საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა დაგვანახა ის, რითაც ფასობს ფეხბურთი - მოულოდნელობის ფაქტორი. აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებს ასე გაუჭირდებოდა ჩვენი ეროვნული გუნდის დამარცხება?! (იხილეთ ვიდეო)

ამ ყველაფერს კი შეძლება უნდა. ალექსანდრე ამისულაშვილის დარტყმა ძელის მაგივრად ბადეს რომ მისწვდომოდა, ესპანეთი თამაშის შემომბრუნებელი ან იქნებოდა და ან არა.

კი ბატონო, ეს უკვე მარჩიელობაა, მაგრამ ესპანელებიც ადამიანები არიან და მათაც აქვთ ნერვები - გამალებით რომ უტრიალებ მეტოქის კარს და ბურთს ვერსად რომ ვერ აძვრენ, ამის მონელება არცთუ იოლია.

თემურ ქეცბაიას გუნდი თავს კარგად
იცავდა. საქართველო ყრუ დაცვაში იჯდა და ესპანეთის ნაკრებთან ეს არ არის სამარცხვინო. ჩვენს ფეხბურთელებს სხვა გზა არც ჰქონდათ.

Sportall.Ge

მეკარე იქნებოდა თუ მცველი, გრძელი პასი უნდა შეესრულებინა ლევან მჭედლიძის ან თორნიკე ოქრიაშვილის მისამართით - ეს იყო საქართველოს ნაკრების სტრატეგია შეტევაში, უმეტესად ასე ვითარდებოდა ჩვენი გუნდის მოქმედება მეტოქის კარისკენ.

თუმცა იყო ერთი-ორი სხვანაირი იერიშიც.

პირველი ოვაციები ტრიბუნებს მაშინ მოსწყდა, როცა გიორგი ლორიამ ბურთი აუტზე გადააგდო. კარგად გამოჩნდა, რომ გულშემატკივარი თავიდანვე შეგუებული იყო ჩვენი ნაკრების ზედმიწევნით დაცვაზე ორიენტირებულ თამაშს.

ზურაბ ხიზანიშვილმა კარგად წაიკითხა ანდრეს ინიესტას სვლა და ესპანელთა ერთ-ერთი მწვავე იერიშიც ჩაიშალა; ჩავი ერნანდესის კუთხურს სერხიო რამოსმა დაუხვედრა თავი და გიორგი ლორიამ ბურთი ხელებში გააქვავა.

თორნიკე ოქრიაშვილმა ორ მოწინაღმდეგესთან ბრძოლაში იმარჯვა და ბურთიანად რამდენიმე მეტრი ირბინა - საქართველოს ნაკრებმა თითქოს ძალა ირწმუნა, ესპანეთს და გადაჭედილ სტადიონს აჩვენა, რომ აზრიანად, უნარიანად ბრძოლა შეუძლია.

Sportall.Ge

ქეცბაიამ
7 სექტემბერს ბელორუსთან მატჩის შემადგენლობა შეცვალა. მარჯვენა ფლანგზე გურამ კაშიას ნაცვლად უჩა ლობჟანიძე დააყენა, კაშია კი საყრდენ ნახევარმცველად გაამწესა.

დაცვის მარცხენა ფლანგი გია გრიგალავას ნაცვლად დავით კვირკველიას ჩააბარა. საქართველოს აკლდა გრიპმოხდილი ჯანო ანანიძეც.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს მატჩი ომი უფრო იყო, ვიდრე სხვა რამე. პირველ ტაიმში ჩვენი გუნდი თერთმეტი შეფიცულივით იდგა და ესპანეთმა ძვრა ვერ უყო.

დავიდ სილვას დარტყმა ძელმა აისხლიტა, ჩავის დარტყმა ცხრიანიდან ჩამოხსნა ლორიამ, რობერტო სოლდადო ლორიასთან პირისპირ დარჩა და ჩვენს მეკარეს ვერ აჯობა...

ჩვენებმა ესპანელთა შემოტევებს ვაჟკაცურად გაუძლეს.

ლორია! ლორია! ტრიბუნებმა ჩვენი მეკარე გააკერპეს. გიორგი მართლაც ძალიან თავდაჯერებულად, ლაღად და ოსტატურად თამაშობდა.

წინ მეორე ტაიმი იყო და კითხვა, თუ სადამდე გავუძლებთ ეპანელთა შემოტევებს.

საქართველოს ნაკრებს არაფრის შეცვლა არ შეეძლო, თუმცა იყო იმედი, რომ ესპანეთი დაცვაში შეცდომას დაუშვებდა და იქნებ ეს საჩვენოდ გამოგვეყენებინა.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრებს ოდითგანვე ახასიათებდა თამაშის ფეთქებადი სტილი, რაც მას აქამდეც აქვს შემორჩენილი. ჩვენმა გუნდმა ეს ესპანეთთან მოახერხა.

დავით თარგამაძე კარგად გაიჭრა მარჯვენა ფლანგზე, კარის გასწვრივაც საკმაოდ სახიფათოდ ჩააწოდა და სერხიო რამოსმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ოქრიაშვილი ერთხელაც გამოირჩა ინდივიდუალური თამაშით, მარცხენა ფლანგზე გაათრია ბურთი და ჯარიმაც მოიპოვა, რითაც თავისი გუნდი ამოასუნთქა მოწინააღმდეგის წნეხური შეტევებისგან.

Sportall.Ge

და ნანატრი აფეთქებაც: ესპანელთა იერიში მათივე ნახევარზე ალღოიანად ჩაშალა ხიზანიშვილმა. საქართველომ მხნედ შეუტია, სტუმართა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა. ბურთი ალექსანდრე ამისულაშვილს ისე მიუვიდა, რომ საყვარელ ცაციაზე კარგად მოაჯდა და... ძელი!

საქართველომ ესპანეთთან ასპროცენტიანი საგოლე მომენტი გაანიავა.

კასორლა, პედრო, ფაბრეგასი, ...ვისენტე დელ ბოსკე იძულებული გახდა, შეტევა გაეძლიერებინა.

დრო გადიოდა, ესპანეთი გამალებით უტევდა, თუმცა საგოლე მომენტებს ვეღარ ქმნიდა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს საქართველოს ნაკრებთან გაუჭირდა.

მოედანი და ტაბლო, ქომაგი უკვე ზევით-ქვევით იყურებოდა.

Sportall.Ge

ამასობაში ლორია ისე დაშავდა, შესაცვლელი გახდა. მისი ადგილი როინ კვასხვაძემ დაიკავა. ის თავდაჯერებულად გავიდა მოედანზე, გულმაც რეჩხი აიცილა, - კვასხვაძეს შიშის ნატამალიც არ ეტყობოდა.

საქართველომ კიდევ რამდენიმე წუთი გაძლო. შეხვედრის დასასრული ახლოვდებოდა, მაგრამ არა, ესპანეთმა მაინც გაგვტეხა - ჩვენი დაცვითი ზღუდე მოირღვა და სოლდადომაც აუღებელი დაურტყა კვასხვაძეს.

Sportall.Ge

დრო ცოტაღა იყო დარჩენილი და საქართველომაც მოასწრო მორიგი გაბრძოლება: შეცვლაზე შესული ირაკლი სირბილაძე არცთუ ურიგო პოზიციიდან ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას, თუმცა მის დარტყმას მცველი გადაეფარა.

საქართველოს ნაკრებს ძალიან აკლია ისეთი ფეხბურთელები, ბრძოლის გარდა, თამაშიც რომ კარგად გამოსდით. ძლიერ მეტოქესთან შეხვედრა ხელისგულზე დადებულივით გვაჩვენებს, ვინ რისი მაქნისია.

Sportall.Ge

ბურთის ამოტანა და გაგორება მცველსაც უნდა შეეძლოს და საყრდენ ნახევარმცველსაც. ასეთი კი ჩვენს ნაკრებში ძალიან ცოტაა.

შესაძლოა, უკეთესი სელექციის პირობებში საქართველოს ნაკრების თამაში შეიცვალოს, მაგრამ ფეხბურთელთა არჩევანი მცირეა. ასეთი თამაშით კი მოგება ნამდვილად შეიძლება და ქეცბაიას გუნდმა ეს არაერთხელ დაამტკიცა, ოღონდაც ასეთი თამაშით ძალიან ბუნდოვანია ჩვენი ნაკრების პერსპექტივა.

Sportall.Ge

ბრძოლას, სათამაშო დისციპლინას ძალიან ბევრი შეუძლია. გულშემატკივარმა საქართველოს ნაკრებს გარჯა ტაშით დაუფასა და ქეცბაიას გუნდმა ეს მართლაც დაიმსახურა. მოედანზე ნანახი ამ გუნდის მაქსიმუმს ჰგავდა. ფეხბურთელიც ადამიანია და მისი შესაძლებლობები უსაზღვრო ვერ იქნება.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. I ჯგუფი. მეორე ტური
11 სექტემბერი. თბილისი, სტადიონი "დინამო არენა"
საქართველო - ესპანეთი 0:1 (0:0)
(იხილეთ ვიდეო)
გოლი: სოლდადო (86)

საქართველო:
ლორია (კვასხვაძე 72), ლობჟანიძე, კვირკველია, კაშია, ამისულაშვილი, ხიზანიშვილი, კანკავა (კაპ), დაუშვილი, თარგამაძე (ძალამიძე 64), ოქრიაშვილი, მჭედლიძე (სირბილაძე 79)
მთ.მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

ესპანეთი: კასილიასი (კაპ), პიკე, ალონსო, რამოსი, ალბა, ინიესტა, ჩავი, ბუსკეტსი (პედრო 57), არბელოა (ფაბრეგასი 80), სილვა (კასორლა 64), სოლდადო
მთ.მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

მსაჯი: სვეინ ოდივარ მოენი

საფრანგეთი-ბელარუსი 3:1 (იხილეთ ვრცლად)
გოლები: 1:0 კაპუე (46), 2:0 ჟალე (68), 2:1 პუტილო (72), 3:1 რიბერი (80)

სატურნირო ცხრილი

გუნდი
1. საფრანგეთი
2 2 0 0 4-1 6
2. ესპანეთი 1 1 0 0 1-0 3
3. საქართველო 2 1 0 1 1-1 3
4. ფინეთი 1 0 0 1 0-1 0
5. ბელარუსი 2 0 0 2 1-4 0

მომდევნო მატჩები
12 ოქტომბერი
ფინეთი-საქართველო
ბელარუსი-ესპანეთი

16 ოქტომბერი
ბელარუსი-საქართველო
ესპანეთი-საფრანგეთი

მატჩის შემდეგ:
თემურ ქეცბაია: ამ ბიჭებისგან აშენდება გუნდი, რომელიც საქართველოს გაახარებს
გურამ კაშია: რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ
თორნიკე ოქრიაშვილი: ესპანელებთან მატჩში ბოლომდე ვიბრძოლეთ

დავით თარგამაძე: ჩვენი დავალება იყო, დაცვითი ფეხბურთი გვეთამაშა

სერხიო რამოსი: ქართველების ტაქტიკამ და მინდორმა საქმე გაგვიჭირა
რობერტო სოლდადო: ქართველებმა საკუთარ საჯარიმოსთან გაუვალი კედელი ააგეს

ასევე იხილეთ:

საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
შემტევი ფეხბურთი რომ გვეთამაშა დიდი ანგარიშით შეიძლება წაგვეგო, მერე იტყოდნენ დაცვითი ტაქტიკა უნდა აერჩია, ქეცბომ ყველაფერი გააკეთა ეს თამაში რომ არ წაგვეგო..
merabi
10:51 13-09-2012
0
კი ბატონო ესპანელებს დიდი ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ მათ საგოლე რეალური 4 მომენტი შექმნეს ქართველებმა კი 2.ტაქტიკა სწორი იყო. როცა კობახიძე გვეყოლება, ჭანტურია და ყაზეიშვილი დაღვინდებიან და გუნდი შეთამაშდება, შესაძლოა უფრო კარგი, აგრესიული, ოღონდ მაინც კონტშეტევის ფეხბურთი ვეთამაშოთ, თუნდაც როგორიც იტალიამ ჩემპიონატის პირველ მატჩში, თორემ თამაშის სრულმა გახსნამ რაც მოუტანა გერმანიის და განსაკუთრებით ინგლისის გამაფარჩაკებელ იტალიას ყველამ ვნახეთ
pelazgi
01:18 13-09-2012
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული