ბელორუსებმა ამოისუნთქეს: ქართველებს მაინც მოვუგეთ!

AutoSharing Option
მსოფლიო-2014-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ ბელორუსმა ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს და ყველა კმაყოფილი ჩანდა, რომ ქართველებს მაინც მოუგეს.

განსაკუთრებით გულისმომკვლელი სწორედ ქართველების ამ "ც"-თი მოხსენიება არის, რომლის იქითაც არარაობაა.

მანამდე ვიტყვით, რომ ესპანეთთან 0:4 წაგების შემდეგ გეორგი კონდრატიევის გუნდი ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გააკრიტიკა:

"ესპანეთთან ხალხი სტადიონზე მისვლას არ აპირებდა და ვიფიქრე, ჯანდაბას, ადმინისტრაციულ რესურსს გამოვიყენებ და სტადიონს მაინც შევავსებ-მეთქი. და რა? ერის ასეთი სირცხვილი არასოდეს მინახავს.

ფეხბურთელებმა "ჩაისვარეს", მოედანზე ხელ-ფეხი უკანკალებდათ. არადა, 40 ათასი ადამიანი შეიკრიბა.

ჩვენგან განსხვავებით,
საქართველომ ესპანეთთან ბოლო წუთამდე იბრძოლა. ახლა ფეხბურთელებს მოკითხვა გადაეცით, ქართველებთან ხალხის მობილიზებას არ ვაპირებ".

საქართველოსთან მატჩის შემდგომ კომენტარებში ლუკაშენკოს განრისხებაზე ლამის ყველა ბელორუს მოთამაშეს ჰკითხეს, მაგრამ "ბატკოზე" აუგს ვინ იტყოდა?

სტანისლავ დრაგუნი:"ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებები სრულიად განსხვავებული დონის გუნდებია.

დღეს თამაში გაცილებით გაგვიადვილდა, ეპიზოდებში კი ბურთს ძალიან კარგად ვაკონტროლებდით. პირველი სამი ქულა დავაგროვეთ და მესამე ადგილს მივუახლოვდით.

2012 წელს ყველაფერი ისე არ გამოგვივიდა, როგორც გვსურდა, მაგრამ ქართველებთან შეხვედრამ სასიამოვნო გრძნობები დაგვიტოვა და წელი ნორმალურად დავასრულეთ.

სხვათა შორის, იგრძნობოდა, რომ ესპანეთთან ხალხი არა ჩვენი, არამედ მსოფლიოს ჩემპიონის სანახავად მოვიდა. ახლა კი მაგრად გაგვამხნევეს... პრეზიდენტ ლუკაშენკოს კრიტიკაზე მსმენია, მაგრამ არაფერს ვიტყვი".


იან ტიგორევი: "პირველ ნახევარში ბურთს კარგად ვაკონტროლებდით და ორბურთიანი უპირატესობით რომ დავწინაურდით, მერე უკვე ანგარიშის შენარჩუნებას ვცდილობდით - ამიტომაც დავთმეთ უპირატესობა.

ყველას გვესმოდა, დღეს ქართველებს თუ ვერ მოვუგებდით, ამას ცუდი რეზონანსი მოჰყვებოდა და მდგომარეობის გამოსწორება ძალიან გაგვიჭირდებოდა. თუმცა, კონდრატიევს დამატებითი წნეხის მცდელობა არ ჰქონია, მატჩის მნიშვნელობა ისედაც კარგად გვესმოდა.

ახლა უფრო საწყენია, საქართველოში სამი ქულა რომ დავკარგეთ. საფრანგეთ-ესპანეთთან კი ისე ვითამაშეთ, როგორი "კარტიც მოგვივიდოდა". სამწუხაროდ, მათ ვერაფერი დავუპირისპირეთ".


ეგორ ფილიპენკო: "კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. ცხადია, დავალებები განსხვავდებოდა იმისგან, რაც ესპანეთთან გვქონდა.

დღეს შემტევი შემადგენლობა გვყავდა და მხოლოდ და მხოლოდ მოგებაზე ვითამაშეთ. შესვენების შემდეგ მწვრთნელმა თამაში ორი საყრდენით გაგვაგრძელებინა და ვცდილობდით, ბურთი არ გაგვეშვა.

მე ასე ვიტყოდი, რომ ეს მოგება იყო თაფლის წვეთი შხამის კასრში და იმედია, ჩვენი ვიღაცამ მაინც დაიჯერა...

დიახ, მეც გავიგე, რომ ლუკაშენკომ გაგვაკრიტიკა, მაგრამ მისი სიტყვების კომენტირებას არ ვაპირებ".


დმიტრი ვერხოვცევი: "ჩვენთვის ძალიან სახიფათო გამოდგა პირველი ტაიმის დასასრული. ქართველებმა სტანდარტები რამდენჯერმე სახიფათოდ შეასრულეს, რაც ეხერხებათ კიდეც, მაგრამ კაპიტანმა სერგეი ვერემკომაც გადაგვარჩინა. ვფიქრობ, შედეგი ლოგიკურია".

"ბატეს" შემტევმა ნახევარმცველმა რენან ბრესანმა კარიერაში პირველი გოლი სწორედ საქართველოს ნაკრებთან გაიტანა და გუნდის მთავარ მწვრთნელს, გეორგი კონდრატიევს მიუძღვნა, რომელმაც ნატურალიზებულ ბრაზილიელს ქვეყნის ეროვნულ გუნდში გამოსვლის შანსი მისცა:

"მატჩამდე დიდ განცდებში ვიყავით, რადგან ჩვენზე დიდი ზეწოლა იყო და ვიცოდით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოგვეგო.

რა თქმა უნდა, ასეთმა გარემომ ჩვენზე იმოქმედა. მადლობა ღმერთს, ყველაფერი გამოგვივიდა. მომენტები მეორე ტაიმშიც გვქონდა და ორჯერ როდიონოვს ანგარიშის გაზრდა შეეძლო, მაგრამ ვერ მოახერხა.

ისე, ძალიან რომ დაგვჭირვებოდა, როდიონოვი გაიტანდა. მსურს მადლობა გადავუხადო კონდრატიევს.

მიმაჩნია, რომ ის კარგი მწვრთნელია. გოლს მას არა მხოლოდ იმიტომ ვუძღვნი, რომ მენდობა და მათამაშებს, არამედ იმიტომაც, რომ ბოლო პერიოდში მასზეც დიდი ზეწოლა იყო და ბევრი ცუდიც დაუწერეს".


ვიტალი როდიონოვი: "ესპანეთთან წაგების შემდეგ ეს გამარჯვება ჰაერივით გვესაჭიროებოდა. მიხარია, შედეგს რომ მივაღწიეთ".

გეორგი კონდრატიევი: "ბიჭების მონდომება და გამარჯვებისადმი სწრაფვა მომეწონა. სათამაშო სქემაზე ბევრი ვიფიქრეთ და ბოლოს გადავწყვიტე, რომ ყველა შემტევი ლიდერი უნდა დამეყენებინა.

რაც შეეხება მატჩის ბოლოს მომხდარ უსიამოვნებას: როდესაც იგებ, ემოციებს გასაქანი არ უნდა მისცე. იქონია თუ არა გავლენა პრეზიდენტის კრიტიკამ და მქონდა თუ არა გადაყენების შიში? ამ თემაზე არაფერი წამიკითხავს.

მხოლოდ ის ვიცი, რომ გამაკრიტიკეს. ჩვენ უჩვეულო მოტივაციით ვითამაშეთ და აუცილებლად უნდა მოგვეგო.

რაც შეეხება გადაყენებას, მწვრთნელი ამისთვის ყოველთვის მზად უნდა იყოს. მეტყვიან, თავისუფალი ხარო და მშვიდად წავალ, ისტერიკები რა საჭიროა?"


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ეროვნული ნაკრები - ალთა-ბალთა, ანუ დეველოპერული კომპანია
ბელორუსი-საქართველო 2:0 - საქმე, რომელსაც მილიონები არ შველის [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
ხიზანას თავი დაანებეთ,თვდასხმას შეეგდოსამი ბურთი,ამ დაცვას რა ექნა თუ თითქმის მთელი თამაში მეტოქის უპირატესობით მიმდინარეობდა.დვალმა რა დაუშავა ქეცბას რომ არ ატამაშებს?
gorgios
15:20 18-10-2012
0
კიტრების ბანდა!!! საქართველომ 1 ნოლი წააგო ესპანეთთან ამ უბედურებმა 4 ნოლი...
თან უმადურებიც არიან! არანაირი მადლიერება ქეცბაიასი და ხიზანიშვილის მიმართ.
გააქტიურდით სპორტულო ჟურნალისტებო და სააშკარაოზე გამოიტანეთ სპორტის ამ სფეროში მიმდინარე პროცესები....
gabriel
14:44 18-10-2012
0

სიახლეები პოპულარული