუშვა...
ლევან კობიაშვილი: გზას ჩვენ თვითონ ვიჭრით (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილი: დღეებს ვითვლი, როდის გავა დისკვალიფიკაციის ვადა
ლევან კობიაშვილი: თავს დავდებ, რომ ვოლფგანგ შტარკს განზრახ არ შევხებივარ!
ლევან კობიაშვილი და საქართველოს ნაკრები: დაერეკათ და პირდაპირ ეთქვათ!
უკეთესია მეტი კორექტულობა. განა დადებითად შეიძლება ქართველი საამაყო ფეხბურთელის ასეთი გამოთქმებით მოხსენიება? თავი დავანებოთ ზედმეტ უკიდურესობას, თავი ნუ მოგვაქს ფეხბურთში დიდად ჩახედულ კაცად.