ბელორუსული მედია: რატომ ვიყავით თბილისში მოგებაში დარწმუნებულები?

AutoSharing Option
ბელორუსული მედია და გულშემატკივრები უკმაყოფილოები არიან. საქართველოს ნაკრებთან მარცხს გიორგი კონდრატიევის შეცდომებს მიაწერენ, მაგრამ ფეხბურთელებიც არ დაინდეს.

მათ უკმაყოფილებას იწვევს ის, რომ გიორგი კონდრატიევი კიდევ ათამაშებს 38 წლის ალექსანდრ კულჩის. ჯანი აღარ შერჩა და არაფერი გამოსდისო. არადა, კულჩი მათ რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

გულშემატკივრები წაგების მიზეზებზე მსჯელობენ:

* ვინ თქვა, რომ საქართველოს ნაკრები აუცილებლად უნდა დაგვემარცხებინა და რომ მათ ერთი თავით ვჯობდით? ტრაგედია მოხდა? არ დაგვავიწყდეს, თავად რა დონეზე ვართ. ვერ გაიტან და კარგად იყავი!

* კონდრატიევის დაცვითი ტაქტიკა უკვე
მაღიზიანებს. იმის ნაცვლად, რომ მეორე თავდამსხმელით შეტევა გაეძლიერებინა, უფერული დრაგუნი შეიყვანა.

* შეიძლება ძირითადში, უმთავრესად, უთამაშებელი ან მცირე სათამაშო პრაქტიკის მქონე ხალხის დაყენება? როგორ შეიძლება როდიონოვის მსგავსი მაღალი კლასის მოთამაშეთა იგნორირება და აქცენტის კორნილენკოზე გაკეთება?

ფაქტობრივად, ბატე-ს ფეხბურთელები ჩრდილში არიან, რომლებსაც ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით და შეთამაშების პრობლემა არ გააჩნიათ.

ჩვენი მწვრთნელების უკვე აღარ მესმის. ძირითადში ვხედავთ ტრავმამოშუშებულ ტიგორევს, პრაქტიკისა და "ფიზიკის" არმქონე ჟავნერჩიკს, მუდამ შეცდომებით მოთამაშე ვერხოვცევს, ნულოვანი სარგებლობის მქონე ნეხაიჩიკს და გერმანიაში ზრდაშეჩერებულ პუტილოს.

კონდრატიევს მინდა ვუთხრა: ეს ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში სათადარიგოებში ტყუილად არ სხედან და ეს იმის მაჩვენებელია, რომ ფიზიკურად და მორალურად მოუმზადებლები არიან.

* პრობლემა თავდასხმაშია. კორნილენკო მებრძოლი და მონდომებულია, მაგრამ მუდამ ცუდად არტყამს და ამოცანის დამოუკიდებლად გადაწყვეტა არ შეუძლია ისევე, როგორც ეს ოქრიაშვილმა გააკეთა.

როდესაც გამტანი თავდამსხმელი არ გვყავს, იქნებ ორი ფორვარდი დავაყენოთ და მეტოქეს მათი რაოდენობით მაინც ვაჯობოთ?

* რატომ ვიყავით ასეთი დარწმუნებულნი გამარჯვებაში? ქართველებს სულაც არ ჰყოლიათ ხელწამოსაკრავი ნაკრები.

* ბერნდ შტანგემ "სტად დე ფრანსზე" საფრანგეთს მოუგო. კონდრატიევისგან მსგავსის იმედი არ უნდა გვქონდეს, როდესაც საქართველოსთან ვაგებთ.

* ქართველების ბრძოლისუნარიანობა ჩემთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.

უკმაყოფილებას ნაკრების წევრებიც არ მალავენ და ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ. ასე მაგალითად, ბელორუსთა ნახევარმცველი ალექსანდრ კულჩი ამბობს:

"თითქოს რაღაც ეპიზოდებში უპირატესობა მოვიპოვეთ, პირველი ტაიმის ბოლოს კარგად ვითამაშეთ, მაგრამ რგოლებში სასურველი კავშირის დამყარება, გაშვებული ბურთის შემდეგ კი გადაწყობა ვერ მოვახერხეთ.

ტრავმირებულთა გამო ტაქტიკური კორექტივების განხორციელებაც შეუძლებელი აღმოჩნდა.

დავეთანხმები იმ აზრს, რომ პუტილო ბურთს ძალიან აყოვნებდა და ჩვენს შეტევებს აფერხებდა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვიტალი როდიონოვი: თორნიკე ოქრიაშვილი ჩემთვის აღმოჩენაა
goals.by: ოქრიაშვილი ნაკრების ბევრ გამოცდილ ფეხბურთელზე უკეთ გამოიყურებოდა
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული