საქართველოს ნაკრებმა კაცნაკლულ ფინელებთან გამარჯვება ვერ შეძლო [VIDEO]

AutoSharing Option
12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, მესამე ტურის შეხვედრა სტუმრად ფინეთის ეროვნულ გუნდთან გამართა.

მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში დაწინაურება ქართველმა ფეხბურთელებმა შეძლეს, რის შემდეგაც მეტოქე კაცნაკლული დარჩა, შეხვედრა მაინც ფრედ 1:1 დასრულდა (იხილეთ ვიდეო).

გოლის გატანა თემურ ქეცბაიას შეგირდებმა თამაშის 56-ე წუთზე, კუთხურიდან ჩამოწოდების შემდეგ შეძლეს - თარგამაძის დარტყმულს, თავი გურამ კაშიამ შეაგება, რის შემდეგაც ბურთი რიკოშეტით მასპინძელთა კარში აღმოჩნდა.

ორიოდე წუთში ფინელთა მდგომარეობა კიდევ უფრო
დამძიმდა - მსაჯმა ალექსეი ერემენკოს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა საქართველოს ნაკრების კარის დალაშქვრა და ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლეს - 63-ე წუთზე ჰიამიალაინენმა ჯერ ხიზანიშვილი გააცურა, შემდეგ კი მახვილი კუთხიდან წინ გამოსულ რევიშვილს ახლო ძელთან გაუტანა - 1:1.

დარჩენილ დროში ქართველმა ფეხბურთელებმა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს და შეხვედრა საბოლოოდ ფრედ დასრულდა.

მომდევნო მატჩს თემურ ქეცბაიას შეგირდები 16 ოქტომბერს, სტუმრად ბელორუსთან გამართავენ, რომელიც თავის მხრივ 12 ოქტომბერს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.

მინსკში გამართულ მატჩში ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდებმა მასპინძლებს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს. ბელორუსთა რბევას სათავე ხორდი ალბამ მე-12 წუთზე დაუდო, მის შემდეგ კი პედრო როდრიგესმა გაილაღა, რომელმაც მეტოქეს 21-ე, 69-ე და 72-ე წუთებზე გაუტანა.

16 ოქტომბერს ესპანელები შინ ფინეთის ნაკრებს უმასპინძლებენ.

იხილეთ მატჩის ტექსტური ტრანსლაცია
მკითხველის კომენტარები / 1 /
ღმერთი გვეხმარებოდა მაგრამ მაინც ვერ მოვიგეთ.
არ რცხვენიათ მაინც?
koko
22:49 12-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული