როგორც უნდა იყოს, ნაკრების პატრონი ფედერაციაა და საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ დაწესებულებაში ჩვენი უპირველესი გუნდის შესახებ.
"ლელოს" რესპონდენტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე გახლავთ. ის უკვე გამოცდილი ჩინოვნიკია, კარგა ხანია, რაც ამ თანამდებობაზე მუშაობს.
ძმათაგან უფროს არველაძეს ფეხბურთელობასა და ჩინოვნიკობას შორის სხვა შუალედიც ჰქონდა - თბილისის "დინამოს", "ლოკომოტივის" და ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. მას
მაშ ასე, ჩვენს კითხვებს ფედერაციის გენმდივანი პასუხობს.
- ბელორუსი და ესპანეთი - რა შთაბეჭდილება დაგრჩათ ჩვენს ეროვნულ ნაკრებზე ამ მეტოქეებთან მატჩის შემდეგ? რა პერსპექტივა დაინახეთ?
- ბელორუსთან თამაშის შემდეგ კმაყოფილი, აბა, ვინ არ დარჩებოდა, ჩვენ ხომ მოვიგეთ ის შეხვედრა. ესპანეთთან თამაშს რაც შეეხება, შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნებით, თუმცა შესაძლებელი იყო, რომ ჩვენთვის გაცილებით უარესი სცენარითაც წარმართულიყო ყველაფერი.
გული ძალიან დამწყდა, იქიდან გამომდინარე, რომ შეხვედრის ბოლო წუთებზე დავთმეთ თამაში.
როცა კენჭისყრამ ამ ჯგუფში ყოფნა გვარგუნა და კალენდარიც გაირკვა, ვიღაც-ვიღაცებს ჯანსაღი პესიმიზმი ჰქონდათ - ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ, ჯგუფიდან გასვლა შეუძლებელია. ვფიქრობ, დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა. საქართველოს ნაკრები ამ შესარჩევში მომდევნო ორ შეხვედრასაც რომ ითამაშებს, მერე უფრო ადვილი იქნება იმის თქმა, თუ რა პერსპექტივა აქვს ამ გუნდს.
რა შეგვიძლია ჩვენს უშუალო კონკურენტებთან - ამის დასანახავად მომდევნო ორი მატჩის მიხედვითაც ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.
ისე, ესპანეთთანაც გამოჩნდა, ამ ნაკრებს რაც შეუძლია: მიუხედავად გუნდებს შორის არსებული სხვაობისა, საქართველოს ნაკრებმა მაღალ დონეზე, ღირსეულად ითამაშა.
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობა ეროვნული ნაკრების შედეგებით უნდა შეფასდეს - ეს თქვენი ოპონენტების აზრია მხოლოდ, თუ ეს ასეც უნდა იყოს?
- ფედერაციის საქმიანობის შეფასება ეროვნული ნაკრების შედეგებზეც არის დამოკიდებული - ამას ნამდვილად ვერ გავექცევით. თუმცა, პირველი ნაკრების გარდა, არის ასაკობრივი ნაკრებებიც.
ეროვნული ნაკრები ახლა ისეთ ჯგუფშია, რომ ნებისმიერი დონის გუნდს გაუჭირდებოდა წარმატების მიღწევა.
რა თქმა უნდა, მწვრთნელის დანიშვნიდან დაწყებული, სხვა ფაქტორებით დამთავრებული, ნაკრების ავან-ჩავანზე ფედერაცია არის პასუხისმგებელი. კონკრეტულად ნაკრების შედეგს რაც შეეხება, ფედერაცია იმხელა დოზით არ არის ამაზე პასუხისმგებელი, რა დოზითაც მწვრთნელი.
- წინა შესარჩევ ციკლში ჩვენი ნაკრები ხელმოცარული დარჩა. როგორ ფიქრობთ, ბელორუსთან და ესპანეთთან მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიას პოზიციები შედარებით მყარი გახდა?
- როცა ქეცბაიას ახალი კონტრაქტი შევთავაზეთ, ბევრი არ გვიფიქრია. რაც შეეხება მის ახლანდელ პოზიციებს, ამ ორი თამაშით ამაზე საუბარი მართებულად არ მიმაჩნია, შესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგ დასკვნის გამოტანა უკეთესი იქნება.
- საქართველოს ეროვნული ნაკრების სათამაშო სტილი თითქმის უკვე ჩამოყალიბებულია. ეს სტილი არ ჰგავს იმ სათამაშო კონცეფციას, რომელსაც ჩვენი 19 და 21-წლამდელთა მწვრთნელები იყენებენ. როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი ერთიან სისტემაში არ უნდა იყოს მოქცეული?
- ყველას საკუთარი ხედვა და ფეხბურთელთა კონტინგენტი ჰყავს, რომლის მიხედვითაც ირჩევს სათამაშო სტილსა და ტაქტიკას. მაგალითად, ალექსანდრე ჩივაძე ისე არ ათამაშებს ახალგაზრდულ ნაკრებს, როგორც ჩვენი პირველი გუნდი თამაშობს.
დეტალურად არ მსურს მწვრთნელის საქმიანობაზე საუბარი. ფეხბურთის ფედერაცია ვერც ერთ მწვრთნელს ვერ მიუთითებს, თუ როგორ ათამაშოს გუნდი. ისე კი, კარგი იქნებოდა, საქართველოს ყველა ნაკრები ერთი სისტემით რომ თამაშობდეს.
- უნდა ჰქონდეთ თუ არა პრემიები საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს - ამ საკითხის გაჟღერებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. როგორია ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია?
- იყო დრო, როცა ფეხბურთის ფედერაცია ამ საკითხზე სერიოზულად ფიქრობდა. მაშინ ეს ყველაფერი ჩვენი ნაკრების ჯგუფიდან შესაძლო გასვლასთან იყო დაკავშირებული. თუ გახსოვთ, საქართველოს ნაკრების ჯგუფში რუმინეთიც რომ იყო, ამ მეტოქესთან შინ თამაში ბევრ რამეს წყვეტდა - მაშინაც იყო დაწესებული პრემიები.
პრემიების საკითხი ტაბუდადებული თემა არ უნდა იყოს. პრემიები რომ არ არის დაწესებული, ამით ფეხბურთის ფედერაცია ფულს ზოგავს - მერწმუნეთ, ეს ასე არ არის.
ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ ნაკრების ფეხბურთელებისთვის პრემიების საშუალება გაჩნდება, მაგრამ ეს ვერ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი მოტივაციისთვის. რა ფული და პრემია შეედრება იმას, რა თავდადებაც იყო ესპანეთთან შეხვედრაში? ჩვენს ფეხბურთელებს პრემიები რომ ჰქონოდათ, უკეთ ითამაშებდნენ?
- ფეხბურთში მოვლენები სწრაფად იცვლება, მთელ რიგ ნაკრებებში უკვე გამოძახებაზეც კი ფულს უხდიან ფეხბურთელებს...
- ზოგ ქვეყანაში მართლაც ასე ხდება - ფედერაცია ნაკრების ფეხბურთელებთან კონტრაქტს აფორმებს. არ ვამბობ იმას, რომ მსგავსი რამ ჩვენთან არ უნდა იყოს, უბრალოდ, ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განხილულა. შესაძლოა, ეს თემა აქტუალური გახდეს. ფედერაცია, მწვრთნელი და ფეხბურთელები - თუ საჭირო გახდება, ამ საკითხზე დავილაპარაკებთ.
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უახლოეს გეგმებზე რას გვეტყვით, ყველაზე აქტუალური რა საორგანიზაციო საკითხებია ამ დროისთვის?
- ვემზადებით ჩვენი 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების შესარჩევის მატჩებისთვის. თითქმის გადაწყვეტილია, რომ 16 ოქტომბერს ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები შინ დანიელ თანატოლებს შეხვდება.
- უეფას ჰეთ თრიკის პროგრამას რა მიზნებისთვის გამოიყენებს ფეხბურთის ფედერაცია?
- ჰეთ თრიკის ამ პროგრამას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის რეკონსტრუქციისთვის გამოვიყენებთ, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი ვერ იქნება ამ არენის სრულად განახლებისთვის.
ოთხ წელიწადში 3 მილიონი ევრო უეფას თითოეული წევრი ასოციაციისთვის - ასეთია ამ პროგრამის ღირებულება. ეს თანხა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხოლოდ ერთ პროექტს არ მოხმარდება.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის გარდა, რეკონსტრუქცია გაუკეთდება ფედერაციის ბაზას ლაგოდეხში, "მიხეილ მესხის" გვერდით არსებული მოედნის ბაზაზე ახალ, პატარა სტადიონს ვაკეთებთ თავისი გასახდელებით და დანარჩენი ინფრასტრუქტურით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]