ბელორუსში იმედგაცრუებაა: საქართველოსაც თუ ვერ მოვუგეთ, ცუდადაა ჩვენი ამბავი

AutoSharing Option
ბელორუსის ეროვნული ნაკრები 12 ოქტომბერს მინსკში ესპანეთთან 0:4 განადგურდა და 3 ტურის შემდეგ 5-გუნდიან I ჯგუფში ერთადერთია, რომელსაც ქულაც არ დაუგროვებია.

არადა, ციკლის დაწყებამდე ბელორუსები იმედიანად იყვნენ განწყობილნი: ნაკრებს სათავეში ჩაუდგა გეორგი კონდრატიევი, რომლის ხელმძღვანელობითაც ქვეყნის 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა და ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა.

კონდრატიევმა ნაკრებში ამ ნიჭიერი თაობიდან ბევრი მოთამაშე დააწინაურა და სლავები ვარაუდობდნენ, რომ ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში ახალი ეპოქა იწყებოდა და რომ არათუ საქართველოსა და ფინეთს ჩამოიტოვებდნენ, არამედ ფავორიტებს, ესპანეთსა და საფრანგეთს ღირსეულ წინააღმდეგობას
გაუწევდნენ.

ახლა ბელორუსში სრული იმედგაცრუება სუფევს: 3 შეხვედრაში სამი წაგება, 1 გატანილი და 8 გაშვებული გოლი გამაღიზიანებელი ფაქტორი აღმოჩნდა და ქვეყნის საფეხბურთო სამყაროში დიდი ვნებათაღელვაა, საქართველოსაც თუ ვერ მოვუგეთ, ცუდად ყოფილა ჩვენი ამბავიო.

"წლის ორთაბრძოლა" - ასე მონათლა ინტერნეტ-გამოცემა goals.by-მ 16 ოქტომბრის შეხვედრა:

"ქართველებთან მატჩი გვაჩვენებს, რამდენად საფუძვლიანია ჩვენი პრეტენზია, რომ ჯგუფში მესამე ადგილს ვიმსახურებთ. ყველაფერი მარტივად არის - თუ კიდევ წავაგეთ, სამხრეთელებს შვიდი ქულა დაუგროვდებათ, ჩვენ კი ნულის ამარა დავრჩებით.

ასეთ შემთხვევაში, მომავალი წლის 7 და 11 ივნისს ფინელებთან შეხვედრები მხოლოდ ჯგუფში მეოთხეადგილოსანს გაარკვევს.

ეს ძალიან დასანანი იქნება. ისეთი წინათგრძნობა გვაქვს, რომ სახლში ქართველები ფინელებს არ მოერიდებიან, ფრანგები და ესპანელები კი "თავის" ქულებს არ დაკარგავენ.

"ფურია როხასთან" დამარცხება კატასტროფა არ ყოფილა, მაგრამ მთავარია, 16 ოქტომბერს არ დატრიალდეს ტრაგედია და საქართველოსთან არ შევრცხვეთ. ამჯერად ჩვენ თანაბარი კლასის მეტოქე დაგვიპირისპირდება".

იმავე პორტალის კიდევ ერთ წერილში კი ვკითხულობთ:

"ალბათ, საქართველოსთან ბრესანი და პავლოვი უფრო მეტს ითამაშებენ და ალექსანდრ გლებთან ერთად, შეტევის საკმაოდ საინტერესო ჯგუფს ჩამოაყალიბებენ. იქ კი უნდა ვანახოთ ის ფეხბურთი, რასაც კონდრატიევის გუნდისგან ველით.

ჩვენი უბედურება ის არის, რომ ციკლის დაწყებამდე უსაფუძვლო იმედები გვქონდა. ეს კონდრატიევის ბრალია.

მან თავიდანვე ისეთი რიტორიკით დაიწყო, ნაკრებს სტილს შეუცვლიდა და შემტევ ფეხბურთს ითამაშებდა, რომ ჩვენც ვირწმუნეთ.

ახლა კონდრატიევის გაცემული ავანსები ისევ მის წინააღმდეგ მუშაობს. აბა, სად არის დაპირებული ფეხბურთი? რა თქმა უნდა, ესპანეთის მსგავს თამაშს არც ველოდით, ამის რესურსი არ გვქონია, მაგრამ უახლოესი ამოცანა საქართველოსთან მოგებაა...

თავიდანვე განვეწყოთ, რომ მძიმე მატჩი გველის, რომელშიც ძალიან, ძალიან გვჭირდება მოგება.

წარუმატებელი სერია გაიწელა, რევანშიც აუცილებელია... ვის უნდა მოვუგოთ, თუ არა სახლში ქართველებს? მერე უკვე შემტევ ფეხბურთზეც ვილაპარაკოთ.

საერთოდაც, გაუგებარია, ამ ციკლში რისი იმედი გვაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში და ნებისმიერ ციკლში საქართველოს შინ უნდა მოვუგოთ.

16 ოქტომბერს გამარჯვება მნიშვნელოვანი იქნება საიმისოდ, რომ ნაკრებში კონდრატიევის მუშაობას აზრი შერჩეს.

სხვაგვარად, ასეთ ნეგატიური ფონიდან თავის დაღწევა ნებისმიერ მწვრთნელს გაუჭირდება".

ამ ტონს ბელორუსთა ნაკრების ნახევარმცველი სერგეი კისლიაკიც იზიარებს:

"ესპანელებთან ოსტატობა არ გვეყო. ახლა ვალდებულები ვართ, გავიდეთ მოედანზე და ქართველებს მოვუგოთ. ეს აუცილებლად უნდა შევძლოთ. არც ვიცი, საქართველოს თუ ვერ მოვუგეთ, საერთოდ, ვისთან უნდა გავიმარჯვოთ?"

შეგახსენებთ, რომ თბილისურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ბელორუსი 1:0 დაამარცხა.

ეს ძალიან მწარედ ახსოვს კონდრატიევს, რომელიც თბილისშიც სამ ქულას გეგმავდა, ესპანეთთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კი დაგვემუქრა და საკმაოდ უცნაური განცხადებები გააკეთა:

"ესპანელებმა ჩვენ მოგების ყველანაირი შანსი მოგვისპეს. თამაშის წინ ჩემს ფეხბურთელებს დაცვაში "ჩაჯდომა" დავუშალე და დავავალე, რომ მრისხანე მეტოქისთვის საკუთარი თამაში თავზე მოგვეხვია! თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, ესპანელებმა ამის უფლება არ მო
გვცეს. მაგრამ მათთან დიდი ანგარიშით წაგება კატასტროფა არ არის და ფსიქოლოგიური დარტყმა არ უნდა მივიღოთ, რადგან 16 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებთან მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა ვითამაშოთ.

ქართველებს შემტევ ფეხბურთს დავუპირისპირებთ და გულშემატკივარს ლამაზი გამარჯვებით გავახარებთ".


ერთი საინტერესო დეტალიც, რაც ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელებს დააინტერესებთ: ესპანელთა გატანილი ოთხი გოლიდან სამი (?!) ცენტრალური მცველის, იგორ შიტოვის სინდისზეა.

26 წლის ფეხბურთელი მოსკოვის "დინამოს" წევრია, მაგრამ წლეულს რუსეთის პრემიერლიგაში აღზევებულ სარანსკის "მორდოვიაში" იჯარით გაუშვეს და იქაც იშვიათად ათამაშებენ.

ბელორუსულ მედიას თუ დავუჯერებთ, შიტოვი ნაკრების და მთელი ქვეყნის საფეხბურთო სამყაროს ყველაზე წინააღმდეგობრივი ფიგურაა.

საქმე ისაა, რომ მან "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე კონდრატიევი ლონდონის ოლიმპიადაზე ნატურალიზებული ბრაზილიელის, ბრესანის წაყვანის გამო გააკრიტიკა და ეს ადგილობრივ მოთამაშეთა დაჩაგვრად და აღმაშფოთებელ საქციელად მონათლა.

მისმა ხისტმა პოზიციამ ბელორუსში სკანდალი გამოიწვია. ახლა იქაური მედია მარჩიელობს, ნაკრებში ამ ორი მოთამაშის ერთად ყოფნა გუნდში მიკროკლიმატს ხომ არ გააფუჭებს?

მათ არ მოიწონეს კონდრატიევის ეს ნაბიჯიც: ნაკრების დამრიგებელმა გუნდში დაბრუნებულ ალექსანდრე გლებს 10-ნომრიანი მაისურა ჩააცვა, რომელიც მანამდე ბრესანს მოარგო.

ფეხბურთში ჩახედული ადამიანი კარგად მიხვდება, პრესტიჟული ნომრის ჩამორთმევა ფეხბურთელზე რა დამთრგუნველად მოქმედებს.

მოკლედ, საქართველოს ნაკრები მინსკში ძალიან ცუდ დროს ჩავიდა. "გულშემატკივარს ლამაზი გამარჯვებით გავახარებთო", - ამბობს უზომოდ თავდაჯერებული, ან ვა-ბანკზე წამსვლელი კონდრატიევი და გამარჯვებაში ეჭვიც არ ეპარება.

ამ ყველაფერს შეგნებულად ვწერთ, რადგან ჩვენი ნაკრების წევრებმა უნდა იცოდნენ, რომ ბელორუსები დაბალ ღობედ მიგვიჩნევენ...

გიორგი კონდრატიევი: საქართველოს მოვუგებთ! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჰელსინკიდან მინსკამდე - საქართველოს ნაკრები გზაში გაწვალდა
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ისე ვინც გვებლატავა და სამი ქულა ჯიბეში ეგონა ნაადრევათ, არავის არ გაუმართლდა პროგნოზი და რაგაც მეეჭვება ამათ გაუმართლდეთ
ილია
14:07 15-10-2012
0
უნდა მოვიგოთ, და ვიტყვი რატომ ბელორუსები არეულები არიან თან წნეხის ქვეშ რაც ზოგადად ცუდად მოქმედებს გუნდზე, ამას გარდა მთავარია თავიდან არ გაუშვად გოლი ერთი თუ გაუტანეთ ბრიჯივით აიჭრებიან.. აი ნახავთ თუ 2 იანი არ ამოვაგდოთ მაგრად მჯერა:)
messi001
22:06 15-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული