მალტისთვის ფრე გამარჯვების ტოლფასია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ვარჯიშის დასრულების შემდეგ უკვე მალტელთა ჯერი დადგა. სტუმრები ეროვნული სტადიონის გაზონზე ზუსტად დღევანდელი თამაშის დაწყების დროს, ანუ საღამოს 9 საათზე გავიდნენ. ვერ დავიჟინებთ, რომ მალტის ნაკრების სრული წვრთნის ხილვა ძალიან გვსურდა, არც ის ვიცით, ასეთი რა ჰქონდათ დასამალი, მაგრამ ფაქტია, რომ კუნძულელებმა თბილისში ჩატარებული ყველა ვარჯიში უცხო თვალისთვის საწყისი 15 წუთის შემდეგ დახურეს.

რაკი ამ პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებული არაფერი გვინახავს, პირდაპირ პრესკონფერენციაზე გადავინაცვლოთ, რომელიც "ბორის პაიჭაძეზე" მალტის ეროვნული გუნდის ვარჯიშამდე გაიმართა
და ჩვენს წინაშე სტუმართა თავკაცი ჯონ ბუტიგეგი და მათი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი, თავის დროზე გერმანულ "კაიზერსლაუტერნში" ნათამაშები მიქაელ მიფსუდი წარსდგნენ.

ჯონ ბუტიგეგი:
- ამ მატჩს მოუთმენლად ველით. წყვილის უდავო ფავორიტი რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებია, მაგრამ წარმატების იმედი მაინც გვაქვს. გულის სიღრმეში ყოველთვის გამარჯვებაზე ვფიქრობთ, მაგრამ რეალობას ობიექტურად ვუყურებთ და ჩვენთვის ფრე გამარჯვების ტოლფასი იქნება.

- მალტასა და საქართველოს შორის შარშან გამართული მატჩის შემდეგ თქვენს გუნდში ბევრი რამ შეიცვალა?
- მას შემდეგ წელიწადი გავიდა და ჩვენი ნაკრების შემადგენლობა გარკვეულწილად მართლაც შეიცვალა.

- როგორი წარმოდგენა გაქვთ საქართველოს ნაკრებზე და ვის გამოარჩევდით ამ გუნდის შემადგენლობიდან?
- საქართველოს ჰყავს კალაძე და სხვა ძლიერი გამოცდილი ფეხბურთელები, მაგრამ მე განსაკუთრებულ საფრთხეს იმ ახალგაზრდებისგან ველი, რომელიც საქართველოს ნაკრებში სულ ახლახანს დამკვიდრნენ და მისთვის უკვე დიდ ძალას წარმოადგენენ.

ბუტიგეგს შვედმა ჟურნალისტმა ჰკითხა, გაქვთ თუ არა ჯგუფიდან გასვლის იმედიო, მალტელთა დამრიგებელმა კი მას კითხვა შეუბრუნა, ამას სერიოზულად მეკითხებითო? დადებითი პასუხის მოსმენის შემდეგ კი თქვა, რომ მალტისნაირ პატარა ქვეყანას ფინალურ ეტაპზე გასვლის იმედი არ უნდა ჰქონდესო.

მიქაელ მიფსუდი:
- როგორ აფასებთ მალტის ნაკრების მიერ ჩატარებულ ბოლო მატჩებს?
- ისრაელთან ძალიან ცუდად ვითამაშეთ და სამართლიანად დავმარცხდით, აი ლატვიასთან კი ურიგოდ არ გამოვიყურებოდით და შეგვეძლო, ფრისთვის მაინც მიგვეღწია.

- რამდენი ხანი გაგრძელდება თქვენი უკლუბოდ ყოფნა?
- ამჟამად მხოლოდ ნაკრების შეხვედრებზე ვარ კონცენტრირებული, რის შემდეგაც ამ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებ.

მალტელმა ჟურნალისტებმა საკუთარი ქვეყნის ნაკრების ის სავარაუდო შემადგენლობა გვითხრეს, რომელსაც ბუტიგეგი დღეს ჩვენს წინააღმდეგ ათამაშებს: ჰოგი – ერერა, კარუანა, აგიუსი, მამო – ბრიფა, პეისი, პენეჩი, ბაიადა – შკემბრი – მიფსუდი.

ზემოთ შვედი ჟურნალისტები ვახსენეთ და ცოტა უცნაურად მოგვეჩვენა, რიქარდ ოდოგრიპი და კამილა კვარნტოპი საკონფერენციო დარბაზში სამ მალტელ კოლეგასთან ერთად რომ ვიხილეთ. როგორც გავარკვიეთ, სკანდინავიელი წყვილი თბილისში პირად საქმეზე ჩამოსულა, მაგრამ ამასთანავე, საქართველო-მალტის მატჩის სრულყოფილად გაშუქებაც გადაუწყვეტია. ამაზე მეტად კი ისინი ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შეხვედრებითა არიან დაინტერესებულნი. ალბათ მიხვდით, თბილისში ჩასატარებელ ჯგუფის შეხვედრებს ვგულისხმობთ, რომელიც 18 ოქტომბერს დაიწყება და ჩვენი ერთ-ერთი მეტოქე შვედეთი იქნება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული