მუნდიალი 2014. მეტოქე: ბელარუსის რეპეტიცია - მოგება უკმაყოფილების ფონზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს თბილისში ბელარუსს უმასპინძლებს და მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევ ეტაპს დაიწყებს.

ამდენად იყო ჩვენთვის საინტერესო 15 აგვისტოს ერევანში გამართული მატჩი, სადაც გიორგი კონდრატიევის გაწვრთნილები სომხეთის მადააღძრულ ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 2:1 დაამარცხეს.

ბელარუსებმა ბორისოვოს "ბატეს" ნატურალიზებული ბრაზილიელის, რენან ბრესანის დუბლით გაიმარჯვეს: მან ანგარიში 44-ე წუთზე გახსნა, 56-ეზე სხვაობა ორამდე გაზარდა, 73-ე წუთზე კი ბელარუსთა ცენტრალურმა მცველმა დმიტრი ვერხოვცევმა ავტოგოლი მიითვალა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 2:1.

კონდრატიევმა ნაკრები 4-2-3-1 სქემით ათამაშა და ცხადია, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ბელარუსთა დამრიგებელი
საქართველოსთანაც იგივე განლაგებას გამოიყენებს.

ბელარუსი: ვერემკო (46. ჟევნოვი) - ბორდაჩევი (60. ვერეტილო), მარტინოვიჩი, ვერხოვცევი, ჟავრენჩიკი - ტიგორევი, კისლიაკი (46. დრაგუნი) - პუტილო (90+3. ბალანოვიჩი), ბრესანი (71. ხაჩატურიანი), ნეხაიჩიკი - კორნილენკო ( 46. კომაროვსკი).

"საქართველოში გამგზავრებამდე კავკასიაში ატმოსფერო დავზვერეთ და მეზობელ სომხეთს ვესტუმრეთ. უკეთეს მეტოქეს ვერც ვისურვებდით: სომხებსა და ქართველებს დაახლოებით თანაბარი ძალისა და სტილის ნაკრებები ჰყავთ. ასე რომ, საბრძოლოსთან მიახლოებულ პირობებში მაქსიმალურად შესაძლებელი იყო სექტემბრის მატჩის მოდელირება"
, - ეს სიტყვები კონდრატიევს ეკუთვნის.

თუმცა ბელარუსული გამოცემა "სპორტპანორამა" კონდრატიევს არ ეთანხმება და შემოთავაზებული წერილის ნაწყვეტიდანაც ჩანს, რომ ჩვენმა მომავალმა მეტოქეებმა საქართველოს ნაკრების მინუსები ჩინებულად შეისწავლეს:

"უკვე პირველივე წუთებიდან ნათელი გახდა, რომ სომხები სულ სხვა ფეხბურთს აჩვენებდნენ, ვიდრე ქართველები. სომხებმა შეხვედრა პირველივე წუთებიდან მაღალ ტემპში დაიწყეს და ძალიან სწრაფად თამაშობდნენ, მაშინ, როდესაც ქართველები პოზიციურად უტევენ და მოედნის ცენტრში ბურთს დიდხანს აყოვნებენ".

გამარჯვების მიუხედავად, ბელარუსთა ყველაზე პოპულარული გამოცემა "პრესბოლი" უკმაყოფილოა:

"ქართველებთან მატჩამდელმა გენერალურმა რეპეტიციამ არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა: მოვიგეთ, მაგრამ ნაკრების მომავალზე შეშფოთება წარსულს ვერ ჩავაბარეთ. დასაწყისში სომხები სწრაფად თამაშობდნენ, რამაც ჩვენი დაცვის სისუსტეები გამოაჩინა".

შეხვედრის მთავარი არბიტრი ფიფას ქართველი მსაჯი დავით ხარიტონაშვილი გახლდათ, ხაზის არბიტრები - ზაზა ფიფია და ლევან თოდრია, მეოთხე მსაჯი - ლევან კვარაცხელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი კონდრატიევი: ქართველები სომხებზე უფრო ტექნიკურები არიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული