მალტისთვის ქომაგებიც ემზადებიან

AutoSharing Option
იმ დროს, როდესაც თემურ ქეცბაია ეროვნულ ნაკრებს მალტასთან 8 ოქტომბრის მატჩისთვის ამზადებს, ქართველი ქომაგებიც სერიოზულ სამზადისშია არიან და იმედოვნებენ, რომ საქართველოს გუნდისთვის მეთორმეთე მოთამაშის როლს შეასრულებენ.

"ქართული სპორტის ქომაგები" - ეს ის ერთობაა, რომელიც ყველა სპორტულ სახეობაში საქართველოს ნაკრებებისა და კლუბების მხარდაჭერას აპირებს. ველაპარაკებით ქომაგთა შეკრების ერთ-ერთ ინიციატორ ამირან ურუშაძეს.

- ამირან, როდის გადაწყვიტეთ ფორუმელებმა მზის შუქზე გამოსვლა და გაერთიანება?

- ეს ყველაფერი სპონტანურად მოხდა. იდეა თასის წლევანდელი ფინალამდე დაიბადა, თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო აქამდე ვერ მოხერხდა მისი განხორციელება. ისრაელთან
ჩატარებული მატჩის შემდეგ, უკვე ძალიან სერიოზულად წამოვიდა ხალხისგან მოთხოვნა, რომ რაღაც ცივილიზებული ფორმით ჩამოვყალიბებულიყავით და 11 სექტემბერს 30-მდე კაცი შევიკრიბეთ. ძალიან ანთებულები ვიყავით, რადგან საქართველოში ორგანიზებული ქომაგობა არ არსებობდა და ამ საქმისთვის თავის მობმა გვსურდა.
ჩვენი სურვილია, საქრთველოში ორგანიზებული გულშემატკივრობა დავამკვიდროთ და მხარში დავუდგეთ არა მხოლოდ საფეხბურთო ნაკრებს, არამედ საერთაშორისო სარბიელზე მოასპარეზე ყველა სხვა სახეობების ეროვნულ გუნდსა და კლუბს. ყველგან გვსურს ორგანიზებულად, ეროვნული გუნდის მაისურებითა და დროშებით, საყვირებითა თუ ბარაბნებით მისვლა და მათი გამხნევება. ფეხბურთელებმა, კალათბურთელებმა, რაგბისტებმა და სხვა სპორტის წარმომადგენლებმა უმაყურებლობა არ უნდა იგრძნონ.
აშკარაა, ახლა ბევრად უფრო ორგანიზებულები ვართ, ვიდრე წინა მატჩებზე. საამისოდ, შეიქმნა ჩვენი ოფიციალური ლოგო, დაიწერა რამდენიმე მოკლე და გასაგები შეძახილი და "ლოკომოტივისა" და ეროვნულ სტადიონებზე რამდენჯერმე რეპეტიციები გავიარეთ. ჩვენ არც სპონსორი გვყავს, არც უკან მდგომი და არავინ არაფერს არ გვკარნახობს. უბრალოდ, ის ამბავი გვადარდებს, რომ ნაკრებს ბევრს ვთხოვთ, თავად გულშემატკივრობა კი დაბალი დონისაა. პასიურობა და ინდეფერნტული განწყობა არც გვეპატიება, თუნდაც ჩვენი ნაკრები თუ სპორტსმენი მარცხდებოდეს...

- ამჟამად რამდენი ადამიანი გაწევრიანდა?

- ჯერ მხოლოდ 130-მდე ქომაგია ჩვენთან, მაგრამ დასაწყსისისთვის ესეც კარგი მაჩვენებელია. დარწუნებული ვარ, როდესაც ხალხი ჩვენი არსებობის შესახებ შეიტყობს, ბევრად მეტი გულშემატკივარი ამოგვიდგება მხარში.

- როგორც შევიტყვეთ, დროშები და ფორმები დაამზადეთ.

- დიახ, ჩვენი სახსრებით ხუთიოდე დროშა და 100-მდე მაისური დავამზადეთ, ჩვენი ლოგოთი და განმასხვავებელი წარწერით "ქომაგი". მაისურების შეკვეთა ახალი წევრებსითვისაც შეიძლება და სასურველიცაა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს ეროვნული ნაკრების ფორმით. ქომაგთა ერთობის იდეა ხალხიდან უნდა იყოს წამოსული, მას ხელოვნურად ვერავინ ჩამოაყალიბებს. და რა სახეობაც არ უნდა იყოს, საქართველოს ნაკრებს ყველგან მხარში დავუდგებით. სპორტის დეპარტამენტისა და ფედერაციების დახმარება ელემენტარულად ინფორმაციების მოწოდებით დაგვჭირდება - წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომელი ნაკრები როდის და სად თამაშობს.

- მალტის ნაკრებთან მატჩისთვის სად იკრიბებით?

- ჯერ იმას გეტყვით, რომ ფედერაციამ 26-ე სექტორში 250 ცალი 5 ლარიანი ბილეთი დაგვიჯავშნა. ვისაც ჩვენთან ერთად სურს მატჩს დაესწროს და მხურვალედ უქომაგოს ეროვნულ ნაკრებს, ბილეთების საყიდლად ოთხშაბათს, 6 ოქტომბერს, 17 საათზე ეროვნული სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან ვიკრიბებით.
ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემოგვიერთდეს, რადგან ქომაგობის პრივატიზებას არ ვაპირებთ, ეს თითოეული ჩვენგანის საქმეა. რაც შეეხება 8 ოქტომბრის გეგმას, 16 საათზე რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმრო "რედისონ ივერიასთან" ვიკრიბებით. 17 საათზე მანქანებით და ავტობუსით მსვლელობას დავიწყებთ საბურთალოს და ვაკის მიმართულებით, შემოვტრიალდებით თავისუფლების მოედნისკენ და მსვლელობას 18 საათზე რკინიგზის სადგურთან დავამთავრებთ, სადაც გაჩერდება მანქანები და სტადიონისკენ ფეხით გავეშურებით. 18:30-ზე სტადიონთან შევიკრიბებით და სახეების მოხატვას შევუდგებით. თამაშამდე 1 საათით ადრე, 20 საათზე ავალთ ტრიბუნაზე, საბოლოო რეპეტიციას გავივლით და თამაშისთვის "ფორმას" ავკრეფთ. სტადიონის მეორე იარუსიდან გადმოვფენთ დიდ ბანერს, რომელზეც ჩვენი ლოგო და სლოგანი იქნება განთავსებული: "ბრძოლა, ჟინი, თავდადება, - მოგვიტანეთ გამარჯვება!"

მერაბ მამულაშვილი

P.შ. დაბოლოს: "ლელო" ლიტერატურული ალმანახი არაა, მაგრამ ვფიქრობთ, გაზეთს არავიზე ნაკლებად არ ევალება იმ ინფორმაციის ტირაჟირება, რომელიც ორგანიზებულ ქომაგობას ხელს შეუწყობს, ეს კი თავისთავად ეროვნული ნაკრების დახმარებასაც ნიშნავს.
ამირან ურუშაძემ გადმოგვცა ორგანიზებული შეძახილების რამდენიმე ვარიანტი, რომლითაც ეროვნული გუნდის გამხნევებას შეეცდებიან.

შეძახილები
1.
საქართველო, ოლეე,
საქართველო ლეოლეე...
გამარჯვება, ოლეე,
გამარჯვება ჩვენს ბიჭებს!
შეძახილი ტაშით: სა-ქა-რთვე-ლო! სა-ქა-რთვე-ლო! სა-ქა-რთვე-ლო! (3-ჯერ)
2.
ნაკრების ფეხბურთელებს
ქეცბაია თავკაცობს.
დაგპირდებით ბიჭებო,
არ დაგტოვებთ არასდროს!!!
3.
არ გვინდა რომ ჩვენს გრაფაში
იყოს მარტო ნოლი,
ამიტომაც გავიტანოთ:
გოოლიიი, გოოლიიი!!!
4.
ყველანი ველოდებით
გოლს, გოლს, გოლს!
საქართველოს გაუმააააარ-
ჯოს! ჯოს! ჯოს!!!

ყოველდღიური გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული