დავით თარგამაძე: სწორედ ბელორუსთან თამაში იქნება გადამწყვეტი

AutoSharing Option
5 სექტემბრის საღამოს ვარჯიში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ჩაატარა.

გუნდს ყველაზე გვიან ფინური "ინტერ ტურკუს" თავდამსხმელი - ირაკლი სირბილაძე შეუერთდა, რომელმაც ფინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში დუბლი შეასრულა და მისმა გუნდმა სწორედ ქართველი ფორვარდის გოლების წყალობით მოიგო.

"ჯვაროსნები" დიდი მონდომებით ემზადებიან ბელორუსის ნაკრებთან შესახვედრად. ვარჯიშის შემდეგ ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველმა - დავით თარგამაძემ სფფ-ის ოფიციალური ვებგვერდისთვის მცირე კომენტარიც გააკეთა:

"ბელორუსის თამაშები ვნახეთ და შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ ძლიერი გუნდია. თან - აშკარად ძალიან პროგრესირებადი, რაც წლევანდელ ოლიმპიადაზეც დაამტკიცეს. სწორედ ბელორუსთან
თამაში იქნება გადამწყვეტი.

ახალ ციკლს საშინაო არენაზე ვიწყებთ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებული დასაწყისი.

მართალია, წინ ორი თამაში გვაქვს, მაგრამ ახლა მხოლოდ 7 სექტემბერზე ვფიქრობთ და არა ესპანეთზე. იქამდე ჯერ ერთი კვირაა.

რაც მთავარია, ყველა ჯანმრთელად ვართ და იმედია, სასურველ შედეგს მივაღწევთ. ყველამ ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და მჯერა, თავდადებით, კონცენტრაციითა და ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერით შევძლებთ, ხალხი გავახაროთ და ამით ჩვენც მეტად თავდაჯერებულები ვიქნებით"
- განაცხადა თარგამაძემ.

ბელორუსის ნაკრები გუნდი თბილისში 13:00 საათისთვის ჩამოვა. დღის მეორე ნახევარში კი მოვლენების ეპიცენტრი "დინამო არენაზე" გადაინაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი მატჩი საქართველოსა და ბელორუსის ნაკრებ გუნდებს შორის 7 სექტემბერს, 21:00 საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება. მატჩის დღეს ბილეთები ადგილზე, სტადიონის სალაროებში გაიყიდება.

მატჩს ბულგარელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება: მთავარი მსაჯი - სტანისლავ ტოდოროვი; ასისტენტები - ნიკოლაი ანგელოვი, ვენტისლავ გავრილოვი; მეოთხე ოფიციალური - ნიკოლაი იორდანოვი.

gff.ge

ასევე იხილეთ:
6 სექტემბერს ეროვნული ნაკრები ღია ვარჯიშს გამართავს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული